რა სასიამოვნო მომენტია, ეროვნული გუნდის თამაშს ღირსების შეგრძნებით და უცილობელი გამარჯვების მოლოდინით როცა ხვდები. ერთადერთი საფიქრალი ისღაა, რაოდენ თვალსასეირო აღმოჩნდება შენი ყოჩების ბურთაობა.

თვალსასეირო გამოდგა და მერე როგორი?! ქუთაისი მზიანი ამინდით, თითქმის იდეალური მოედნით და გადაჭედილი ტრიბუნებით დაუხვდა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს. ბელგიელები გრანდთა სწორნი არასოდეს ყოფილან, მაგრამ ფრანგული სარაგბო სკოლის მიმდევრებს ვერც საბაზო განათლებას და ვერც ჯიგარს დავუკარგავთ. ეს განსაკუთრებით ფასეულია, ჩვენი გუნდის შორსმიმავალი გეგმის ჭრილში: უმთავრესი მიზანი „ექვსი ერიდან“ იტალიის ჩამოლაბორანტება და ქართველთა სამწვრთნელო შტაბიც აპენინელთა კოზირებში – ხელდახელ გაშლილ თამაშსა და მუდმივად მაღალი ტემპის შენარჩუნებაში გეშავს შეგირდებს.

ყველაფერი იყო: ტემპიც, გაშლილი შეტევებიც, ახალი ჩანაფიქრ-მონახაზებიც, უახლოესი რეზერვის გამოცდაც და ალაგ-ალაგ წუნიც, რომელიც (თუ ბელგიელები არ გვიწყენენ) ამ კალიბრის გუნდებთან დასაშვებია.

თავად თამაშის დეტალები? მსურველმა თავად ნახა და ვინც ვერა, სიტყვის მარაგი მაინც არ მეყოფა თუნდაც მეორე ტაიმის დასაწყისში „დერეფნიდან“ დაწყებული შეტევის აღსაწერად, რაგბის ვიდეოსახელმძღვანელოებში შეტანას რომ იმსახურებს.

რაგბი ჩვენი თამაშია! ეს ის სპორტია, ერთის შეცდომას თოთხმეტის ჯაფის წყალში ჩაყრა რომ შეუძლია და ჩვენ ხომ მაშინ გამოგვდის, როცა ერთი ყველასათვის…

კარგია, რომ წინ გერმანიაა – კიდევ ერთი მეტოქე, რომელთანაც თამაშის დახვეწაზე და რეზერვის გამოცდაზე შეიძლება ფიქრი. მერე ცოტა უფრო სერიოზული მეტოქეებიც გვეყოლება. ჩვენს საექვსერო ამბიციას ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედ დააკვდება. რაგბის მამებო, როდემდე და რაღა უნდა გიმტკიცოთ? რატომ აზიზღებთ ბელგიას, რუსეთს, ესპანეთს, გერმანიას, პორტუგალიას და ლამის უკვე რუმინეთსაც ჩვენთან უაზრო ჭიდილს?

მადლობა საქართველოს ნაკრებს! უახლოეს შეხვედრამდე ევროელიტაში.