2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა: ზარით და ზეიმით, დაფებით და დაფდაფებით, რიხით და ფახით, დრონებით და 5G-ტექნოლოგიებით – შოუ იყო, შოუს უნახავს გაგხდიდათ. ფიგურული ციგურაობის მომხიბლავმა ვარსკვლავმა იუნა კიმმა ოლიმპიური ცეცხლი დააბინავა და ერთი სიტყვით, დაიწყო

მაგრამ პიონგჩანგის თავზე ღრუბლებიც მოჩანს. რუსთა მოკვეთით ზამთრის ოლიმპიურმა თამაშებმა ერთგვარად ფერი დაკარგა, რადგან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ზამთრის სპორტის უმრავლეს სახეობებში თუ ჩემპიონებს არა, პრეტენდენტებს კი მუდამ წარმოადგენდნენ. სურათი მთლად ჩაამუქა კინკლაობამ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტის საერთაშორისო არბიტრაჟს შორის და აღარ იცი, რა იფიქრო, რუსთა მოკვეთით სამართალმა იზეიმა თუ პოლიტიკამ სპორტი გადასძალა. ეთერში ლივლივებს კითხვები: მარტო რუსები? ნაგვიანევად სიმართლე რომც დაუმტკიცდეთ, მოკვეთილ სპორტსმენებს ჩავლილ ოლიმპიადას ვინ დაუბრუნებს? ყოველ შემთხვევაში, როგორც ფეისბუქის საუკუნეში იტყვიან: -1.

სხვაფრივ კი ზამთრის სპორტის მთელი ელიტა პიონგჩანგშია, ვინ საასპარეზოდ, ვინ – საქომაგოდ. მაგალითად, თუმც “სარბიელი” უკვე წერდა, რომ ოლიმპიური ლიცენზიის გარეშე დარჩენილი ბითლონისტი ოლე-ეინარ ბიორნდალენი, პიონჩანგში თხილამურებზე ვეღარ შედგება და შაშხანას ვერ დაცლისო, მაგრამ კორეის მთებში იგი მაინც ავიდა, ბელარუსის ოლიმპიური ნაკრების ოფიციალური კონსულტანტის სტატუსით. საიდან სადაო და ნორვეგიელი ტოპ-ვეტერანის მეუღლე და კოლეგა დარია დომრაჩოვა ბელარუსი გახლავთ და სახელოვანი მეუღლის მხარდაჭერა, ვინ იცის, როგორ წაადგეს.

სახელოვანი მეუღლით ზურგგამაგრებული დარია დომრაჩოვა კორეაში მეტი მონდომებით ისრიალებს და ისვრის

სხვებიც, ზამთრის სპორტის 15 სახეობის მიმდევრები მსოფლიოს ყველა, მათ შორის თოვლის არასდროს მნახველი ქვეყნებიდან, უკვე ფიონგჩანგში არიან და ორიოდე სახეობაში წინასწარი ტურების ჩატარებაც მოასწრეს. ტონგელი პიტა ტაუფატოფუა ხელობით ტაეკვანდოს ოსტატი გახლავთ, თოვლი პირველად ორი წლის წინ ავსტრალიაში უხილავს და იგი იქნება ფიონგჩანგში ტონგას მებაირაღე და მთელი ნაკრებიც.

პიტა ტაუფატოფუა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე

ძვირფასი ოლიმპიური მედლები გათამაშდება შემდეგ სახეობებში: შაიბიანი ჰოკეი, ბიათლონი, სამთოხილამურობა, თხილამურობა, სათხილამურო ორჭიდი, ფრისტაილი, ბობსლეი, ციგაობა, სკელეტონი, სნოუბორდი, ტრამპლინიდან ხტომა, ციგურაობა, შორტ-ტრეკი, ფიგურული ციგურაობა და ქერლინგი. საქართველოს სახელით ოთხი სპორტსმენი გამოვა: სამთოთხილამურობაში იასონ აბრამაშვილს და ნინო წიკლაურს ვუქომაგებთ, ციგაობაში გიორგი სოღოიანის იმედი გვექნება, ხოლო ფიგურულ ციგურაობაში წარმატებას მორის ყვითელაშვილს ვუსურვებთ.

წილი
წინა სტატიაკვერცხები
შემდეგი სტატიაქართველებო შემოგვთავაზეთ სიურპრიზი, თქვენ ეს შეგიძლიათ!
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია