ჯორჯო კიელინი იტალიური საფეხბურთო ტრადიციის ნაღდი წარმომადგენელია. უკომპრომისო მცველი ქუჩის ბიჭის მენტალიტეტით.

მას ოთხჯერ ჰქონდა გატეხილი ცხვირი. გატანილ გოლს კინგ კონგის მსგავსად მკერდზე მუშტების ბრაგუნით აღნიშნავს, ხოლო როცა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაელმა ლუის სუარესმა მხარზე უკბინა, გაიძახოდა: არანაირი პრობლემა, არანაირი პრობლემაო.

თავად ცხვირის ოთხჯერ გატეხვის ამბავზე ხალისობს და ამბობს: როცა გატანის ან თავდამსხმელის შეჩერების შანსი მეძლევა, საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებო.

მოკლედ ჯიგრიანი ფეხბურთელია და ადამიანიც ასეთივეა. როცა ხუან მატამ მსოფლიო ფეხბურთელებს მოუწოდა ქველმოქმედებაში აქტიურად ჩაბმულიყვნენ, ერთ-ერთი პირველი კიელინი გამოეხმაურა.თავის მშობლიურ ქალაქ ლივორნოში კი უკვე წლებია თეატრალურ კომპანიას ეხმარება, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები დგამენ სპექტაკლებს.

ის ერთ-ერთი საქველმოქმედო ფირმის თანადამფუძნებელიაცაა, რომელიც ასევე შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს აკაჟებს. ყველაფერი ერთი ინიციატივით დაიწყო, ახლა კი 15 ასეთი ცენტრია.

კიელინი აგრძელებს: „მატას ინტერვიუ წავიკითხე და შევამჩნიე, რომ მატს ჰუმელსი გამოეხმაურა. მათ ვებ-საიტს მივწერე, მეც დაგეხმარებით მეთქი, მაგრამ ჯერ ვიღაც ცნობისმოყვარე 15 წლის ბიჭი ვეგონე. ბევრი ცდა დამჭირდა სანამ დავუმტკიცებდი, მართლა კიელინი ვარ – მეთქი.

არ ვიცი,შევძლებ თუ არა რაღაცის შეცვლას, უბრალოდ,ბავშვების ღიმილიანი სახეების ცქერა მსურს. სიტყვებით ვერ აღგიწერთ რას ვგრძნობ ამ დროს. ჩვენი, ცნობილი ადამიანების როლი მათ განვითარებაში დიდია. ისინი ყველაფერში გვბაძავენ. ბევრი ბავშვი მინახავს, რომლესაც დაბადებიდან აქვს სხვა და სხვა პრობლემა. მინდა მათ მივცე შანსი, თავადვე დაალაგონ საკუთარი ცხოვრება.

მატა სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობდა – თანამედროვე ფეხბურთში არსებულ ძალიან დიდ ფულსა და „იდიოტურად გაზრდილ“ ხელფასებზე.

სხვათაშორის, კიელინის ეკონომიკის დარგში ბაკალავრის ხარისხი აქვს. ამბობს, რომ მისი განსწავლულობა ძირითადად მენეჯმენტის სფეროს ეხება.

„უხერხულობა – არსწორი სიტყვაა სიმდიდრის დასახასიათებლად, – ამბობს კიელინი, – მართალია თავს არ ვზოგავ მინდორზე, მაგრამ ხშირად არ  ვფიქრობ ამდენს რატომ მიხდიან. თუმცა  იმასაც ვხვდები რომ გამიმართლა, ამიტომ  მდგომარეობა უნდა გამოვიყენო და დავეხმარო მათ, ვისაც ნაკლებად გაუმართლა ცხოვრებაში.

მარტო ფულზეც არ არის საქმე. ეს შეიძლება იყოს მცირე ვიდეო, გზავნილი, უბრალოდ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ვზრუნავთ მათზე. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ. მინახავს აფრიკისა და ბრაზილიის საშინელი ადგილები. ტაილანდში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვცხოვრობდი. მაგრამ გახვიდოდი მეორე ქუჩაზე და ძალიან ღარიბ ხალხს ნახავდით, ადამიანებს ქუჩაში ეძინათ. ბაზარში დაძენძილ ტომრებში გახვეულიყვნენ. სარეცხს მყრალ მდინარეში რეცხავდნენ.

ჩვენს მოძრაობაში ჯერჯერობით ერთადერთი იტალიელი ვარ, მაგრამ მწამს მომავალში სულ უფრო მეტი ხალხი შემოგვიერთდება.

ბავშვობაში ჩემს ასაკობრივ ჯგუფში არაფრით გამოვირჩეოდი. პირიქით, რაღაც მახინჯი იხვის ჭუკივით ვიყავი. გარეგნობის გამო, მაგრამ ბევრს ვცდილობდი, ყოველდღე უკეთესობისკენ ვისწრაფვოდი. ეს ჩემი მთავარი თვისებაა. ახლა 33 წლის ვარ და საუკეთესო სეზონს ვატარებ. საიდუმლო? ჟინი და მუშაობა.

ჟინი ვახსენეთ და კიელინის ოდინდელი მწვრთნელი ანტონიო კონტე გაგვახსენდა, რომელსაც „ჩელსიდან“დღე-დღეზე დათხოვნა ელოდება.

„იტალიური ჟინი, – აგრძელებს კიელინი, – არა მხოლოდ მატჩის დროს, არამედ მთელი დღის განმავლობაში, ვარჯიშებზე ის პოლიციის სერჟანტს ჰგავდა. მასთან სხვაგვარად ვგრძნობდით თავს. ასე იყო სამი წლის განმავლობაში „იუვენტუსში“ და ორიც – ნაკრებში.

როცა ვარჯიში მთავრდება მკვდარი ხართ. დიახ, დაღლილი კი არა – მკვდარი. ამ ყველაფერს იმიტომ უძლებ, რომ გჯერა მისი. შარშანწინ ევროპის ჩემპიონატის დროს საფრანგეთში 40 დღე გავატარეთ და ეს სხვა სამყაროში გასვლას ჰგავდა. 100 პროცენტით მასთან ვიყავით. ისეთ ატმოსფეროს ქმნის, რომ ყველა ერთმანეთს გადასცემს ენერგიას. ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში.“

იტალიიდან მისი წასვლის შემდეგ ეროვნული ნაკრები საშინელ დღეში ჩავარდა და კიელინი იმ გუნდის წევრიც იყო, რომელმაც მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა.

კიელინი: „გულახდილად, ეს ხანჯალივით იქნება მუცელში. ცუდი თვე. ვნახავ ბრძოლებს და დავითვლი ქულებს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის საცქერლად ტელევიზორთან ვერაფრით დავჯდები.“

და კიელინი თანამემამულეებს ფესვებთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს. „გვარდიოლამ დაგვღუპა. მართალია ის ფანტასტიკური სპეციალისტია, განსაკუთრებული აზროვნებით, მაგრამ ჩვენებმა ბრმად მიბაძეს მას და ბოლო 10 წლის განმავლობაში თვითმყოფადობა დავკარგეთ. აბა,ვნახოთ, რამდენი მცველი გავზარდეთ ბოლო წლებში? ალბათ, მხოლოდ ბონუჩი. ვიმედოვნებ,დავფიქრდებით და თავიდან დავიწყებთ იტალიური ფეხბურთის შენებას, თორემ რა დღეშიც ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლამ დაადასტურა.

სამაგიეროდ, „იუვენტუსი“ კვლავ რჩება იტალიური ფეხბურთის სიმბოლოდ. მასიმილიანო ალეგრის ბიჭები ბოლო სამი წლის განმავლობაში ორჯერ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ზედიზედ მეშვიდე ტიტულისთვის იბრძვიან შინაურ ჩემპიონატში. კიელინი კი  კვლავ რჩება ამ დიდებული  გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად.

 

წილი
წინა სტატიაასეთი დამამახსოვრდა
შემდეგი სტატიავინ ჩააწყო ლევანტე – სარაგოსა?
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.