გამოტყდით, რომ ამ არეულ დროში ჰოკეი კიდეც მიგავიწყდათ.
არადა, ჰოკეი დიდი რამ გახლდათ, ჩემმა მზემ. მსოფლიოში ყველაზე სწრაფ გუნდურ თამაშს ამ ჩვენს ქალაქშიც გვარიანი ოდენობის მოყვარული ჰყავდა.
მერე მოხდა გასროლ-გამოსროლანი და გულთახეთქვანი და ჰოკეიც გაქრა. მისი ადგილი ტელეეკრანზე დაიკარგა, მისი ადგილი გულში თითქოს გაიცრიცა და დაიმალა.
და ახლა, ძმებო, როცა ნჰლ-ის თამაშების ყურება ჰამბურგერის გაღეჭვაზე იოლი გახდა, ჯიგრიანი საერთაშორისო ჰოკეი, რაც უპირველესად რუსთა და კანადელთა „ჯახს“ გულისხმობს, აღარც არსებობდა.
და ჰა, ძველი ჰოკეი დაბრუნდა – ზუსტად ერთი კვირის წინ.
რუსეთი – კანადის ნახევარფინალი ისეთი იყო, რომ კაცს ოდინდელ ბატალიებს გაახსენებდა და დავიწყებულ ჰოკეურ მუღამს გაუღვიძებდა.
პირდაპირ გეტყვით, რომ ამ გემრიელ თამაშთან მიმართებაში საკმაოდ მძიმე ბავშვობა მქონდა, ვაკის ერთ-ერთ სკოლაში მხოლოდ მე „ვბალეშჩიკობდი“ კანადას (თუ არ ჩავთვლით გურამას, რომელიც ჰოკეიში დიდად ვერ ერკვეოდა, მაგრამ იმავე კანადელებს დიდად აქებდა). კლასელთაგან არაერთი რჩევა მსმენია: ესესერს „უბალეშჩიკე“, ამდენი საკამათო და საჩხუბარი აღარ გვექნება, შენც დაისვენებ და ჩვენცო.
კანადის ქომაგისათვისთვის მართლაც მძიმე დრო იყო – ეს 0:6, ის 1:8-ო. სულ დევგმირებს ამარცხებდნენ რუსი ვარსკვლავები.
ახლა მსოფლიო ჩემპიონატები? რუსი მუდმივი ჩემპიონი იყო. კანადას ნჰლ-ის ფლეი-ოფში ვერმოხვედრილი ხუთი გუნდიდან მოკრებილი მოხალისენი ჰყავდა.
ფილადელფიელი ბილ ბარბერი ორი სეზონი ყვანჯების მოხრის კუთხეს უმოწმებდა რუსებს, მაგრამ საქმეს ესეც ვერ შველოდა.
მერე იყო ზღაპრული კანადის თასები და პერესტროიკაც დაიწყო.
აი, ამ დროიდან გავიმართენით წელში კანადელთა ქომაგნი. რუსთა ნაკრებმა თავისი „ცეესკურობა“ და ავტომატიკა დაკარგა. ის ეშმაკი ტიხონოვიც დაამხეს.
დღეს ბარე 50 რუსის ჯეილი თამაშობს ნჰლ-ში.
ასე რომ, არცთუ პირველ კანადელებს არათუ პირველ რუსებთან უწევთ თამაში მსოფლიო ჩემპიონატებზე.
მერე რა, რომ ასეა?
იმ პარასკევის ნახევარფინალი უკვდავი ჰოკეი იყო.
თავისი ოვერტაიმთა და ბულიტებით თამაში სამსაათნახევარს გაგრძელდა.
კანადელებმა მოიგეს და როგორც იმ ძველ და ლამაზ დროში, ისე ვქომაგობდი და ისე გამეხარდა.
მართლაც ძაან ბიჭები არიან, ნარჩევი მებრძოლები – ეს პოლ კარიაო, ის იანიკ პეროო (ეს პეროთა გვარი განთქმულია კანადის ჰოკეიში. 70-იან წლებში ბუფალოელმა „ხმალმა“ ჟილ პერომ დიდად აწვალა რუსული კლუბები), ბებერი ფერაროო, თომასიო და სხვები.
ამ ჟინიანმა ბიჭებმა სუფთად კანადურად მოიგეს.
რუსმა კი, ნჰლ-ში განსწავლულმა და იქაურ სულს ნაზიარებმა, დიახაც, იმათებურად ითამაშა და არც რუსი გამოვიდა, აღარც კანადელი.
მერე რა, რომ კანადამ ფინალი წააგო ვერაგ ჩეხთან, რუსმა კი ამერიკელთან დათმო მესამე ადგილი. მერე რა, რომ ესენიც საუცხოო თამაშები იყო.
მთავარი შეხვედრა, მთავარი სპორტული ომი კანადა – რუსეთის ნახევარფინალი იყო და სანამ ჰოკეი არსებობს, ასე იქნება.
მე კანადის მხარეს დავიჭერ, თქვენ, როგორც გინდათ, ისე ჰქმენით.
სექტემბერში მსოფლიოს (ყოფილი კანადის) თასია. აბა ის გამოვა, თუ გამოვა.
დაუბრუნდით ჰოკეის!
10.05.1996