ორშაბათი, 19 იანვარი, სტამბოლის აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი.

საქართველოს დელეგაცია ბრიუსელიდან ბრუნდება. აქ, ყოფილ კონსტანტინეპოლში თვითმფრინავს ვიცვლით – თბილისისკენ მიმავალ მგზავრებს ორ საათში მიგვიწვევენ ჩასასხდომად, მანამდე კი დროს ვკლავთ.

ნოდარ ახალკაცს სიარული უჭირს, ხელჯოხს ეყრდნობა, ფეხზე დიდხანს ვერ ძლებს. იგი ბარგთან სკამზე ჩამოჯდა. დანარჩენებმა გავიარ-გამოვიარეთ. ერთი ხნის შემდეგ სკამთან ვბრუნდები. მეც ჩამოვჯექი. მარტონი ვართ, ჩუმად ვსხედვართ. ახალკაცს მოსაუბრე ადამიანად არ ვიცნობ, მეც დაღლილი ვარ და მილეთის ხალხს ვათვალიერებ.

„ერთი ყური დაუგდე, ქართულად ლაპარაკობენ“, – მეუბნება მოულოდნელად.

უცბათ ვერ მივხვდი, ვის გულისხმობდა. შემდეგ უკან გავიხედე, ვიღაც ხანშიშესული კაცები და თავსაბურავიანი ქალები სხედან. სამოსზე ეტყობათ მუსლიმები არიან. ამათზე მეუბნება. ყური დავუგდე. სიტყვები ვერ გავარჩიე. ისე, მელოდიით ჩვენ ენას მართლა ჰგავდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ქართულთან არაფერი ჰქონდა საერთო.

„ინტონაციით კი ჰგავს, მაგრამ“, – ვპასუხობ დაეჭვებული.

„ინტონაციაც ჰგავს და სიტყვებიც ქართულია“, – მეუბნება კატეგორიულად. აი, ეს ნამდვილი ახალკაცია. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა და უცბათ… „საწყალი ჩვენი სამშობლო. ამათ რომ უყურებ, სულ ქართველები არიან. რა დღეში ვართ, ეს რა გვიყვეს“…

არ ვიცი იგრძნო თუ არა, გაოცებულმა შევხედე. შევხედე იმიტომ, რომ ასეთ სევდიან, გადამეტებაში არ ჩამომართვათ და ცრემლნარევ ხმას ყველასგან ველოდი ახალკაცის გარდა.

დათო პეტრიაშვილი მოვიდა, „სპრაიტი“ მოიტანა დიდი ბოთლით. ახალკაცმა გამოართვა და… ვხედავ, ვიღაც თეთრებში გამოწყობილ კაცს აწვდის. კაცს გულზე წითელი ნახევარმთვარე აქვს მიკერებული.

„ბევრნი ხართ აქ ქართველები? მამლუქები ბევრნი ხართ“? – ეკითხება.

“მამლუქი” იღიმება და მადლობთ, „სპრაიტი“ არ მინდაო, ანიშნებს. ისე, ეტყობა რომ უნდა, კიდევ ერთი შეთავაზება და გამოართმევს.

„აიღე და ცოლს დაალევინე“, – ხელით ანიშნებს ახალკაცი.

მოხუცი ბოთლს ართმევს, ცოტას სვამს და დაბრუნებას აპირებს.

„ცოლს დაალევინე, ცოლს“, – ვაკვირდები, გამორიცხულია მისმა „არამ“ ამის „ჰოს“ აჯობოს. ეტყობა ყველასთან ასეა.

„საით მიდიხართ“?

ხელით თვითმფრინავი გამოსახა. არაბეთშიო, უპასუხა მოხუცმა.

„ქართველები ბევრნი ხართ“? – ისევ.

„ბურსა“, – პასუხობს მოხუცი. ეგონა, სად ცხოვრობო, ეკითხებოდნენ.

უეფას პრეზიდენტ ლენარტ იუჰანსონთან ერთად

ახალკაცმა თავი დაუქნია. მოხუცი თავის გზას ეწია. მე გაკვირვებული დავრჩი. მზუნველობა იგრძნობოდა ამაში, იმიტომ, რომ ქართველად ჩათვალა. ვინ იცის, იქნებ იყო კიდეც…

ნოდარ ახალკაცი ამ ამბიდან ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა. იმ თურქმა მოხუცმა არ იცის, ვინ იყო კაცი აეროპორტში, რატომღაც „სპრაიტი“ რომ დაალევინა. ალბათ, აღარც ახსოვს თავისი ხანგრძლივი ცხოვრების წუთიანი ეპიზოდი. მან ისიც არ იცის, რომ ის კაცი ცოცხალი აღარაა.

მაშინ, სტამბოლის აეროპორტში მივხვდი, რომ ახალკაცი…

თავად განსაჯეთ, სიტყვამ ლუი არაგონი მოიტანა. ახალკაცმა არაგონის ორი ნაწარმოები დაასახელა, მომწონსო.

თქვენს სპორტულ სამყაროში ერთადერთი ადამიანი ბრძანდებით, ვისაც ლუი არაგონზე მსჯელობა შეუძლია, – უთხრეს.

შეიცხადა, გაჯავრდა. ეგღა მაკლია მაგაზე დაიწყონ ლაპარაკიო. გავიფიქრე, ხალხი რას არ მისცემდა ქება-დიდებისთვის, ეს ადამიანი კი გაღიზიანდა, ჩემზე გადამეტებული არაფერი თქვანო.

მგონი, არ ვცდები – ნოდარ ახალკაცი რაც იყო, ის იყო. მასზე ლეგენდები არ შეთხზულა, თავად არ აძლევდა მსურველთ ამის საშუალებას. იმარჯვებდა იმიტომ, რომ შეეძლო. შესაძლოა, ვინმე უხეში პასუხით გაენაწყენებინა, მაგრამ ამას რაიმეს დასამტკიცებლად არ აკეთებდა. ხმას არ ამოიღებდა და არა იმიტომ, რომ ამ დუმილით თავის დიდკაცობას ამტკიცებდა, არამედ იმიტომ, რომ დუმილი უნდოდა, მეტი არაფერი. უცბათ თუ დაიწყებდა ლაპარაკს, მოყვებოდა მთისას, ბარისას, იხუმრებდა. მოკლედ, იყო კაცი თავისებური და უთუოდ ძლიერი. ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება დატოვა.

იმ დილით, გენტში, სასტუმროში გამოგვიარა ჟურნალისტებს და ბრიუსელის აეროპორტში წაგვიყვანა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია, ფაქტია ბრიუსელში მის გარეშეც ჩავიდოდით, მაგრამ მგონი, რომ არ გამოევლო, ნოდარ ახალკაცი არ იქნებოდა. გამოგვიარა და ხმა არ ამოუღია.

ბრიუსელის აეროპორტში გრძელი დერეფანია, ალბათ, კილომეტრზე მეტი. მოძრავი ესკალატორი შიგადაშიგ წყდება, მგზავრები თავიანთ ჭიშკრებთან რომ ჩავიდნენ. ჭიშკრებთან თვითმფრინავებია მიყენებული, შენობიდან პირდაპირ ლაინერში შედიხარ. ჩვენი თვითმფრინავი დერეფნის ბოლოს იდგა. შედგები ესკალატორზე, გასრიალდები ორმოცდაათ მეტრს, ჩამოხვალ, ფეხით გაივლი ხუთ-ათ მეტრს და ისევ ესკალატორზე შედგები. ახალკაცს სიარული უჭირდა. დერეფანში მარტო მე და ის მივდიოდით, სხვები ჩამოგვრჩნენ. გაფრენამდე წუთები იყო დარჩენილი. მივდივართ ნელა, ესკალატორის სისწრაფით. ცხადია ჩუმად. ვცდილობ ისე ვიდგე, ესკალატორიდან ჩასვლა-შედგომისას თუ საჭირო გახდა, ხელი შევაშველო. თან, არ მინდა, ეს ვაგრძნობინო. იგრძნო. ხმა არ ამოუღია. არც მე.

ასე მგონია ნოდარ ახალკაცი სიკვდილს ლოგინში ვერ დაელოდებოდა. ალბათ, კარგად იცოდა რაც ელოდა, მაგრამ ასეთი იყო.

ვფიქრობდი, როგორც ჟურნალისტი, წესით მომენტით უნდა ვსარგებლობდე, უნდა ვცდილობდე ინტერვიუ ჩამოვართვა-მეთქი, მაგრამ გული ჩუმად ყოფნას და დაკვირვებას მკარნახობდა. რაც შევნიშნე, ეს იყო. მეტის გახსენება აღარაა საჭირო. ჩემზე უკეთ ის იტყვის, ვინც წლების განმავლობაში იცნობდა.

მოგონება მოგონებას ხელს არ შეუშლის.

არც ამ წერილს აქვს ჩანახატზე მეტის პრეტენზია.

31. 01.1998

წილი
წინა სტატიაGo, CANADA, Go!
შემდეგი სტატიაიხვის ჭუკი ლივორნოდან
ილია ბაბუნაშვილი
ილია ბაბუნაშვილი ჩვენი ამქრის ჯონ ლენონია. წარმოიდგინეთ, ჰოროსკოპიც დიადი ინგლისელი მუსიკოსის იდენტური აქვს, თუმც რატომღაც თავად გულზე არ ეხატება, მიედ-მოედებაო. განსაკუთრებით „იმეჯინი“ აღიზიანებს. უპურატესობას რობერტ პლანტსა და როდ სტიუარტს აძლევს. კიდევ, საეჭვოდ ხშირად ახსენებს რუსეთის ხანტი-მანსიისკის ოკრუგის მიყრუებულ სოფელ ხურუმპაულს.