დღეს 60 წელიწადი შესრულდა საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი  ტრაგედიიდან  – „მანჩესტერის“ ავიაკატასტროფიდან. იმ საბედისწერო დღეს, 1958 წლის 6 თებერვალს, თვითმფრინავის ჩამოვარდნამ 23 ადამიანის სიცოცხლე შეწყვიტა, მათ შორის მეტ ბასბის დიდებული გუნდის რვა წევრის.

ამ საშინელებამ ფეხბურთის მოყვარულებს საშუალება მოუსპო „ბასბის ბავშვების“ ჩინებული გუნდის შესაძლო ევროტრიუმფისა. მაშინ ბასბიმ მართლაც მაგარი ახალგაზრდული გუნდი შექმნა, რომელსაც უწოდეს კიდეც  – „ბასბის ბავშვები.“

აქ 60 წლის წინანდელ ამბავს გავიხსენებთ.

 1957 წლის 4 დეკემბერი, ოთხშაბათი

ჩემპიონთა თასის  1957-58 გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი „მანჩესტერიც“ იყო. პირველი ეტაპის საპასუხო მატჩში მათ პრაღაში „დუკლასთან“ 0:1 წააგეს, მაგრამ რადგან პირველ შეხვედრაში 3:0 მოეგოთ შემდგომ ეტაპზე გავიდნენ. ბრიტანეთში ნისლიანობის გამო ჩეხოსლოვაკიიდან ისინი სამშობლოს  ნაცვლად ამსტერდამში გაფრინდნენ, იქიდან ბორანზე გადასხდნენ და ბოლოს მანჩესტერში მატარებლით ჩააღწიეს.

ასეთმა დამღლელმა მგზავრობამ ფეხბურთელებზე იმოქმედა და სამი დღის შემდეგ, ჩემპიონატში „ბირმინგემთან“ ოდენ 3:3-ს დასჯერდნენ და ტიტულისათვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს.

რადგან მანჩესტერელები ევროპული და საშინაო შეჯიბრებების მნიშვნელობას მიხვდნენ, გადაწყვიტეს მომავალი მგზავრობებისთვის სამგზავროდ British European Airways-ის თვითმფრინავი დაექირავებინათ.

1958 წლის 14 იანვარი, სამშაბათი

„ოლდ ტრაფორდზე“ 60 ათასი ადამიანი ადევნებდა თვალს თუ როგორ დაამარცხა „მანჩესტერმა“ იუგოსლავიური „ცრვენა ზვეზდა“ 2:1 მეოთხედფინალის პირველ მატჩში. ბასბის ბიჭებმა პირველებმა გაუშვეს გოლი, მაგრამ მერე ბობი ჩარლტონისა და ედი კოულმენის ზუსტმა დარტყმებმა გამარჯვება ბრიტანელებს მოუტანა, თუმცა ასეთი ანგარიში საპასუხო შეხვედრის წინ  ერთობ სახიფათო იყო.

 1 თებერვალი, შაბათი

„მანჩესტერი“ ზუსტად იმ შემადგენლობით თამაშობს „ჰაიბერიზე“, როგორსაც ბელგრადში გამოიყვანს. 63. 578 ქომაგის თვალწინ სტუმრები შესანისნავ ფეხბურთს აჩვენებენ და 5:4 იმარჯვებენ. გოლები ჩარლტონს, დანკან ედვარდსს, დენის ვაიოლეტსს და ორი ტომ ტეილორს გააქვთ.

3 თებერვალი, ორშაბათი

კლუბის საბჭო ბელგრადში ორი დღით ადრე ჩარტერული რეისით გამგზავრებას გადაწყვეტს. ამინდი ისევ ცუდია. ღრუბლიანობა, ძნელი გარჩევადობა და თოვლია. თვითმფრინავი 1952 წელსაა აგებული და სახელად „ლორდ ბარლი“ ჰქვია. ეკიპაჟის კაპიტანი ჯეიმს ტაინია, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს და სამეფო ავიაციის კაპიტანია,  მისი თანაშემწე კი კენეტ რაიმენტი, ასევე სამეფო ავიაციის კაპიტანი, მეორე მსოფლიოომგამოვლილი კაცია.

5 თებერვალი, ოთხშაბათი

მატჩი დრამატული გამოდგა. ნახევარი საათის თავზე სტუმრები 0:3 იგებდნენ. ანგარიში ვაილოტმა გახსნა, ამას ჩარლტონმა ორიც მიაყოლა და საქმე თითქმის მომთავრებული იყო, თუმცა მეორე ტაიმში იუგოსლავიელებმა იყოჩაღეს და სამი საპასუხო  გაიტანეს – 3:3. თუმცა, ეს იყო და ეს, ჯამში „მანჩესტერმა“ 5:4 გაიმარჯვა და შემდგომ ეტაპზე გავიდა.

თამაშის შემდეგ ბასბის გუნდი ბელგრადში, ბრიტანეთის საელჩოში დაპატიჟეს.

ამავე საღამოს ბასბის ასისტენტი ჯიმი მერფი, რომელიც ამავდროულად უელსის ნაკრების მწვრთნელიც გახლდათ, თავის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ისრაელს 2:0 ამარცხებს. ანუ, ბელგრადში არ იმყოფება.

6 თებერვალი ხუთშაბათი

„მანჩესტერი“ უკან გამოსაფრენად ემზადება. ისინი ბელგრადიდან მიუხენში ჩაფრინდებიან, საწვავს შეივსებენ და მანჩესტერისკენ გააგრძელებენ გზას. გაფრენა ერთი საათით გვიანდება – ნახევარმცველ ჯონ ბერის პასპორტი წესრიგში არ აქვს.

 13:15

თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში ეშვება. ბავარიის მიწაზე თოვლჭყაპია. პრაღისგან განსხვავებით, ფეხბურთელები იოლ მგზავრობას ელიან, თუმცა დროის გასაყვანად ზოგი ალკოჰოლს მიირთმევს, ზოგი ახალ ამბებზე კამათობს და ზოგიც ბანქოს თამაშობს. მაგრამ მატჩის შემდეგ დაღლილები ჩანან. ზოგს სძინავს კიდეც.

14:31

საწვავის ჩასხმა დამთავრდა. მგზავრებს ტერმინალიდან თვიმფრინავში უხმეს. 14 საათსა და 31 წუთზე ლაინერის კაპიტანი დისპეჩერს აცნობებს, რომ  გასაფრენად ყველაფერი მზადაა.

თვითმფრინავი საფრენ ბილიკზე გადის, ძრავები სულ უფრო ძლიერად გუგუნებს, მაგრამ რაიმენტი აფრნას არ ჩქარობს, რაღაც ვერ არის მწყობრში.

14:34

თვითმფრინავი მეორედ დგება საფრენ ბილიკზე, მაგრამ წუთშივე უკან ბრუნდება. სანამ პრობლემას მოაგვარებენ მგზავრებს ისევ მოსაცდელ დარბაზში გასვლას სთავაზობენ. ამასობაში ქარბუქი ძლიერდება და უკვე გაფრენის იმედი აღარავის აქვს.

გუნდის მცველი ფილ ფოუქსი იხსენებს: „თვითმფრინავმა ორჯერ სცადა, მაგრამ ვერ აფრინდა, მიუხედავდ ამისა, პანიკაში არავინ ჩავარდნილა. ასევე იყო დარბაზში დაბრუნების დროსაც“.

დანკან ედვარდსი მანჩესტერში ტელეგრამას აგზავნის: „ყველა რეისი გადადებულია. ხვალ გამოვფრინდებით.“ თუმცა მგზავრებს ისევ თვითმფრინავში ეპატიჟებიან.

15:04

ამჯერად ნერვიულობა იგრძნობა. ადამიანები ერთმანეთს გაფართოებული თვალებით უცქერენ. თუმცა ბედნიერი დასასრულისა ყველას სჯერა. დისპეჩერი კაპიტანს აცნობებს, რომ მის თვითმფრინავს მხოლოდ ორი წუთი აქვს ასაფრენად, შემდეგ რეისი მოიხსნება. პილოტი რისკავს. არ უნდა ფეხბურთელები დაღალოს მეორე დღემდე ლოდინით…

მესამე ცდა საბედისწერო გამოდგა: ოდნავ აფრენილი იყო, როცა თვითმფრინავმა წონასწორობა დაკარგა, ჯერ მოცურდა, გასრიალდა, ასაფრენი ბილიკიდან რამდენიმე ასეულ მეტრში რაღაც ხის შენობას შეასკდა და ნამსხვრევებად იქცა…

ოცი მგზავრი იქვე დაირუპა. მათ შორის ფეხბურთელები, კლუბის მდივანი, მწვრთნელები და ჟურნალისტები…

ფოულკსი აგრძელებს: „ძლიერი დრტყმისგან გონება დავკარგე, როცა გმოვფხიზლდი თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი, მაგრამ მივხვდი, რომ თვითმფრინავი არ აფეთქდებოდა და დავბრუნდი. დავბრუნდი და რა დავინახე… ჩემი მეგობრები გაჩუმებულიყვნენ, სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდათ. იქვე ჭაბუკი ბობი ჩარლტონი მიყუჩებულიყო, თუმცა მერე გაირკვა, რომ გადარჩა.

მერე თვითმფრინავს ნელ-ნელა ცეცხლი მოედო. როგორია, ავზში 2 300 ლიტრი საწვავი იყო…

მალევე სასწრაფოს მანქანები გამოჩდნენ. მთლად სისხლიანი მეტ ბასბი საკაცით შეიყვანეს მანქანაში. აგერ ჩარლტონი და სხვა გადარჩენილებიც ჩასვეს მიკროავტობუსში.

გარდაცვლილთა რიცხვმა 21-ს მიაეღწია…

16:00

ბრიტანული მედია საშინელ მოკლე ცნობებს ავრცელებს: „აფრენისას „მანჩესტერის“ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, არის მსხვერპლი…“ მალევე ვრცელდება ბასბის და ჩარლტონის ფოტოები, რომლებიც გაოგნებულნი არიან ჰოსპიტალში, მათთან რეპორტიორების რიგი არ წყდება…

2018 წლის 3 თებერვალი, შაბათი

პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერი“ „ჰადრსფილდს“ მასპინძლობდა და 2:0 დაამარცხა.  თამაშის წინ ორივე გუნდმა და „ოლდ ტრაფორდზე“ მისულმა 74 ათასმა მაყურებელმა წუთიერი დუმილით აღნიშნეს მიუნხენის ტრაგედიის მე-60 წლისთავი. ამდენივე ადამიანმა მიიღო საგანგებოდ გამოცემული წიგნი. ტრიბუნაზე  ამ ტარგედიას გადარჩენილი რამდენიმე ადამიანი ისხდა, მათ შორის ლეგენდარული სერ  ბობი ჩარლტონიც.

ისე მოხდა, რომ „მიუნხენური საშინელებას“ გადარჩენილმა ბასბიმ ახალი გუნდის შენება დაიწყო და ზუსტად ათი წლის შემდეგ, 1968-ის მაისში შეგირდებს ჩემპიონთა თასი მოაგებინა, რომლის მთავარი კაცი ჯორჯ ბესტთან ერთად, უკვე ლეგენდად ქცეული რობერტ (ბობი) ჩარლტონი გახლდათ.

დაბოლოს. 1999 წლის გაზაფხული იყო. „სარბიელის“ რედაქციაში ვისხედით და „მანჩესტერ“ – „ბაიერნის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვუცქერდით. „ბაიერნი“ ბასლერის ადრეული გოლით იგებდა. მერე მართლაც სასწაული მოხდა: 91 და 93-ე წუთებზე შერინგემმა და სოლსკიაერმა ორი გოლი გაიტანეს და „ალისფერმა ეშმაკუნებმა“ მოიგეს…

ტელევიზორთან ვისხედით. რომელმა სარბიელელმა აღარ მახსოვს, ასე თქვა: აშკარად ბასბის სული გადმოვიდა, თორემ ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვსო…

ასე იყო…