– რატომ დამირეკე?

– საქმე მქონდა.

– აჰა, მოვედი, რა გინდა?

– ეგრე უცბად რა ითქმება, სალაპარაკოა.

– აბა, რა?

– პრეზიდენტად უნდა დაგნიშნო.

– პრეზიდენტი ხომ გვყავს?

– არა, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტად.

– რომელი საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტად.

– გუშინ დავაარსეთ უბანში.

– და მერე ეგ შეიძლება?

– როგორ არა, ვისაც უნდა, ის დაარსებს. ბიჭებმა პივა ამოიტანეს და ლაპარაკს მოჰყვა… ჰოდა დავაარსეთ.

– რა დაარქვით?

– „თბილისი ჰოთსპური“.

– ეგ რას ნიშნავს?

– ეგ ნიშნავს, თქვენი ჯიგარი დავხიეო.

– რა კარგია. მე რატომ უნდა დამნიშნოთ?

– სათვალე გიკეთია. მეცნიერი კაცი ხარ. ძველი დრო რომ იყოს, ჩხაკუნას დავნიშნავდით. მარა ჩხაკუნა ზის და ახლა რაც ნასწავლი ხარ, უკეთესია.

– ეს რა არის?

– გალსტუკი მოგიტანე, უგალსტუკოდ არ შეიძლება.

– რა?

– რა და კლუბის პრეზიდენტობა, ვიდი უნდა გქონდეს.

– არ მინდა ეგ შენი პრეზიდენტობა.

– რატომ?

– ფეხბურთის არაფერი გამეგება და იმიტომ.

– ფეხბურთი კი არ უნდა ითამაშო. სავარძელში უნდა ჩაჯდე და უყურო. მერე ჟურნალისტები მოვლენ და შეგეკითხებიან. შენ მსაჯს გალანძღავ, მოწინააღმდეგესაც, იტყვი, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი არ გითქვამს და მორჩა.

– მეტი არაფერი?

– კიდევ იტყვი, რომ შენი ფეხბურთელებით უცხოელი სელექციონერები დაინტერესდნენ, ოღონდ ჯერ ვერაფერს დაამატებ.

– კაი ხელობა ყოფილა.

– აბა, რას გეუბნებოდი?

– და ჩვენ გუნდში ვინ ითამაშებს?

– ჩვენ.

– ვინ ჩვენ? მე თამაში არ ვიცი.

– ჩვენა. ჩვენი უბნის ბიჭები.

– ჩვენ რა უნდა ვითამაშოთ?

– თუ ძმა ხარ… ნახავ თუ ინტერტოტო არ გავქაჩეთ, ნახავ.

– ინტერტოტო რა არის?

– აი, ვისაც მოუნდება, რომ ითამაშოს.

– მაგას რა გაქაჩვა უნდა?

– ნახავ, თუ არ მოუნდება.

– იცი, რა, არ მომწონს ეგ საქმე.

– რატომ?

– მაგას ჯობდა სოფთბოლი დაგვეარსებინა.

– რატომ?

– სოფთბოლი აქ არავინ იცის და თავიც არ მოგვეჭრებოდა.

– შენ საიდან იცი?

– ამერიკაში რომ ვიყავი, იქ ვნახე.

– არა, არა, შენ უნდა იყო ჩვენი კლუბის პრეზიდენტი.

– და გაზა?

– გაზა რა შუაშია?

– რა ვიცი, ყოველთვის გეკითხები და ახლაც გკითხე.

– სისულელეებს მოეშვი. ჩვენი პრეზიდენტი ხარ.

– ეს რა ბუცები და გეტრები ჩაგიცვამს?

– ფეხბურთის თამაში დავიწყე.

– ამ ხნის კაცი რამ გადაგრია?

– მე ძველი მოთამაშე ვარ, ბავშვობისას „ტყავის ბურთი“ მომიგია.

– ახლა რას აპირებ?

– ახლა ერთი კაცი დამპირდა, რომელიმე გუნდში მოგაწყობო.

– რად გინდა ეს ყველაფერი?

– ხელფასი მაინც მექნება.

– რა ხელფასია ასეთი?

– არის ზოგჯერ. ეგეც არ იყოს და ვარსკვლავად გახდომა დავაპირე.

– ეგ როგორ გამოვა?

– მთავარია სეზონში ხუთი ბურთი გავიტანო.

– და ვარსკვლავი გახდები?

29.08.1998

წილი
წინა სტატიასოკმა 13 რუსის არ ირწმუნა
შემდეგი სტატიალობიანი რა ღირს გუდაურში?
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.