ბენდის ქომაგი არასდროს ვყოფილვარ (თუმც ინტერესით მუდამ შემიხედავს), მაგრამ გუშინ ყაზახთა ცოდვით გული მათივე გულშემატკივრების სწორად დამეთუთქა. მერე რა, რომ ყაზახეთის ნაკრები დაახლოებით საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს წააგავს – ეთნიკური ყაზახები მასში უმცირესნი არიან, ხოლო უმრავლესნი – რუსები და მოთამაშეთა მეტი წილიც რუსულ კლუბებშია დასაქმებული. მთავარი იყო, რომ კასპიის- და არალისპირელთა მონდომებული გუნდი კიდევ ერთხელ დადგა დიდი ოცნების ახდენის პირისპირ, რასაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედალს გაცდენა და შვედური წყევლის დაძლევა ჰქვია, მაგრამ ამაოდ. თავად განსაჯეთ: 2012 წელი, ნახევარფინალი, შვედეთი – ყაზახეთი 5:4; 2013 წელი, ნახევარფინალი, შვედეთი – ყაზახეთი 4:3; და ბოლოს: 2018 წელი, ხაბაროვსკი, ნახევარფინალი, შვედეთი – ყაზახეთი 5:4 – მორიგი გულსატკენი მარცხი. უმაყურებლო, მაგრამ მუხტით სავსე თამაშში ბრძოლა ბოლო წუთამდე არ შეწყვეტილა და ვიკინგებმა მაინც იძალეს.

წაგებულმა ნახევარფინალმა ყაზახეთის ნაკრები, ეტყობა, ისე გამოფიტა, რომ მესამე ადგილისთვის საბრძოლველად ვეღარ ივარგა და აკი ბრინჯაოს მედლებიც ნახევარფინალში რუსეთთან უდრტვინველად (2:8) დამარცხებულ ფინეთს დაუთმო – 4:8.

“სუომიმ” ხელი, ტრადიციულად, ბრინჯაოს მედლებს გამოჰკრა

ფინალი კი ერთხელაც უტრადიციულესი რუსეთი – შვედეთი გამოვიდა. სტატისტიკის მიხედვით, გუშინდელ ფინალამდე, საბჭოთა კავშირს და მის სამართალმემკვიდრე რუსეთს 38 მსოფლიო ჩემპიონატიდან 24 მოეგო, შვედეთს – 12, ანუ სხვას თითქმის არაფერი. ამასთან, თუ საბჭოეთის არსებობისას ოქრო ძირითადად დიადი ექსიმპერიის ჰოკეისტებს რჩებოდათ, პოსტსაბჭოთა ეპოქაში მდგომარება გათანაბრდა: შვედები 9-გზის გახდნენ ჩემპიონები, რუსები – 10-გზის. დღევანდელ დილას გამართული ფინალით სკანდინავიელებს ოქროთა ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცათ და ვერ გამოიყენეს. თამაშის გმირი ალმაზ მირგაზოვი გამოდგა, რომელსაც შეხედულებით დიდი ათლეტისა არაფერი ეტყობა, მაგრამ ჰეთ-თრიკი კი გაიფორმა. მირგაზოვის ორი სწრაფი გოლიდან შვედებმა ერთი საკმაოდ მალე გაქვითეს, მაგრამ რუსებმა კუთხურიდან ორბურთიანი სხვაობა ისევ აღადგინეს. ამის შემდეგ, პირველი ტაიმის ბოლომდე, შვედები რუსებზე მეტად იღბალს ებრძოდნენ, მაგრამ ბურთი ძელს ორჯერ მოარტყეს და რუსთა კარი კი ვერაფრით განახვნეს.

დაიწყო მეორე ტაიმი და ინტრიგა უცებ დაბრუნდა: რუსებს ცივი შხაპი ლაფსტედმა გადაასხა (3:2). ორიოდე წუთში ანგარიში ისევ 4:2 კი გახდა, მაგრამ ვიკინგური სიჯიუტე ხომ ცნობილია და შვედებმაც მალე ერთ გოლს მეორეც მიაყოლეს. თამაშის ბოლო წუთები ნერვების თამაში გახლდათ და აქ სცენაზე ისევ ის ბავშვისსახიანი მირგაზოვი გამოვიდა, შეაგდო, დაამთავრა. შემდეგ შვედები რუსთა კარს აწყდებოდნენ და დაცვის გაგებაც არ უნდოდათ, მაგრამ 5:4 და რუსეთმა მსოფლიო ჩემპიონობა დაიბრუნა.

ალმაზ მირგაზოვი – რუსთა ჯოკერი ფინალში

იხილეთ ნაკრებთა განლაგება მსოფლიო პირველობის დასკვნით ცხრილში:

  • ჯგუფი A: რუსეთი, შვედეთი, ფინეთი, ყაზახეთი, აშშ, ნორვეგია, გერმანია, უნგრეთი
  • ჯგუფი B: ჰოლანდია, იაპონია, ესტონეთი, ჩინეთი, მონგოლეთი, უკრაინა, სლოვაკეთი, სომალი

2019 წლის მსოფლიო პირველობაზე ელიტაში ჰოლანდია აღზევდება, მაჩანჩალებს უნგრეთი შუერთდება.

წილი
წინა სტატიაკორეა უპრეცედენტო იქნება
შემდეგი სტატიარა ტკბილია და რა მწარე ამბავი ბანაობისა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია