წერილით “ყვანჯბურთობა ყინულზე” “სარბიელმა” მკითხველს ჰოკეის უმცროსი, დაჩაგრული ძმის ავანჩავანი გააცნო. ბურთიან ჰოკეის, იგივე ბენდის არ გააჩნია შაიბიანი კოლეგის ფინანსური და მარკეტოლოგიური ზურგის მეათედიც. აქ არ თამაშობენ მეგამილიონერი პროფესიონალები და საერთოდ, ხაბაროვსკსა (რუსეთი) და ხარბინში (ჩინეთი) მიმდინარე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მედიაუზრუნველყოფაც არ გვჭრის თვალს ტელევიზორებიდან.

მაგრამ თამაში ამოდსაცქერია და “სარბიელის” მკითხველს ბენდის მსოფლიო პირველობაზე ორიოდ სიტყვით არ ვესაუბროთ, არ იქნება. ჯერ ფორმატზე: ხაბაროვსკში მოწინავენი თამაშობენ (A-ჯგუფის A და B-ქვეჯგუფები), ხარბინში – მაჩანჩალები (B-ჯგუფის იგივენი). ამ უკანასკნელში, ჰოი საოცრებავ, სომალის ნაკრებიც გარეულა და წერილის ავტორს გარკვეული დროის დახარჯვამ მოუწია, რათა დაედგინა, რომ ეს სომალელები სომალილდან როდი არიან (იქ ბენდის მოედნის აგება და ვარჯიშები კი არა, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს), არამედ შვედეთში დევნილ 3000 თანამემამულეს წარმოადგენენ. ურიგოდაც არ უსრიალიათ აფრიკისრქელებს: 0:4 ჩინეთთან, 0:9 მთლად ციგურაობის ქვეყანა ნიდერლანდებთან და 0:8 სლოვაკეთთან – ერთი ბურთიც რომ შეეგდოთ რომელიმე თამაშში, თქვენი მონა-მორჩილი ზმნა “სრიალს” დაუყოვნებლივ “თამაშით” ჩაანაცვლებდა. მაგრამ მთავარია მონაწილეობაო, გონიერს უთქვამს და ჩვენ კი B-ჯგუფზე მეტი საუბარი აღარ გვინდა, მხოლოდ დავძინოთ, რომ მასში გამარჯვებული ერთი გუნდი მომავალ მსოფლიო პირველობაზე A-ჯგუფის ბოლოადგილოსანს გაუცვლის ადგილს.

ხაბაროვსკის “ეროფეი არენა” მსოფლიოში ბენდის ყველაზე ტევადი სარბიელი გახლავთ. ასე გვაუწყებს ვიკიპედია და გვიდასტურებს ქვემორე ფოტო.

“ეროფეი არენა” ხაბაროვსკში

10 ათასკაციანი ტრიბუნები, მოხდება ხანდახან, ბოლომდე გაიტენება ქომაგებით, როგორც, მაგალითად რუსეთ – ნორვეგიის ჯგუფურ თამაშზე, სადაც რუსებმა ბენდის საერთაშორისო ფედერაციის ფუძემდებელთაგანი, მაგრამ ელიტარულ ნაკრებებთან (სსრკ/რუსეთი, შვედეთი, ფინეთი) მუდმივად შერცხვენილი სკანდინავიელები სამაგალითოდ ჰგვემეს – 15:1. საერთოდ A-ჯგუფის A-ქვეჯგუფი სიკვდილისა გახლდათ. ერთ ქვაბში იხარშებოდნენ რუსეთი, შვედეთი და ფინეთი – მსოფლიო ბენდის მოწინავე სამეული. შვედებმა ივარგეს (9:1 ფინეთთან, 6:3 რუსეთთან), ხოლო ჯგუფური მეორე ადგილის ბედი რუსეთ – ფინეთის ცხარე თამაშში გაირკვა, სადაც პირველ ტაიმში რუსებმა გაიტანეს, მაგრამ მიიღეს კიდეც, ხოლო მეორე ტაიმში ერთიც შეაგდეს და საფეხბურთო 2:1-ზე, გამარჯვებულებმა დატოვეს ყინული.

B-ქვეჯგუფში კი ფავორიტ ყაზახებს რა უჭირდათ:  29:0 უნგრეთს უთავაზეს, 14:1 აშშ-ს მიართვეს და 17:2 გერმანიას აგემეს.

ბენდის მსოფლიო ჩემპიონატებზე ჯგუფური თამაშები გარკვეულწილად ფიქციაა. პლეი-ოფში მაინც რვავე გუნდი გადის. ერთია მხოლოდ, რომ პირველადგილოსნები მეზობელი ჯგუფის ბოლოადგილოსნებს ხვდებიან, მეორეადგილოსნები – ბოლოდან მეორეადგილოსნებს და ასე შემდეგ, ანუ ფავორიტებს წინსვლა უადვილდებათ.  ახლაც, მეოთხედფინალში შვეციას თავი არ ასტკიებია უნგრეთთან (16:3), ყაზახეთმა ბენდის პირობაზე არცთუ ბევრი შეუგდო, მაგრამ დამაჯერებლად მოუგო ნორვეგიას (6:1), ფინეთმა თარსი ოდენობის გოლები გაუტანა აშშ-ს, მაგრამ გამარჯვება მაინც კომფორტული გამოუვიდა (13:4), რუსეთ-გერმანიის 26:1-ზე კომენტარის გაკეთებას კი ალბათ მკითხველი არ გვაპატიებს.

წუხელ, სანამ გვეძინა, ხაბაროვსკში მე-7 და მე-5 ადგილების ბედიც გადაწყდა. მეშვიდე ადგილისთვის თამაშში, გერმანიამ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით (21:1), მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის B-ჯგუფში მოისროლა უნგრეთი, ხოლო აშშ-ს ბოლო წლებში აშკარად მოფერიანებულმა ნაკრებმა დიდ ჯაფით (3:2) მე-5 ადგილი წაჰგვარა ნორვეგიას.

ამერიკელებმა (თეთრ ფორმაში) ხუთიანი დაიმსახურეს

ნახევარფინალში დაწყვილდნენ: შვედეთი-ყაზახეთი და რუსეთი-ფინეთი. აი, ნამდვილი ბენდი კი ახლა იწყება …

წილი
წინა სტატიათევზი პუტინიდან ყარს
შემდეგი სტატია… ვისთვისაც დინამო დინამოა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია