თურქულ სიდეში მოსამზადებლად მყოფმა თბილისის „დინამომ“ ამჯერად პოლტავის „ვორსკლასთან“ წააგო, თანაც, წააგო დიდი ანგარიშით – 1:4. უკვე რაღაცნაირად ყურს მიეჩვია ეს წაგებები, მაგრამ ამ რამდენიმე სტრიქონს მათთვის დავწერთ, ვისთვისაც „დინამოს“ სახელი სულერთი არაა, ვისაც გული შესტკივა და ვისთვისაც ძვირფასია ეს დიდი გუნდი…
„ვორსკლასთნ“ პირველი ტაიმი ფრედ (1:1) მორჩა, მერე კი დინამოელები უსახელო უკრაინელებთან პირწმინდად დაიჩაგრნენ. სხვათა შორის, კახა კაჭარავამ შემადგენლობა შეცვალა (ისევე როგორც მეტოქემ), შესვენების შემდეგ უმეტესად 17-18 წლის ბიჭები შეიყვანა და კატასტროფული შედეგი მიიღო.
არიან ეს ბიჭები კი ტვირთის სატარებლად მზად? პასუხი თურქული თამაშებიდან ჩანს – არა!
გასაგებია, მიზანი ისაა, იქნებ ვინმე ახალი ჩაკვეტაძე გამოჩნდეს და გაიყიდოს, მაგრამ როდემდე შეიძლება ამას შედეგი შესწირო?! ამ ჭაბუკებში ყველაზე კარგები ვინც იყვნენ, იქიდან ერთი (ზურიკო დავითაშვილი) წავიდა და მეორეც (ხვიჩა კვარაცხელია) წასვლას აპირებს.
არადა იყო დრო, „დინამოში“ 17-18 წლის ბიჭები დაწინაურებულან, მაგრამ საუბარია ალექსანდრე იაშვილზე, გიორგი დემეტრაძეზე… ისინი ძალიან მაგრადაც თამაშობდნენ. ამ ბავშვებს კი ნაადრევად ტვირთავენ ისეთ სახელიან გუნდში, როგორც „დინამოა“.
გვესმის, უწვერულ ბიჭებზე აქცენტს აკეთებდეს რომელიმე რიგითი ქართული კლუბი. გვესმის კი არა, მივესალმებოდით კიდეც. თუმც ეს „დინამოა“ და თამასა ზემოთ უნდა ჰქონდეს აწეული.