წუხელ დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ გიბრალტარში დიდი საჭადრაკო ტურნირი დასრულდა. შეჯიბრი, მაჭადრაკეთა სიძლიერის მიხედვით, ხუთ ჯგუფში ჩატარდა და მათგან უმთავრეს, ე.წ. “მასტერსზე” ორივე სქესის 254 მოთამაშე გამოვიდა, აქედან ოთხი ქართველი: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია. დანარჩენ ოთხ ჯგუფში ფიდეს რეიტინგში 2250 პუნქტზე დაბალი კოფიციენტის მქონე მოჭადრაკეები თამაშობდნენ, რომელთა სიაშიც ჩვენი თანამემულე ვერ აღმოვაჩინეთ და უმეტესობაც ადგილობრივი, ბრიტანეთის მოქალაქენი იყვნენ. ტურნირი 2003 წლიდან იმართება და სახელი ერთხელ სპონსორის როტაციის პარალელურად გამოეცვალა. ჯერ იყო სატელეკომუნიკაციო კომპანია Gibtelecom, 2011 წლიდან კი სპონსორობა სადაზღვევო კომპანია Tradewise-მა იკისრა და ტურნირის სახელადაც შესაბამისად Tradewise Gibraltar chess festival გაფორმდა.

რეიტინგით, ტურნირის ფავორიტი, გასულ წელს თბილისში მსოფლიოს თასის მომგები სომეხი ლევონ არონიანი იყო. მას მოსდევდნენ ფრანგი მაქსიმ ვაშერ-ლაგრავი და ამერიკის სახელით მოთამაშე იაპონელი ჰიკარუ ნაკამურა, რომელსაც აღნიშნული ტურნირი ზედიზედ სამჯერ ჰქონდა მონაგები. ქართველებსაც არა უშავთ: 2005 წელს, მართალია შოტლანდიის სახელით, მაგრამ ქეთევან არახამია-გრანტმა იმარჯვა, 2009-ში კი ნანა ძაგნიძემ, რომელმაც იგივე შედეგი 2011 წელს სალომე მელიასთან ერთად გაიმეორა.

პარტიები შვეიცარიული სისტემით, 10 ტურად გაიმართა. გაიმარჯვა ლევონ არონიანმა და 25 ათას ფუნტსაც თავის სალაროში მიუჩინა ადგილი. წარმატება სომეხ მოჭადრაკეს უზრუნველად არ მოსვლია. 10 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე 7,5-7,5 ქულით ერთბაშად 7 მოჭადრაკე გავიდა, თუმც რეგლამენტით საფინალო პლეი-ოფი მხოლოდ ოთხ საუკეთესოს შორის დაინიშნა. ფინალში არონიანი და მაქსიმ ვაშე-ლაგრავი გავიდნენ და ორი სწრაფი პარტია და ერთი ბლიცი ყაიმით დაასრულეს, მეოთხეში კი თეთრებით მოთამაშე სომეხმა იყოჩაღა, 34-ე სვლაზე ფრანგი დააშამათა და ტურნირის გამარჯვებული მეორედ გახდა. პირველად გიბრალტარი ლევონს 2005 წელს ჰქონდა დანაპყრობი.

ქალთა შორის საუკეთესო, 51 წლის შვედი პია კრამლინგი გახდა. მან საერთო ჩათვლაში 6,5 ქულით 30-ე ადგილი დაიკავა და საპრიზო ფონდიდან 15 ათასი ფუნტიც მიიღო. ჩვენებიდან საუკეთესო ნინო ბაციაშვილი იყო. მან ხუთი პარტია მოიგო, ორი ყაიმით დაასრულა, სამი დათმო და 276 მანდილოსანს შორის 48-ე ადგილს დასჯერდა. 5,5 ქულით 117-ე ადგილზე გავიდა ბელა ხოტენაშვილი. მასზე ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს სალომე მელიამ და ნანა ძაგნიძემ, რომელთაც შესაბამისად 131-ე და 133-ე ადგილები დაიკავეს.

ლევონ არონიანი
წილი
წინა სტატიავლადიმიროვიჩმა 13 მილიონი დოლარი ქვიშაში იპოვა
შემდეგი სტატიაორჯერ არ მოკვდე, ბაბუ
ლაშა გეგეჭკორი
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.