რაც გამახსენდა

გაზაევი რომ დავინახე, გამახსენდა ძველი დრო, როცა ვალერი გეორგიჩი თბილისის „დინამოში“ თამაშობდა და ჩვენს აბურდულ საფეხბურთო გუნდს შველოდა, ბაქოს „ნეფთჩისთან“ ყაიმის მიღწევის საქმეში.

მაშინ ამბობდნენ გაზაევმა თბილისში თეთრი მერსედესი ჩამოიყვანა და გაყიდაო. ზოგი აცხადებდა, მერსედესი თეთრი კი არა, ლურჯი იყოო.

მერე ცეკა-ტეკამ გვარიანად შეახურა ჩვენი უსუსური გუნდი და ფეხბურთელებს გამოყვანილ-გაყიდული მანქანების თვლა დაუწყეს.

ამასთან დაკავშირებით უკვდავი და მართალი სიტყვები წარმოთქვა მ. მესხმა-უმცროსმა: „ზაპოროჟეციანი დიდი ფეხბურთელი არ გამიგიაო“.

ხაბიზგინა

როცა შეხვედრა ამხანაგურია, ფეხბურთელები ცდილობენ ხოლმე, რომ ხალხი გაართონ. იმ დღეს სტადიონზე მოსულ ხალხს თავის გართობაზე თავადვე უნდა ეზრუნა. ოსებთან თამაშს პოლიტიკური აზრი ჰქონდა და არა გასართობი. აკი გალაზოვიც გვეწვია. თანაც აშკარად არ იყო მხოლოდ ამ თამაშის საცქერლად ჩამოსული. უფრო სწორად ასეთი თამაშის საყურებლად ქვეყნიდან ქვეყანაში ხომ არ წახვალ?

მე შენ გეტყვი და ცხელი ხაბიზგინა იყიდებოდა სტადიონზე. ხაბიზგინა, მოგეხსენებათ დიდია. სანამ შეჭამდე თამაშიც მორჩებოდა და გამაძღარიც დარჩებოდი, თორემ ჩვენი განთქმული სტადიონის ხაჭაპური ისე გაუთხელებიათ, რომ ზედ შეიძლება ლექსი დაწერო, კონვერტში ჩადო და შეყვარებულს გაუგზავნო.

მგზავრი

სტადიონი დიახაც გაჭედილი გახლდათ. უფრო სწორად თანდათან იჭედებოდა და რახან შესვლა თავისუფალი იყო, იქ მრავლად იყვნენ შემთხვევით ადამიანები და ბავშვები სამიდან სამოცდასამ წლამდე. ერთმა მოქალაქემ ისიც კი თქვა, აქ იმიტომ შემოვედი, რომ ფეხბურთის გამო ქუჩები დაკეტილია, ტრანსპორტი არ დადის და სახლში ფეხით წასვლა მეზარებაო.

რუსული გამოცხადება

იმ დღეს რუსულადაც აცხადებდნენ, სტუმართა პატივსაცემად, რა თქმა უნდა, მაგრამ მე რაღაც არ მახსოვს, რომ ვინმეს, სადმე გამოეცხადებინოს ქართულად. ასეთი რამ მიღებული არ არის, მაგრამ ჩვენ ხომ სხვანაირები ვართ, სტუმარ-მასპინძლურები. მე თუ მკითხავთ, ოსურადაც უნდა გამოგვეცხადებინა, თათრულადაც (სულეიმანოვის ხათრით), ბელორუსულადაც (დერკაჩის ხათრით) და ა.შ. ისე კი ზოგიერთ დიქტორს რუსული ოდნავ დავიწყებია, განსაკუთრებით ზმნათა უღლების საკითხში. ალბათ დამოუკიდებლობის ბრალი თუა.

რეკორდსმენი

მოედნის შორიახლოს ერთი ბიჭი იდგა და თავით ბურთს კენწლავდა. მგონი, გინესის რეკონდზე მიდიოდა და ლამის მთელი ტაიმი კენწლავდა. ერთიც გავიხედა და ეს ბიჭი თავჩარგული ზის კედელთან.

ახლოს მჯდომმა ბავშვებმა თქვეს, ბურთი მილიციელმა გადაუგდო შემთხვევითო. მე არ დამინახავს, თამაშისკენ გამექცა თვალი.

THE END

საერთოდ კი, ბევრს ვლაპარაკობ თამაშზე, რომელიც, ფაქტიურად არ მინახავს. მთელი დრო თვალების აქეთ-იქით ცეცებას მოვანდომე.

როგორც იქ (სტადიონზე) შევიტყვე, ამ მატჩის პოლიტიკური მნიშვნელობა დიდი იყო. საფეხბურთო კი, როგრც იქვე შევატყვე, მეტად მცირე.

თანაც, გამუდმებით მეფარებოდა ერთი მენაყინე ქალი, რომელსაც მთელი სექტორი აგინებდა, მაგრამ მაინც ვერ მოიცილა. ამ ქალის წყალობით ექვსიდან ორი გოლი დავინახე, ისიც – პენალტები.

მგონი ამ თამაშში ვერ გაირკვა, ვინ უფრო ძლიერია. ვერც ის გაირკვა, ვინ უფრო სუსტია.

მეგობრობა გზად და ხიდად.

15.03.1996

წილი
წინა სტატიაიბრაჰიმოვიჩი კოლუმბის ნაკვალევზე
შემდეგი სტატიავლადიმიროვიჩმა 13 მილიონი დოლარი ქვიშაში იპოვა
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.