ნოდარ ახალკაცი გარდაიცვალა.

დღეს მის ცხედარს საბურთალოს მიწას მიაბარებენ და თითქოს ამით დასრულდება ქართული ფეხბურთის ისტორიის ერთი დიდი ამბავი. წარსული დიდება თბილისის „დინამოსი“ ნელ-ნელა, დროის კანონის შესაბამისად იქცევა ისტორიად, შორეულ მოგონებად. მოგონებადვე იქცევა წარმატებათა, ჩვენი ფეხბურთისთვის განუმეორებელი ნუსხაც, რომლის ბოლოსაც ერთი ხელმოწერაა – ნოდარ ახალკაცი.

მაგრამ მოგონება ხომ არდავიწყებას ნიშნავს და არა რაღაც სხვას.

როცა კაცი გარდაიცვლება, ჩვეულებრივ, ასე იწყებენ ხოლმე: „ძნელია იპოვნო სიტყვები“… და ასე შემდეგ. ეს მიღებული თქმაა. მიღებული და გაცვეთილიც. სიტყვები უნდა იპოვნო.

ნოდარ ახალკაცი თავისი დროის შვილი იყო. მას ჰქონდა თავისი სამყარო და მთელი საფეხბურთო ცხოვრების განმავლობაში იცავდა ამ სამყაროს. აქ ნოდარ ახალკაცი ყოველთვის ხელმწიფე იყო. თავის სამყაროში ის გახლდათ გაუცინარი ხელმწიფე და გამგებელი და როდესაც ვინმე დააპირებდა მისი საუფლოს საზღვრების გადალახვას, აქვე, ამ სამყაროს კიდეზე ხვდებოდა ძნელად დასაძლევი რამ – ახალკაცის ცხოვრებისა და საქმის ფილოსოფია.

ბევრი ჟურნალისტი დამემოწმება – მასთან პირისპირ შეხვედრა გამოცდას უფრო ჰგავდა, ვიდრე ინტერვიუს. გამოცდას რესპონდენტის მხრიდან – სანამ ახალკაცი ფეხზე იდგა, სანამ ის თავად გადაწყვეტდა რაიმეს, მისი სამყარო შეურყეველი გახლდათ. ასე იყო მწვრთნელობისას და ასე იყო ფეხბურთის მმართველობის დროსაც.

ჩვენ არ ვლაპარაკობთ ცუდსა და კარგზე. უბრალოდ, ვამბობთ, რომ ნოდარ ახალკაცი გამორჩეული, ძლიერი, შთამბეჭდავი ხასიათის იყო. ხშირად ძნელი იყო მისი სიტყვების და პოზიციის გაზიარება. ძნელი იყო მიგეღო მისი სკაბრეზი და ურთიერთობის ფორმები. ხშირად გინდოდა გეძებნა ღიმილი მის სახეზე, მაგრამ მაშინ შენ ვერ ფიქრობდი იმაზე, რომ ის ხელმწიფე იყო, თავისი სამყაროს სწორუპოვარი გამგებელი. ქვეყანაში, სადაც არეულობა ყოველდღიური წესი იყო, ახალკაცმა პირადად შექმნა ახალი ქართული ფეხბურთის მიკროსამყარო. თან ისე, რომ შინაურთაგან არავის დახმარება არ დასჭირვებია. ის არ იყო დახმარების მომლოდინე და მოწუწუნე კაცი – წინ ყოველთვის თავისით მიდიოდა. თავის გზასაც თავადვე საზღვრავდა.

მანამდე კი იყო ფეხბურთი: თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის სავარძელი. ესეც ახალკაცის სამყარო იყო, სამყარო, რომელმაც გაიმარჯვა. ახლა სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რაც ბაღის კიდეზე გაგიგონია. ახლა სისულელეა კვალიფიკაციასა და შეხედულებებზე დავა. არა იმიტომ, რომ უადგილოა, არამედ იმიტომ, რომ სისულელეა. იყო მარცხიცა და გამარჯვებაც, იყო დიდი გუნდის გარდაცვალებაც. მაგრამ გამარჯვებამ ყველაფერი გადაფარა. ღმერთმა ქნას და ოდესმე, რომელიმე ქართულ გუნდს კიდევ ჰქონდეს ასეთი ხუთწლეული, ჰყავდეს ასეთი ფეხბურთელები და ასეთი მწვრთნელი. ორი თასი, ჩემპიონობა, სხვადასხვა ხარისხის მედლები და რაღა თქმა უნდა, დიდი ევროპული ჯილდო. ლეგენდარული ოთხმატჩიანი სერია ჩემპიონთა თასზე…

ადრე გუნდს ფეხბურთელის სახელებს ვუკავშირებდით, ახლა შეგვიძლია ვთქვათ – ახალკაცის „დინამო“, ჩვენი ფეხბურთის ყველაზე ტიტულიანი და სტაბილური გუნდი.

ეს გუნდი ახალკაცმა შექმნა, მის ხელშივე დაიწყო დაშლა. მაგრამ დიდი და საყვარელი გუნდები ხომ მალე ქრებიან? ასე ამბობდა ელენიო ერერა და ასეცაა.

ნოდარ ახალკაცი ფეხბურთის გაუცინარი ხელმწიფე იყო. ის იცავდა და უვლიდა თავის სამყაროს მთელი ძალითა და ხასიათით, რადგან ეს სამყარო ძვირფასი იყო მისთვის. ის ჭკვიანი და ფიქრიანი კაცი გახლდათ. დღევანდელ ქვეყანაში ალბათ, არავინ იცოდა ბურთის ავან-ჩავანი ისე, როგორც მან. მას უყვარდა ფეხბურთი. ფეხბურთი ხომ მისი სამყარო იყო. ამ სამყაროში კი ქუდმოუხდელს არავის შეუშვებდა.

მისი ფეხბურთი გამარჯვებული იყო. მისი სამყარო რთული და ძლიერი. ეგებ, სხვაგან და სხვა ეპოქაში სულ სხვაგვარი ადგილი სჭეროდა, მაგრამ ის თავისი დროის შვილი იყო. მისი ღონიერი და ძლიერი ფიგურა მისი ფეხბურთის საზღვართან იდგა. ნოდარ ახალკაცი იცავდა თავის სამყაროს, სამყაროს, რომელიც თავადვე შექმნა და რომელიც გასაოცრად და ჩუმად უყვარდა. აკი არ იყო ლამაზი სიტყვების, მოხდენილი კოსტიუმების, იაფი ნაბიჯების მოყვარე. ის ფიქრის კაცი გახლდათ, ფიქრისა და ფეხბურთის.

31.01,1998

წილი
წინა სტატიარატომ წუწუნებს კობიაშვილი?!
შემდეგი სტატიაიბრაჰიმოვიჩი კოლუმბის ნაკვალევზე
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.