სპორტში იგებს კლასი, ხარისხი, შეუპოვრობა, მიწოლა და მისთანები. ბედი, იღბალი, ყისმათი, განგება და მსგავსი კატეგორიები სპორტისთვის მოგონილი არ გახლავთ. და მაინც, ხანდახან მოხდება, ერთი უსიამო ეპიზოდი, ერთი პატარა ჩავარდნა და ქვავდება ხელ-ფეხი, მრუდდება მიზანი, ფუჭდება ხასიათი, მცირდება მონდომება და ინგრევა რუდუნებით ნაშენები.

ხორვატიაში სახელბურთო ევრო-2018 დამთავრდა და გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვანძო მომენტი არა ფინალურ თამაშში, არამედ საფრანგეთ – ესპანეთის ნახევარფინალში, თამაშის მე-19 წუთზე დადგა. ერთი შეხედვით ვითომ არაფერი, 8:8-ზე ხულენ აგინაგალდემ საჯარიმოს ხაზიდან ფრანგთა კარში ნატყორცნი ბურთი ხარიხას და კარის ხაზს გაარტყა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა დაცვაში ადგილის დასაჭერად. ფრანგთა მეკარე ვინსენტ ჟერარმა საუკეთესო განზრახვით (სწრაფი კონტრშეტევა) ბურთი თანაგუნდელისკენ გასტყორცნა, მაგრამ ედუარდო გურბინდო იქვე იყო ჩასაფრებული, ნადავლს ქორივით დააცხრა და მოხერხებული ტყორცნით ფრანგთა ბადეში შეაგდო. ეს იყო და მსოფლიო ჩემპიონებმა მთელი თამაში მეტოქის დაწევას შეალიეს, წინ კი ერთხელაც ვერ გავიდნენ. თამაშის ბოლომდე წუთნახევრით ადრე ნიკოლა ყარაბატიჩის ორწუთიანმა გაძევებამ “მამლებს”, იგივე “ხელბურთის აკადემიკოსებს” თამაშის ხსნის თეორიული შანსიც წაჰგვარა და პირენეელები დიდი ზარზეიმით (დარბაზის ადმინისტრაციამ გამარჯვებულთა პატივსაცემად “ოლარე” ჩართო) ფინალში გავიდნენ, სადაც სისხლიანი სკანდინავიური დერბიდან გამარჯვებით გამოსული შვედები ელოდათ. დანია მეზობელს თითქმის მთელი თამაში ჩამორჩებოდა, მაგრამ ხასიათი გამოამჟღავნა: 55-ე წუთზე ფაფრიანმა მიკელ ჰანსენმა გამათანაბრებელი შვიდმეტრიანი ხომ შეაგდო, ზედ ბოლო წამზე კი (ტაბლოზე რომ 60:00 აინთო) ლასე სვანმა კიდევ ერთხელ გააბათილა შვედებთან ჩამორჩენა და 28:28-ით გადაიყვანა თამაში ოვერტაიმში. ზემოთ ვამბობდით, სპორტს კლასი იგებსო და აქ დავამატებთ: ნერვებიც. ბოლო წამის დრამამ შვედები ვერ გატეხა, ისინი დამატებითი 10 წუთის დინებისას, საკვანძო მომენტებში უფრო თავდაჯერებულნი ჩანდნენ და ოვერტაიმის დასრულებამდე 25 წამით ადრე ლინუს არნესონმა 9 მეტრიანი ხაზიდან რომ გლიჯა, დანიის ამბავი დაასრულა. ამ უკანასკნელებმა ერთიც გაიბრძოლეს და 11 წამში აღადგინეს ერთბურთიანი ჩამორჩენა, მაგრამ 35:34 და შვეცია – ფინალში.

ხელბურთში ადგილს მნიშვნელობა აქვს. მესამე, მეხუთე და სხვა კენტი ადგილებისთვის თამაშს ამ სპორტში ისე არ ეკიდებიან, როგორც ფეხბურთში, ამიტომ როცა ხორვატიამ ჩეხეთს მეხუთე ადგილისთვის მატჩი დიდი გაჭირვებით მოუგო (28:27), ხალვათი ტრიბუნების მიუხედავად, დარბაზში მყოფებმა თავიანთ ნაკრებს ტაში არ დააკლეს. ფრანგებმაც, მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, მავანი საფეხბურთო ნაკრებებივით კი არ დაიწყეს, ჩვენ აქ ჩემპიონობის გარდა არაფერი გვაინტერესებს და ნახევარი ძალითაც არ ვითამაშებთო, არამედ კეთილსინდისიერად იბრძოლეს ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად და დანიას 32:29 მოუგეს, რის შემდეგაც ემოციები არ დაუმალავთ.

ფრანგებმა მესამე ადგილისთვისაც თავი არ დაზოგეს

ხოლო ფინალში იდალგოებს და კაბალიეროებს ფრანგებთან გამარჯვების ემოცია გადაჰყვათ. უყურებდა თქვენი მონა-მორჩილი ესპანეთი – შვეციის ფინალურ თამაშს და წაგებული პირველი ტაიმის (12:14) მიუხედავად, არ ტოვებდა აზრი, რომ ეს დღე ესპანელების იქნება. ბრდღვინავდა ესპანელთა ნაკრების პრაქტიკულად ყველა მოთამაშე და გამარჯვებაშიც ყველამ ლომის წილი დაიდო. 52-ე წუთზე ალექს დუიშენბაევმა (სახელოვანი ყირგიზი მამის შვილი)  სკანდინავიელებს ერთიც რომ უთავაზა და ანგარიშში სხვაობა 8 ბურთამდე ასწია, წერტილიც იქვე დაისვა. შემდეგ შვედები პრესტიჟის გოლებს აგდებდნენ, ესპანელები – ზეიმისას. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ბოლო ანგარიში გახლავთ – 29:23.

ესპანელთა ცრემლიანი სიხარული
წილი
წინა სტატიავიკინგური ფინიში
შემდეგი სტატიაბასილაშვილის ქულები და ფულები
დავით გულუა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია