„რეალი” „ლეგანესთან” 1:2 დამარცხდა და ესპანეთის „სამეფო თასისთვის” ბრძოლას გამოეთიშა. მადრიდელთა კაპიტანმა სერხიო რამოსმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მას გულშემატკივრების იმედგაცრუების ესმის და ყველას, ვინც კლუბთან რაიმე კავშირშია, ერთობისკენ მოუწოდა.

რამოსმა თქვა, რომ ცუდი შედეგებისთვის პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. ცხადია, დასძინა, რომ წინ ჩემპიონთა ლიგაა; რომ ძნელბედობას მაგრა უნდა დახვედრა, ხოლო როდესაც მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის გაშვება-დატოვების ამბავი ჰკითხეს, უპასუხა:

„მე ცვლილებების დიდი მოყვარული არ ვარ. ჩვენ (ფეხბურთელები) პირველები ვიქნებით, ვინც ზიდანის დასაცავად ხმას ავიმაღლებთ”.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსმა ტრავმა მოიშუშა და „ლეგანესთან” შეხვედრაში კარგახნიანი პაუზის შემდეგ პირველად დაუბრუნდა მოედანს.