რონალდუ არ იყო, ბეილი არ იყო, მარსელო არ იყო, კარვახალი არ იყო, მოდრიჩი არ იყო (ეს ორი ბოლო 20 წუთით შევიდა)… სამაგიეროდ იყო ესპანეთის ლა ლიგის ყველაზე მცირებიუჯეტიანი კლუბი „ლეგანესი”, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” „რეალს” 2:1 მოუგო და „სამეფო თასის” ნახევარფინალში გავიდა. პირველი შეხვედრა მადრიდელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული ანუ „ლეგანესმა” სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გაიმარჯვა.
„რეალმა” მორიგი ფიასკო განიცადა. მერე რა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეები არ იყვნენ. „თეთრებს” მოედანზე ჰყავდათ ბენზემა, ასენსიო, ისკო, გამოჯანმრთელებული სერხიო რამოსი… ვის, ვის და „ლეგანესს” წესით უნდა ჰყოფნოდა.
ანგარიში 32-ე წუთზე სტუმარმა ხავიერ ერასომ გახსნა. 47-ზე ქარიმ ბენზემამ გაათანაბრა, მაგრამ 55-ზე ბრაზილიელმა გაბრიელმა ისევ „ლეგანესი” გაიყვანა წინ.
ახლა „რეალი” ვეღარც „სამეფო თასისთვის” იბრძვის და ჩემპიონატშიც ლიდერ „ბარსელონას” 19 ქულით ჩამორჩება. ერთადერთი ტიტული, რომელიც ამ სეზონში მადრიდელებმა შეიძლება მოიგონ არის ჩემპიოთა ლიგა, სადაც ასეთი თამაშით საეჭვოა „პარი სენ ჟერმენს” აჯობონ.
23 დეკემბერს შინ „ბარსელონასთან” 0:3 დამარცხების შემდეგ ესპანეთის ჩემპიონს საკუთარ კედლებში ცუდი შედეგები ჰქონდა ისეთ გუნდებთანაც, როგორებიც არიან მეორე დივიზიონის „ნუმანსია” (2:2 თასზე), „ვილიარეალი” (0:1 ჩემპიონატში) და ახლა „ლეგანესი” (1:2 თასზე).
ამრიგად, „ლეგანესი” გავიდა ნახევარფინალში, სადაც უკვე არიან „სევილია” და „ვალენშია”, რომელთაც დღეს „ბარსელონასა” და „ესპანიოლს” შორის გამარჯვებული შეემატება.