დღეს ლოზანაში გამართულმა ერთა ლიგის წილისყრამ ევროპული ფეხბურთის კიდევ ერთი ისტორიული ფურცელი გადაშალა. ახალი ტურნირის მონაწილეები ჯგუფებში გადანაწილდნენ და ახლა სექტემბერს დაელოდებიან, როცა უშუალოდ მატჩების დრო დადგება. 

წილისყრის შედეგები ასეთია:

A ლიგა

1 ჯგუფი: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია

2 ჯგუფი: ბელგია, შვეიცარია, ისლანდია

3 ჯგუფი: პორტუგალია, იტალია, პოლონეთი

4 ჯგუფი: ესპანეთი, ინგლისი, ხორვატია

B ლიგა

1 ჯგუფი: სლოვაკეთი, უკრაინა, ჩეხეთი

2 ჯგუფი: რუსეთი, შვედეთი, თურქეთი

3 ჯგუფი: ავსტრია, ბოსნია, ჩრდილოეთ ირლანდია

4 ჯგუფი: უელსი, ირლანდია, დანია

C ლიგა

1 ჯგუფი: შოტლანდია, ალბანეთი, ისრაელი

2 ჯგუფი: უნგრეთი, საბერძნეთი, ფინეთი, ესტონეთი

3 ჯგუფი: სლოვენია, ნორვეგია, ბულგარეთი, კვიპროსი

4 ჯგუფი: რუმინეთი, სერბეთი, ჩერნოგორია, ლიტვა

D ლიგა

1 ჯგუფი: საქართველო, ლატვია, ყაზახეთი, ანდორა

2 ჯგუფი: ბელარუსი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, სან მარინო

3 ჯგუფი: აზერბაიჯანი, ფარერები, მალტა, კოსოვო

4 ჯგუფი: მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი

 

ერთი შეხედვით, ყველაზე ძლიერი A  ლიგის პირველი ჯგუფი ჩანს, სადაც გერმანიის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ეროვნული გუნდები მოხვდნენ. გერმანელთა შემტევმა ტომას მიულერმა თავის „ტვიტერში“ დაწერა: „სასიკვდილო ჯგუფია. საინტერესო სტარტია ახალი ტურნირისთვის.“

ფრანგთა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კი დასძინა: „ვიცოდით, რომ უძლიერესი გუნდები შეგვხვდებოდა. ახლახან, ევროპის საკვალიფიკაციოში ჰოლანდიელებს ვეთამაშეთ (1;0, 4:0). გერმანელებს ამხანაგურად გავეჯიბრეთ და ვერ დავამარცხეთ (2:2). პრესტიჟული მატჩები გველის, ტურნირი ამისათვისაცაა ჩაფიქრებული. კარგია, რომ პირველხარისხოვანი მოწინააღმდეგეები გვეყოლება.“

კიდევ, ამავე ლიგის მე-4 ჯგუფში ესპანეთ-ინგლისის დაპირისპირება რად ღირს.

არაფერი დაეწუნება სხვა ლიგებსაც. პორტუგალიელთა მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში ამბობს: „რთული ჯგუფია. პოლონელებს ბოლო ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში შევხვდით და ვიცით რა დონის ფეხბურთელებიც ჰყავთ, იტალიასთან შეხვედრა კი არავის უხარია. მით უმეტეს, ახლა, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ და ამ ტურნირში ეცდებიან სიძლიერის დამტკიცებას. ერთი შემიძლია შეგპირდეთ, ჩვენი გუნდი თავს არ დაზოგავს და ყოველ მატჩში გასამარჯვებლად გავა მინდორზე.“

B ლიგაში ჩეხეთ-სლოვაკეთის დაპირისპირება იქნება საინტერესო. ამას ჩეხთა მწვრთნელი კარელ იაროლიმიც ადასტურებს: „სლოვაკებთან მატჩები ჩვენთვის განსაკუთრებულია და დამატებით მოტივაციას გვმატებს.  მათთან დაპირისპირება სერიოზული გამოცდა იქნება ჩვენთვის. უკრაინაც ამბიციური გუნდია და პირველობისთვის თავს არ დაზოგავს. მოკლედ, საინტერესო ამბები გველის.“ – დასძენს იაროლიმი.

ანდრეი შევჩენკო, უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ეს შეჯიბრი ახალგაზრდების გამოცდის ჩინებული შესაძლებლობაა, თან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს იძლევა. მიხარია, რომ ასეთი ტურნირი გაჩნდა. აქ ხომ გუნდებს შორის დიდი სხვაობა არ არის, ამიტომ გულშემატკივრებს  საინტერესო მატჩები ელით და სტადიონებიც გაივსება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.“

ამავე ლიგის მე-4 ჯგუფში ირლანდია და დანია ერთად მოხვდნენ. შეგახსენებთ, ესენი გასულ ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფშიც შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი მატჩი კოპენჰაგენში უგოლოდ დამთავრდა, დუბლინში კი ვიკინგებმა 5:1 გაიმარჯვეს და ჩვენი თანამეჯგუფე მშრალზე დატოვეს. ცხადია, ირლანდიელებს რევანშის წყურვილი არ ასვენებთ.

ყველაზე თანაბარი მაინც C ლიგის ჯგუფები გვგონია, სადაც მეტ-ნაკლებად ყველა ნაკრები შეიძლება ფავორიტად მოინათლოს ესტონელებისა და ლიტველების გარდა.

მთავარი კითხვა კი ის არის, რამდენად სერიოზულად მოეკიდებიან დიდი გუნდები ამ ტურნირს, თორემ დაბალრეიტინგიანები იცოცხლეთ, დაჭამენ ერთმანეთს.

ჩვენი D ლიგის ჯგუფების შესახებ კი სხვა წერილში წაიკითხავთ.

წილი
წინა სტატიაუკეთესიც შეიძლებოდა
შემდეგი სტატიარეალი ყოფილა ეს — ლეგანეს!
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.