დღეს ევროპულ ფეხბურთში ახალი ეპოქა დაიწყება. თბილისის დროით 15.00 საათზე შვეიცარიულ ლოზანაში ერთა ლიგის პირველი გათამაშების წილისყრა გაიმართება. ეს არის ახალი შეჯიბრება, რომელიც ძირითადად ამხანაგურ მატჩებს ჩაანაცვლებს, ხოლო საქართველოს მსგავს დაბალრეიტინგიან ნაკრებებს დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი მიეცემათ.

უეფას წევრი 55 ქვეყანა ოთხ ლიგადაა დაყოფილი. ჩვენები ბოლო, მე-4 ლი­გაში ითამაშებენ.

ჩვენი „კბილა“ გუნდები სულ ოთხ ოთხგუნდა ჯგუფად გადაანაწილებენ. პირველადგილოსნები 2020-ის მარტში პლეი ოფს გაითამაშებენ და გამარჯვებული 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს.

უეფას წესდების მიხედვით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებები ერთად ვერ მოხვდებიან. მაგრამ როგორ იქნება საქმე კოსოვოსთან რომ აღმოვჩნდეთ ჯგუფში?  ალავერდი ფეხბურთის ფედერაციასთან… რამდენჯერმე ვცადეთ ამ საკითხის გარკვევა, მაგრამ ფედერაციიდან პასუხი ვერ მივიღეთ…

წილისყრისას ჩვენთვის, ალბათ, იდეალური ოთხეული ასეთი იქნება: საქართველო, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი. უარესი კი: საქართველო, სომხეთი (ან ლატვია), ყაზახეთი(ან მოლდოვა),კოსოვო…

მაგრამ, დაველოდოთ, ბევრიც არაფერი დარჩა.

თამაშების განრიგი  ასეთია:

1 ტური: 6-8 სექტემბერი 2018; 2 ტური: 9-11 სექტემბერი; 3 ტური: 11-13 ოქტომბერი; 4 ტური: 14-16 ოქტომბერი; 5 ტური: 15-17 ნოემბერი; 6 ტური:18-20 ნოემბერი

წილი
წინა სტატიაადიოს!
შემდეგი სტატიაუკეთესიც შეიძლებოდა
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.