
უეფამ ერთა ლიგად წოდებული სადებიუტო ტურნირის კენჭი ყარა. საქართველო, რეიტინგიდან გამომდინარე, უსუსტეს D ჯგუფში მოხვდა. ეს მინუსთან ერთად გარკვეული პლუსიცაა – D ჯგუფის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს, თუმცა საამისოდ ჯერ ქვეჯგუფში გამარჯვება, მერე კი სხვა ქვეჯგუფების გამარჯვებულებთან ფლეი-ოფში პირველობაა აუცილებელი.
რაც შეეხება ქვეჯგუფს: უსუსტესი კალათიდან ანდორა გვერგო და იმედია, პრობლემა არ შეგვექმნება. აი, სხვა ორ მეტოქეს რაც შეეხება, ყველაზე კერკეტი კაკლები გვერგო: ლატვია და ყაზახეთი. არადა, კალათებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა, მათ ნაცვლად ოდნავ უფრო სამოყვარულო ფეხბურთის მიმდევრები შეგვხვედროდნენ.
რაც არის, არის! თუ ევროპის ჩემპიონატზე თამაში გვინდა, ლატვიის და ყაზახეთის დამარცხების ამბიცია ნამდვილად უნდა გვქონდეს. დანარჩენი გზაში გამოჩნდება.
ფორმატის მიხედვით D ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო შესარჩევში C ჯგუფის უსუსტესს ჩაანაცვლებს. იმავე დროს, არის ცდუნება, რომ ძლიერი ნაკრები განზრახ დაქვეითდეს და შედარებით სუსტ მეტოქეებთან ჭიდილში იოლად მოიპოვოს ევროპის ჩემპიონატის საგზური.
ახალი ფორმატის უდიდესი პლუსი ის გახლავთ, რომ ოფიციალური მატჩები მოხსნის (პრაქტიკულად) ამხანაგური შეხვედრების პრობლემას, ამოასუნთქებს ფეხბურთის ფედერაციის ჩინოსნებს და ოფიციალური სტატუსიდან გამომდინარე, თითოეული შეხვედრა გაცილებით მეტ ქომაგს მიიზიდავს. მოკლედ: საქართველო, ლატვია, ყაზახეთი, ანდორა
ჯერ აქ ვიპირველოთ და „ჰოპლა“ ქომაგებზე იყოს.
თამაშების განრიგი ასეთია:
1 ტური: 6-8 სექტემბერი ; 2 ტური: 9-11 სექტემბერი; 3 ტური: 11-13 ოქტომბერი; 4 ტური: 14-16 ოქტომბერი; 5 ტური: 15-17 ნოემბერი; 6 ტური: 18-20 ნოემბერი…
ლატვია
ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა 1921 წელს
პრეზიდენტი: გიუნტინს იდრიკსონსი
ფიფას წევრი 1922 წლიდან
უეფას წევრი 1992 წლიდან
ადგილი ფიფას რეიტინგში 131
ადგილი უეფას რეიტინგში 41
სტადიონი: “სკონტო” (8 807)
მწვრთნელი: ალექსანდრს სტარკოვსი
კაპიტანი: ანდრის ვანინსი
ყველაზე მეტი მატჩი: ვიტალის ასტაფიევსი (167)
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: მარის ვერპაკოვსკისი (29)
სარეკორდო მოგება: (1935: 5:0 ლიტვასთან
2012: 5:0 ლიტვასთან
2016: 5:0 გიბრალტართან)
სარეკორდო მარცხი: (1927: 0:12 შვედეთთან)
2004 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე
ყაზახეთი
ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა 1914 წელს
პრეზიდენტი: სეილდა ბაიშაკოვი
ფიფას წევრი 1994 წლიდან
უეფას წევრი 2002 წლიდან
ადგილი ფიფას რეიტინგში 135
ადგილი უეფას რეიტინგში 27
სტადიონი: “ასტანა არენა” (30 244)
მწვრთნელი: ალექსანდრ ბოროდიუკი
კაპიტანი: ბაიურჟან ისლამხანი
ყველაზე მეტი მატჩი: სამატ სმაკოვი (76)
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: რუსლან ბალტიევი (13)
სარეკორდო მოგება: (1997: 7:0 პაკისტანთან)
სარეკორდო მარცხი: (2005: 0:6 თურქეთთან
2008: 0:6 რუსეთთან)
ანდორა
ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა 1994 წელს
პრეზიდენტი: ვიქტორ სანტუში
ფიფას წევრი 1996 წლიდან
უეფას წევრი 1996 წლიდან
ადგილი ფიფას რეიტინგში 136
ადგილი უეფას რეიტინგში 53
სტადიონი: ეროვნული (3 306)
მწვრთნელი: კოლდო ალვარესი
კაპიტანი: ილდეფონს ლიმა
ყველაზე მეტი მატჩი: ილდეფონს ლიმა (111)
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ილდეფონს ლიმა (11)
სარეკორდო მოგება: (2000: 2:0 ბელარუსთან
2002: 2:0 ალბანეთთან
2017: 2:0 სან მარინოსთან)
სარეკორდო მარცხი: (2005: 1:8 ჩეხეთთან
2006: 0:7 ხორვატიასთან)