ყველაფერს გეტყვით, მთავარია იმ ჩინური გუნდის სახელწოდების ზუსტი გამოთქმა არ მოგვთხოვოთ, სადაც 33 წლის მცველი, ხავიერ მასკერანო „ბარსელონადან” გადადის. ისე, არასწორად გამოთქმის პრობლემა არგენტინელს ეტყობა თანდაყოლილი აქვს, რადგან არც თავად არის მასკერანო — მისი გვარის ასე თქმა საქართველოში დამკვიდრდა და თან ისე მყარად, რომ შეცვლას აზრი აღარ ჰქონდა.

ჩინურ გუნდს კი ინგლისური კითხვის წესებით თუ ვიხელმძღვანელებთ ჰქვია „ჰიბეი ფორჩუნი”, მაგრამ ინტერნეტში ძებნამ გვაჩვენა, რომ პროვინციას, სადაც „ფორჩუნმა” ბინა დაიდო უფრო „ფხებეის” ან „ფხიებეის” ეძახიან. მოკლედ, ის ვინც მასკერანო არ არის, გადადის გუნდში, რომელსაც „ჰიბეი ფორჩუნი” არ ჰქვია.

„ბარსელონას” ჩინურ კლუბზე ოფიციალურად არაფერი უთქვამს, თუმცა ის, რომ არგენტინელი მისგან მიდის, დაადასტურა — „აუდიტორი 1899″-ში მასკერანოს გაცილება დღესაა, ხვალ კი, ესპანეთის „სამეფო თასზე” „ესპანიოლთან” თამაშის წინ მას გულშემატკივრებიც დაემშვიდობებიან.

ვარსკვლავი „ბარსელონაში” „ლივერპულიდან” 2010 წელს გადავიდა, 300-ზე მეტ შეხვედრაში ითამაშა და 17 სხვადასხვა მნიშვნელობის ტიტული მოიპოვა.