თუ ვინმეს დღეს თანამედროვე ფეხბურთელი შეიძლება ვუწოდოთ, ალბათ, ეს ბელგიელი კევინ დე ბრუინია. „მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი სწორედ ისაა, ვისაც ყველამ უნდა მიბაძოს, მათ შორის ქართველმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, მწვრთნელები კი მათ ყოველდღე უნდა აყურებინებდნენ მის შედევრებს და ბელგიელის მაგალითზე უხსნიდნენ – რა არის დღევანდელი ფეხბურთი…
ნომინალურად შემტევი ნახევარმცველია, თუმცა სინამდვილეში მას ამპლუა არ აქვს – ის ყველგანაა, ჩინებულად „კითხულობს“ თამაშს, თანაბრად ურტყამს ორივე ფეხით, აქვს შესანიშნავი პასის კულტურა, შეუდარებელია ართმევაზე, ოსტატურდ შეუძლია მკაცრი პრესინგის პირობებში თამაში, გოლებიც ისეთები გააქვს, ლამის ყველა შედევრია…
და კიდევ, არ დადის ღამის კლუბებში, არ ეხვევა სკანდალებში, არ იცვლის ვარცხნილობას ყოველ კვირას, არ იკეთებს იდიოტურ ტატუებს და არ ცდილობს მიბაძვას. ის უბრალოდ თამაშობს…
მისი ოდინდელი ვოლფსბურგელი მწვრთნელი, დიტერ ჰეკინგი ამბობს: „კევინი ფენომენია. უცებ ჩნდება მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე, მერე უცებვე ქრება და ისევ ჩნდება საჭირო დროს საჭირო ადგილზე. ის იდეალურია დაცვიდან შეტევაში გადასვლისას, ფანტასტიკურად გრძნობს სივრცეს, მოწინააღმდეგეებმა უბრალოდ არ იციან როგორ ითამაშონ მის წინააღმდეგ.დააკვირდით, კევინი ხშირად აღმოჩნდება ხოლმე მეურვის გარეშე, არადა,ყველამ იცის რა საფრთხეც მომდინარეობს მისგან.“
კევინი არ არის ზემეგოლე, არც გამორჩეული მეპასე ან სუპერდრიბლიორია, ის არის მოთამაშე, რისთვისაც გვიყვარს ფეხბურთი, მას ეს თამაში ხელოვნების დონეზე აჰყავს.
„ყოველთვის მერჩივნა პარტნიორისთვის პასი მიმეცა, ვიდრე თავად გამეტანა. როცა გაგაქვს მშვენიერი განცდაა, მაგრამ სხვას რომ გაატანინებ, გაცილებით დიდი ემოციაა. ბევრი ამას ვერ ხვდება, მაგრამ ეს ჩინებულია,“ – ამბობს დე ბრუინი. მართლაც ასეა, მისი თამაშის ცქერისას ხვდები: ის უბრალოდ პასს კი არ აძლევს თანაგუნდელს – ის მას პატივს სცემს. და ეს მიუხედევდ იმისა, რომ ხშირად ასეთი ქმედებას საკუთარი ინდივიდუალობის გამოვლენის შანსს სწირავს ხოლმე.
ყოველთვის მთელი არსებითაა ჩართული თამაშში და პარტნიორებსაც მუხტს მატებს. სულ ვიღაცას რაღაცას უთითებს და ეს იოჰან კრუიფს ამსგავსებს მას. ცხადია, ბელგიელის დიდ ჰოლანდიელთან შედარება ცოტა თავხედურია, მაგრამ მათ ბევრი საერთო აქვთ. მგალითად, რამდენიმე წლის წინათ „გენკში“ თამაშისას 19 წლის კევინმა ვარჯიშზე ერთი ამბავი აუტეხა ებრაელ შემტევ ელიავივ ბარდას, რომელიც მასზე ათი წლით უფროსი იყო. ჭაბუკს ვეტერანის ვარჯიშისადმი დამოკიდებულება არ მოეწონა. მსგავსი რამეები თავის დროზე ახალგაზრდაკრუიფსაც ახასიათებდა ხოლმე, როცა „აიაქსში“ სულ ახალი მისული იყო.
„ინგლისური პრემიერლიგა ყოველთვის განსაკუთრებით მომწონდა. დედაჩემი ხომ ნახევრად ინგლისელია, როცა პატარა ვიყავი, ყველა „ლივერპულს“ ვქომაგობდით,- იხსენებს დე ბრუინი. ამით კევინი ლონდონში მცხოვრებმა ბიძამ დაავადა. საშობაოდ ის ბიჭუნას „ლივერპულის“ სიმბოლიკიან სათამაშოებს უგზავნიდა ხოლმე და გადარია ბავშვი. კევინის კერპი მაიკლ ოუენი გახლდათ. მისი ფანატიზმი კი ხანდახან აბსურდამდე მიდიოდა. ერთხელ თანაკლასელებთან ერთად თხილამურებით სწრაფდაშვებაზე თქვა უარი, რადგან ოუენს კონტრაქტით ექსტრემალურ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალებოდა და როგორც ერთგულმა ქომაგმა, კევინმა მას სოლიდარობა გამოუცხადა.
დე ბრუინმა თამაში 2000 წელს „გენტის“ სკოლაში დაიწყო და მწვრთნელები მაშინვე საგონებელში ჩააგდო. ერთი მხრივ, ის ყველაზე გამორჩეული ბავშვი იყო, მეორე მხრივ კი ერთობ ძნელად მოსათვინიერებელი. „კევინი ჯორივით ჯიუტი იყო, მაგრამ სწორედ ამან გამოუბრძმედა ხასიათი და ასეთ ძლიერ ფეხბურთელად აქცია.“ – იხსენებს მისი ერთ-ერთი პირველი დამრიგებელი ფრანკ დე ლეინი.
კევინის „მოთვინიერაბას“ საშველი არ დაადგა. 14 წლისამ მავანთა ჯინზე დატოვა „გენტის“ აკადემია და გენკში გადაბარგდა, თუმცა „ანდერლეხტის“ სკოლა მის სახლთან ორ ნაბიჯში იყო. მერე „არსენალში“ სატაჟირებაც მოასწრო, თუმცა ინგლისში გადაბარგებამდე ჯერ ბევრი დრო რჩებოდა.
გენკში ყოფნას თავად ყველაზე რთულ პერიოდად იხსენებს. გრაფიკის შეუთავსებლობის გამო ხშირად მარტო რჩებოდა ხოლმე. მშობლები რითიც შეეძლოთ, ეხმარებოდნენ, ერთ-ერთი თანაგუნდელის ოჯახშიც მიიყვანეს, მაგრამ იქ დიდ ხანს ვერ გაჩერდა, არავის ეკონტაქტებოდა, არაფრის გამო უცებ ბრაზდებოდა.
მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა შეეჩვია გენკელ თანაგუნდელებს. საუკეთესო მეგობარი კი მეკარე ტიბო კურტუა გახდა. წლების შემდეგ მათი ურთიერთობა ქალის გამო ცუდად დამთავრდა, სწორედ ეს გახლდათ თავის დროზე დე ბრუინის „ჩელსიდან“ წასვლის მთავარი მიზეზი. 2012 წელს კევინი კაროლინა ლინენს ხვდებოდა. როგორც შემდეგ გაირკვა, კევინმა მას საუკეთესო დაქალთან უღალატა. კაროლინმა კი უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და ჯინაზე კურტუას ჩაუგორდა ლოგინში. მერე ინგლისური ტაბლოიდები წერდნენ, ვითომ მეგობრები შერიგდნენო, მაგრამ ისინი ერთად აღარავის უნახავს. ახლა დე ბრუინი ყოფილ მძლეოსან მიშელ ლაკრუასთან ერთად ცხოვრობს. ჰყავს შვილი მეისონი.
„ჩელსის“ გარდა მის კარიერაში იყო „ვერდერში“ განათხოვრება, ერთი სრულფასოვანი სეზონი „ვოლფსბურგში“ და შემდეგ „სიტი“ – დღეისათვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდი, მწვრთნელი და დიდი პერსპექტივები.
მას სამშობლოში უკვე ფეხბურთის რუბენსსაც უწოდებენ. მოგეხსენებათ, რუბენსი შუასაუკუნეების ფლამანდიური სამხატვრო სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. და კევინიც ხომ ფლამანდიელია.
ეს შედარებაც ძალიან თავხედურია, მაგრამ, ალბათ, ყველა, ვინც ხელოვნებას ქმნის და ცხოვრებას გვილამაზებს, მაინც რაღაცით ჰგავს ერთმანეთს…
ორიოდ დღის წინ კი ინგლისურმა ტაბლოიდებმა ახალი ინფორმაცია გაავრცელეს: უახლოეს დღეებში „სიტი“ ბელგიელს ახალ, ექვსწლიან კონტრაქტს შესთავაზებს და მისი ჯამაგირი კვირაში 260 ათასი გირვანქა იქნება,