
გუშინღამ ესპანური პრიმერას მორიგ ტურში მადრიდის “რეალი” ლა კორუნიას “დეპორტივოს” ერთობ არასტუმართმოყვრულად დაუხვდა და 23-ე წუთზე ადრიანის გატანილს ერთბაშად შვიდით უპასუხა. მთავარი ეს არ იყო. როგორც იქნა კრიშტიანომ ნავსი გატეხა და გაიტანა. თანაც – ერთბაშად ორი. აქამდე პორტუგალიელს სეზონში ოდენ ოთხჯერ გაეტანა და თანაგუნდელ ბეილისაც ჩამორჩება, რომელმაც ჯამში რონალდუზე 640 წუთით ნაკლები გაატარა მოედანზე.
პორტუგალიელი იმდენად მოტივირებული იყო, რომ მეორე გოლისას (6:1 გახადა), ულამაზეს თავურს რომ მოჰყვა, სტუმართა მცველმა შერმა ხუთგზის ოქროსბურთოსანს უნებლიე წიხლი შეჰკადრა და წარბი გაუხეთქა . რონალდუს მოედნის დატოვება მოუხდა. ამ დუბლით პორტუგალიელმა ეგებ გაულღვოს გულები მადრიდელებს, რომელთა 70%- ზე მეტი მისი გუნდიდან გაშვების წინააღმდეგი სულაც არაა.
ცნობისათვის: “რეალის” დარჩენილი ხუთი გოლიდან ერთი მოდრიჩმა, ორ-ორი კი ნაჩომ და იმავე ბეილმა გაიტანეს, რომელიც მატჩში საუკეთესოდ ცნეს.