
ინგლისის ტოპ-კლუბებმა პრემიერლიგის შეფებს სუპერაგენტების მოთოკვა სთხოვეს. ფეხბურთი დიდი პრობლემის წინაშე დგას: ტრანსფერებიდან აგენტების წილი განუწყვეტლივ იზრდება, რაც ფეხბურთელების ფასებს არანორმალურად ზრდის. კლუბებს უნდათ, რომ პრემიერლიგამ შუამავალთა როლი და პროცენტი ჩარჩოებში მოაქციოს.
2016 წელს, პოლ პოგბას „იუვენტუსიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” გადაყვანამ აგენტ მინო რაიოლას ჯიბე 46,5 მილიონი ევროთი შეავსო. ამ შოკისმომგვრელმა თანხამ თვით ფიფაც შეაკრთო. დაიწყეს გამოძიება, მაგრამ გაირკვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” კანონი არ დაურღვევია.
2016 წლის ზაფხულისა და შემდგომი საახალწლო სატრანსფერო ბაზრიდან აგენტებს ჯამში 197,5 მილიონი ევრო დარჩათ.
ამ დღეებშიც დიდი გამდიდრების მოწმეები ვხდებით. ალექსის სანჩესის „არსენალიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა ვეტერან არგენტინელ მორაგბეს, სუპერაგენტ ფერნანდო ფელისევიჩს 17 მილიონ ევროს მოუტანს.
გამოსავალი? ამბობენ, რომ პრემიერლიგა ახალ კანონზე მუშაობს, რომლის თანახმადაც აგენტებს ნებისმიერი გარიგებიდან მხოლოდ 3 პროცენტის დატოვების უფლება ექნება.
„კლუბები წუხან, რომ შუამავლებს დიდი პროცენტი და გავლენა აქვთ” — უთხრა „სანს” პრემიერლიგის თანამშრომელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
