არადა, მან „რეალში” მხოლოდ ორი წელიწადი ითამაშაო, წერს ბარსელონაში გამომავალი გაზეთი „მუნდო დეპორტივო” სტატიაში, რომელიც ყოფილ ფეხბურთელს, დანიელ თომას გრავესენს ეძღვნება. გამოცემა მიიჩნევს, რომ გრავესენის დროს (2005-06) ესპანეთში ფეხბურთი დღევანდელივით მაღალ დონეზე არ იყო, მაგრამ თუნდაც მაშინ, თან ასე მოკლე ხანში, ხალხისთვის თავის შეყვარება და ლეგენდის სახელის დამკვიდრება იოლი საქმე არ გახლდათ.

რამდენად არის გრავესენი ესპანური ფეხბურთის და კერძოდ „რეალის” ლეგენდა ამაზე, ალბათ, ყველას თავისი აზრი აქვს. გრავესენი მებრძოლი ნახევარმცველი იყო — არც თავს ზოგავდა და მითუმეტეს არც მეტოქეს. ესთხელ, „სევილიასთან” შეხვედრაში კი შემთხვევით ფინტი გამოუვიდა (სწორედ ასე წერს „მუნდო დეპორტივო” და მართალი უნდა იყოს), რომელიც თავადაც გაუკვირდა და ხალხსაც სალაპარაკო მიეცა — მაშინ, გულშემატკივრებმა დანიელს ბრაზილიურ ყაიდაზე გრავენია შეარქვეს.

„რეალიდან” გრავესენი „სელტიკში” გადავიდა, იქიდან „ევერტონში”, ხოლო 2009 წელს ფეხბურთის თამაშს თავი დაანება, ბურთაობით ნაშოვნი ფული სხვადასხვა ბიზნესში ჩადო და 100 მილიონი დოლარი იშოვნა. როგორც ჩანს დანიელს ფინტები მოედანზე არ გამოსდიოდა, თორემ ბიზნესში შესანიშნავად ეხერხება.

დღეს, 41 წლის თომას გრავესენი მეგობარ ქალთან, მოდელ კამილა პირსისთან ერთად ლას ვეგასში ცხოვრობს, ფული არ აკლია და ცხოვრების დიდი ოცნებაც აისრულა — კაზინოში თამაშობს და თამაშობს.