2003 წლის 12 ოქტომბერს მზე ანათებდა. თარიღი ასე ზუსტად იმიტომ მახსოვს, რომ ნაბახუსევზე მძიმედ ვიყავი — ოქტომბრის მეთორმეტე დღეს ყოველ წელიწადს მძიმედ ვარ. თერთმეტში ახლობელთან დალევა მიწევს. მიკროავტობუსის საჭესთან ბატონი ჯუმბერი იჯდა.  სალონში ხუთი-ექვსი კაცი ვისხედით. ზესტაფონისკენ გავეშურეთ. ადრე გასულებს დრო გვქონდა და ბატონმა ჯუმბერმა რაღა გვირაბში გავძვრეთ, რიკოთზე ავიდეთ, ლამაზი ბუნებააო.

თამაში, რომლის სანახავად და გაზეთში გასაშუქებლად ლიხს იქით გავემგზავრეთ „ეროვნული ლიგა 2“-ის მე-9 ტურისა გახლდათ (ეს უკვე ინტერნეტს ახსოვდა): „მეტალურგი” vs „ამერი”.  ზესტაფონში ილია კოკაიას ეპოქა ჯერ არ იდგა, თბილისის „ამერი” კი სულ ერთი წლისა იყო. ნედლობა ეტყობოდა ყველაფერზე.

ჩავედით. ტრიბუნაზე სულ თხუთმეტი-ოცი კაცი იჯდა. ერთი მათგანი „მეტალურგის” ფეხბურთელის მამა იყო, ქუთაისელი კაცი. გამოველაპარაკე. წლეულს ბიჭი უგუნდოდ დამრჩა და მთლად უბურთოდ რომ არ ყოფილიყო აგერ, ზესტაფონში უხელფასოდ მოვაწყეო. ყოველ თამაშზე შვილი ქუთაისიდან ზესტაფონში ჩაყავდა და უკან ბრუნდებოდა.

გასახდელებში წყალი არ იყო. შეიძლება ჭაობის მონსტრიც ცხოვრობდა. ყოველ შემთხვევაში, შესვენებაზე გუნდები მოედანზევე მიეყარენ, სათადარიგოთა სკამების პირდაპირ. ფეხბურთელები გაქუცულ მინდორზე ისხდნენ, მწვრთნელები კი, როგორც მათი ამქრის წესია, ხელებს შლიდნენ და ეს ყველაფერი გარეთ ხდებოდა, ყველას დასანახად.

„ამერმა” 5:0 მოიგო.

სტადიონის ტუალეტს აღარ აღვწერ. იქ,  ისე ბნელოდა, კაცი შესასვლელშივე კისერს მოიტეხდა. კინაღამ მოვიტეხე….

მერე კი ჰოპ! და სხვა დროება დადგა. „მეტალურგი” გაქრა და მის ადგილას იშვა „ზესტაფონი” — გუნდი, რომელიც ამ ქალაქის ხსენებაზე ყველას თვალწინ გვიდგას და გვენატრება — საქართველოს ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

სხვათა შორის, „ზესტაფონმა” ფინალში „ამერს” მოუგო.

„ამერიც” დაღვინდა, დაკაცდა: ორჯერ აიღო საქართველოს თასი.

სხვათა შორის, „ამერმა” ფინალში ორივეჯერ „ზესტაფონს” მოუგო.

„ზესტაფონს” 2011-ში ევროლიგის ჯგუფამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა — „ბრიუგეს” ეჭიდავა. „ამერმა” 2006-ში უეფას თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერლინის „ჰერტასთან” იბრძოლა: იქ 0:1 ჰქონდა წაგებული და აქ კინაღამ შემოატრიალა — 2:2; 2007-შიც კარგად იომა პოლონეთის „ბელხატოვთან”  (2:0, 0:2. პენალტებში დამარცხდა მხოლოდ).

ზესტაფონში სტადიონზე ნემსის ჩასაგდები ადგილი აღარ იყო.

გლდანში, „ამერის” თამაშებზე ერთ მოხუც კაცს შინნაკეთი პლაკატი დაჰქონდა. ზედ ეწერა: „წინ ამერი”!  ძლიერ მეტოქესთან თამაშს რომ დასწრებოდი ადრე უნდა მისულიყავი.

ამასწინათ, შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში — გულშემატკივრებს ამავე პერიოდზე უმსჯელიათ და ერთი ამბობდა, ნუ აჭარბებთ და სულ წარსულს ნუ მისტირითო. ზოგადად მართალია, მაგრამ… აუფ! წარსულის ტირილზე თუ მიდგა, მე კი ვიცი რომელ პერიოდს და რომელ გუნდს უნდა მივტირო. ახლა უბრალოდ სხვა რამეზე ვლაპარაკობ: ერთმა ქართულმა გუნდმა ბუნდესლიგის „ჰერტასთან“ იჭიდავა და მეორე კინაღამ ევროლიგის ჯგუფში შევიდა, მეთქი. მეტი არაფერი.

ამ ბოლო დროს კი გაბალა და გამობალა, გაბალა და გამობალა…

ეგრე არ არის?

არადა, იმ დღეს, როდესაც ბატონმა ჯუმბერმა თქვა, გვირაბში რა გვინდა, კარგი ამინდია და მოდი რიკოთზე გადავიდეთო, მხოლოდ და მხოლოდ „ეროვნული ლიგა 2“-ის მე-9 ტურის თამაშზე მივდიოდით.

ახლა ხმა დაირხა, რომ „ზესტაფონი” ბრუნდება, ოღონდ ვერ ამბობენ რანაირად.

მე კი გეტყვით: რანაირადაც არ უნდა დაბრუნდეს, მაგარი ამბავი იქნება. სულ ქვედას ქვედა ლიგაში რომ დასვან, მჯერა, რომ თავისას მაინც გააკეთებს.

„ამერზე” სამწუხაროდ ჯერ არ არის ლაპარაკი.

არადა, 11 ოქტომბერს ერთხელაც სიამოვნებით დავთვრებოდი ახლობელთან და მეორე დღეს ლიხს იქით გავეშურებოდი.

წრეზე მინდა წასვლა.

წილი
წინა სტატიატაში კოუტინიოს!
შემდეგი სტატიაშლეგი მილიონერი
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.