მაიკლ ფელპსი ლეგენდათა შორის ლეგენდაა. მას ცურვაში 28 ოლიმპიური მედალი აქვს მოგებული, რომელთაგან 23 ოქროსია, მაგრამ ისიც ადამიანი ყოფილა. უდიდეს სპორტსმენს დეპრესიის პრობლემა ჰქონია. ამერიკელი ზევარსკვლავი CNN-ს გამოუტყდა, რომ თვითმკვლელობაზეც კი უფიქრია.
ფელპსის დონეზე ასპარეზობისა და ღვთივბოძებული პოტენციალის ბოლომდე გამომჟღავნებისთვის თავის გადადებაა საჭირო. მოცურავისთვის ყოველი ოლიმპიური ციკლი შედგებოდა სამი ეტაპისგან: მორალურ და ფიზიკურ ძალთა მოკრებისგან; ორკვირიანი მონაკვეთისგან, როდესაც ის დაძაბულობის გიჟურ მწვერვალზე მყოფი მედლებს იხვეჭდა და იცოდა, რომ ოდნავი შეცდომაც კი დამარცხების ტოლფასი იქნებოდა; და ოლიმპიადის შემდგომი ემოციური ვარდნისგან.
„ყოველი ოლიმპიადის შემდეგ, ოქტომბერსა და ნოემბერში დეპრესია მეწყებოდა. თუ სწორედ მახსოვს პირველად 2004 წლის ოლიმპიადის მერე დავითრგუნე. ყველაზე ცუდად კი 2012 წლის თამაშების შემდეგ ვიყავი. სპორტზე აღარაფერს ვამბობ, სიცოცხლე აღარ მინდოდა. დაახლოებით ხუთი დღე ოთახში ჩაკეტილი არც ვჭამდი, არც მეძინა და თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი” — თქვა ფელპსმა.
2014 წელს ამერიკული სპორტის ლეგენდა ამერიკელმა პატრულმა მეორედ დააკავა საჭესთან მთვრალი და მანაც სარეაბილიტაციო ცენტრს მიაშურა. ოღონდ, ფელპსის ამოცანა ლოთობასთან ბრძოლა ნამდვილად არ იყო. მას დეპრესიასთან გამკლავება სჭირდებოდა.
„ცენტრში შესანიშნავად ვაანალიზებდი იმ პრობლემებს, რომლებზე ფიქრიც კი არ მინდოდა” — იგონებს ჩემპიონი, რომელმაც მკურნალობის შემდეგ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა და 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში სულ სხვა ჭკუაზე ჩავიდა. მან იგრძნო, რომ ცურვა კვლავ სიამოვნებდა. კვლავ მოიხვეჭა ოქროები. ის დაუბრუნდა მეგობარ გოგონას ნიკოლ ჯონსონს, დაქორწინდა და მალე წყვილს ვაჟი ეყოლა.