თბილისშიც ყოფილა და ეროვნული სტადიონის გაყვითლებული მინდვრის ირგვლივ ურბენია. თამაშით არ უთამაშია, ტრავმა ჰქონდა და გართულებას მოერიდა.

მაშინ კიევის „დინამოს“ თავდამსხმელი გახლდათ, უკრაინაში ბადალი არ ჰყავდა.

ახლა იტალიაშია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის – „მილანის“ თავდამსხმელია, იქაც უბადლოა, „სან სიროს“ სტადიონის ხასხასა მინდორზე შესაშური სისწრაფით დარბის და გოლი გოლზე გააქვს.

20 წელიწადია, სერია A-ს ასეთი რამ არ ახსოვს – იტალიაში ჩასული უცხოელი პირველივე სეზონში ბომბარდირი გახდა. ეს შარშან, 23 წლისამ შეძლო და საამისო შანსი წლეულსაც დიდი აქვს.

ადრე ფეხბურთთან ერთად ჰოკეისაც თამაშობდა. მალე მსახიობობაც მოუწევს. მართლმორწმუნე ქრისტიანი უკრაინულ ეკლესიასაც ხშირად შესწევია.

ხასიათით თავისებურია. ცინცხალი მაგალითი: ფიფას მიერ მოწყობილ საუკეთესოთა დაჯილდოების გალა-წარმოდგენაზე დაპატიჟებული რომში არ წავიდა.

ამას წინათ „მილანის“ მოწადინებით ევროკავშირელის სტატუსი მიიღო. ახლა კი შანსი აქვს, „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაშიც გაიმარჯვოს და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი შეიქნეს.

ერთი სიტყვით… წაიკითხეთ „სარბიელის“ ინტერვიუ „მილანის“ უკრაინელ თავდამსხმელ ანდრეი შევჩენკოსთან. მას იტალიაში ტელეფონით დავუკავშირდით.

– გამარჯობათ, საქართველოდან გაწუხებთ, გაზეთი „სარბიელი“-

– დიახ, გისმენთ, რეზო ჭოხონელიძემ მითხრა ამის თაობაზე.

– საქართველოში ბევრი გქომაგობთ, ინტერვიუ მინდა გთხოვოთ.

– სასიამოვნოა. მე ქართველებს პატივს ვცემ. გისმენთ, გიპასუხებთ.

– როგორ ფიქრობთ, უკვე სრულფასოვანი ვარსკვლავი ხართ?

– მე არ შემიძლია ამის თქმა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჟურნალისტებისა და სპეციალისტების აზრს, ესე იგი გარკვეულ დონეს მივაღწიე, თუმცა მეტიც შემიძლია.

– „ოქროს ბურთზე“ რას იტყვით? გახდებით ევროპაში საუკეთესო?

– ძნელი იქნება.

– რატომ?

– იცით, მე ძალიან მსურს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე, მაგრამ უკრაინის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, ეს კი ბევრს ნიშნავს. სლოვენიისათვის რომ მოგვეგო და ევროპის ჩემპიონატზე გვეთამაშა, მაშინ საუკეთესოობის დიდი შანსი მექნებოდა. არადა, შარშანდელ გამოკითხვაში მესამე ვიყავი და წლეულს, ვგრძნობ, უკეთეს ფორმაში ვარ. ისე, ღმერთმა ქნას, საუკეთესოდ მე დამასახელონ.

– შარშანდელ სეზონში 24 გოლით სერია A-ს ბომბარდირი გახდით. წლეულსაც მოახერხებთ იგივეს? ბატისტუტაა თქვენი კონკურენტი…

– ის წინა სეზონშიც კონკურენტი იყო, მაგრამ მაინც ვაჯობე. ახლაც იგივეს ვეცდები. ხომ ვთქვი, თავს ვატყობ, შარშანდელზე უკეთ ვთამაშობ და, ალბათ, 24 გოლზე მეტს გავიტან, თუმცა ეს მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული, შევჩენკო მოედანზე მარტო არ თამაშობს, პარტნიორებმაც უნდა შემიწყონ ხელი.

– ვინ არის თქვენი საუკეთესო პარტნიორი „მილანში“ და ვისთან მეგობრობთ?

– აქ კარგი ბიჭები არიან – კოსტაკურტა, სერჟინიო, ამბროზინი, განსაკუთრებით ალბერტინი, მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა. ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, როცა მცველისაგან გავთავისუფლდები, მისგან პასი არ მიგვიანდება, ჩინებულად გვესმის ერთმანეთის მოედანზეც და ცხოვრებაშიც.

– ოთხი ფეხბურთელი ახსენეთ და მათ შორის არცერთია ფორვარდი. თავდასხმაში ვისთან გიადვილდებათ პარტნიორობა?

– ვერ გამოვარჩევ. ბირჰოფი, ხოსე მარი, კომანდინი, თავის დროზე ვეას გვერდითაც მითამაშია და ყველასთან ერთად გამიტანია გოლები. ეს კი თავდამსხმელისათვის მთავარია. ჩემთვის პრობლემა არაა, წყვილში ვისთან ვთამაშობ.

– „მილანში“ ახალგადასულს ძალიან გაგიჭირდათ?

– საკმაოდ. რამდენიმე წელი უკრაინის ჩემპიონატში ვთამაშობდი და მერე ევროპის ყველაზე ძლიერ ლიგაში აღმოვჩნდი. ველოდი კიდეც, რომ თავიდან გამიჭირდებოდა, მაგრამ თანდათან ბევრი რამ ვისწავლე, ყველაფერი დალაგდა და… ახლა ძაკერონიც ბოლომდე მენდობა. თუ გახსოვთ, შარშანდელი სეზონის დასაწყისში ხშირად მცვლიდა.

– „მილანისთვის“ ტიტულებიდან მთავარი რომელია?

– იტალიის ჩემპიონობაც და ჩემპიონთა ლიგს მოგებაც. ჩემთვის კი „ოქროს ბურთიც“.

ისევ „ოქროს ბურთზე“ ჩამოვარდა სიტყვა. საუკეთესოობის ყველაზე დიდი შანსი ვისა აქვს?

– ზიდანს.

– ფიგუს?

– ფიგუსაც.

– თქვენი კოზირი რა არის?

– სისწრაფეში ბურთს კარგად ვიმორჩილებ.

– კარგად და ძლიერადაც ხომ ურტყამთ?

– კი, მაგრამ კოზირად ის მაქვს, რაც გითხარით.

– თქვენ ვან ბასტენსაც გადარებენ. ამის თაობაზე რას იტყვით?

– რა თქმა უნდა, მსიამოვნებს, ასეთ ფეხბურთელს რომ მადარებენ, ამით ვამაყობ კიდეც, მაგრამ მე მისი თამაში კარგად არც მახსოვს. მხოლოდ მატჩების ვიდეოფირებიდან მექმნება მასზე წარმოდგენა. ვან ბასტენი რომ ბრწყინავდა, მე მაშინ ბლოხინის, პროტასოვისა და ლიტოვჩენკოს თამაშს ვუყურებდი.  და მიუხედაავად ყველაფრისა, მსურს, „მილანში“ ჩემი სახელი დავტოვო, ჩემი სახლი მქონდეს.

– თავისუფალ დროს რას აკეთებთ? ჰოკეის ქომაგი ყოფილხართ?

– კი, ადრე ჰოკეის თავადაც ვთამაშობდი და ახლაც სიამოვნებას მანიჭებს. მილანში ორი გუნდია, მაგრამ არც ერთია ძლიერი და მატჩებზე შვეიცარიაში დავდივარ, აქიდან 20 კილომეტრია, იქ უკეთ თამაშობენ. ძალიან მიყვარს ჩოგბურთიც. მონტე კარლოში ჩემი მეგობარი ჩოგბურთელი ანდრეი მედვედევი ცხოვრობს. იქ სახლი მეც მაქვს და ხშირად ჩავდივარ, ანდრეის ვეთამაშები- ხოლმე. თავისუფალ დროს კი შინ, მილანში, ტელევიზორთან მოვკალთდები და „მილანის“მატჩების ფირებს ვუცქერ.

– ანდრეი შევჩენკოს ფილმშიც იღებენო, მართალია?

– მართალია. რა ვიცი, მეუბნებიან ფოტოგენური ხარო. საავტომობილო კონცერნის წარმომადგენლებიც ხშირად მაკითხავენ და ნაირ-ნაირ კლიპებში მონაწილეობას მთხოვენ. რამდენიმე დღის წინ კი „ჯორჯო არმანიმ“ შემომთავაზეს კონტრაქტის გაფორმება.

– ყოველი გატანილი გოლის შემდეგ რომ მაისურას თავზე იფარებთ, ამით რას გამოხატავთ?

– მხოლოდ სიხარულს, ჩვეული რიტუალია – მაისურის თავზე დაფარება და ხელების გაშლა ყოველი გატანილი გოლის შემდეგ. ეს მომენტი ძალიან მსიამოვნებს.

– მარცხენა მაჯაზე თეთრი სამაჯურიც ჩვევაა?

– კარგად მაქვს დაცდილი, თანაც მაჯაც მიმეჩვია. თუ უსამაჯუროდ ვთამაშობ, თითქოს რაღაც მაკლიაო, ისე ვგრძნობ თავს.

– შვიდნომრიანი მაისურაც კარგად გაქვთ დაცდილი?

– დიახ. ადრე „დინამოში“ და ნაკრებში მეათე ნომრით ვთამაშობდი, აქ შვიდიანი მომცეს. ეს ჩემთვის ბედნიერი რიცხვია და ნაკრებში პარტნიორებსაც ვთხოვე, შვიდნომრიანი მაისურა ჩემთვის დაეთმოთ.

– პირჯვარსაც ხშირად იწერთ…

– მორწმუნე ვარ, ყოველი გოლის შემდეგ ჯვარს ვეამბორები ხოლმე. ერთხელ, აქ მილანში, ჩემმა მოძღვარმაც ჩამომაკითხა უკრაინიდან.

16.12.2000

წილი
წინა სტატიათვითმკვლელობას გადარჩენილი გენიოსი
შემდეგი სტატიაSOS! იხსენით ფეხბურთი!
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.