სამხრეთმა და ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტეს მოახლოებული ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ერთიანი დროშით შეაბიჯონ — დროშაზე მათი ნახევარკუნძული იქნება გამოხატული. ის, რომ ორი ქვეყანა ქალთა ჰოკეიში ერთ გუნდს გაიყვანს, ადრეც გაცნობეთ.
პიონგჩანგში, გახსნის ცერემინიალზე ერთიანი დროშით გასვლის გადაწყვეტილებას წინ რთული მოლაპარაკებები უძღოდა. აგრეთვე გადაწყდა, რომ მომდევნო კვირაში ჩრდილოელები სამხრეთს ეწვევიან და საოლიმპიადე ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ. მეტიც, სამხრეთმა კორეამ გადაწყვიტა თავისი რამდენიმე მოთხილამურე ჩრდილოეთის კურორტ მასიკრიონგში მიავლინოს მოსამზადებლად.
ცნობისთვის: პიონგჩანგი საზღვრისპირა დემილიტარიზებული ზონიდან 80 კილომეტრშია.
ხვალ თავიანთი გადაწყვეტილება კორეის სახელმწიფოებმა ლოზანაში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან უნდა განიხილონ. სოკ-მა შეიძლება რეგისტრაციის ვადაჩაფლავებული ჩრდილოკორეელი სპორტსმენებისთვის ათი დამატებითი ლიცენზია დაუშვას.