ამერიკული კალათბურთის ნაციონალური ასოციაცია იმ დროიდან მაჯადოებდა ქარიმ აბდულ ჯაბარი, ლარი ბერდი და მეჯიქ ჯონსონი რომ დგამდნენ ფანტასტიურ შოუებს.

მერე ამ ზღაპრულ სამყაროში ვოვა სტეფანიამ შეაბიჯა და კიდევ უფრო მიგვაჯაჭვა. ცოტა ხანი თორნიკე შენგელიამაც იფრინა იქაურ პარკეტზე, მაგრამ ზაზა ფაჩულია სულ სხვაა – ხანგრძლივი და სტაბილური კარიერის ჯილდოდ გასულ სეზონში NBA-ის ჩემპიონის ბრილიანტის ბეჭედი მიიღო. იმედია, არა უკანასკნელი. თუმცა, წერა სხვა რამემ გადამაწყვეტინა…

ამ დილას, ჩვენთან რომ მამლები ყიოდნენ, ზაზას “გოლდენ სტეიტი” სტუმრად ” “ჩიკაგოს” ამარცხებდა (112:119). ქართველმა ცენტრმა 6 ქულას 11 მოხსნა დაუმატა და 5 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა. მისი გუნდი რეგულარულ ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს, დაღვინებულ-დაბრძენებულ ქართველს კი ამაში სოლიდური წვლილი შეაქვს.

გულიც ამად მწყდება. როგორ დაეხმარებოდა ზაზა საქართველოს ნაკრებს, რომელსაც მსოფლიო პირველობაზე გამოსვლის შანსი ჰქონდა.

ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს, ზაზას უსაყვედურო, მაგრამ სულ მგონია, რომ იჩქარა ნაკრებიდან წასვლა – სათადარიგოთა სკამიდანაც კი კაპიტანი უზომო ფსიქოლოგიური ფორა იყო.

რაც მოხდა, მოხდა. ზაზამ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, ნაკლებ ხელფასად საჩემპიონო გუნდში თამაშზე დადო ფსონი და მიზანსაც უწია. ალალია.

გული კი მაინც მწყდება…

წილი
წინა სტატიახა ხა ხა!
შემდეგი სტატია50:50 – გერმანიის გოლები და შანსები
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".