რუსეთში გადაუღიათ კიდევ ერთი სპორტული ფილმი, საბჭოთა დროის დიად სურათებზე. ამჯერად, კალთბურთზე. ფილმი აღწერს, 1972 წელს ამერიკასთან მოგებულ ლეგენდარულ ოლიმპიურ ფინალს მიუნხენში და იმ დიდ სულიერ და ფიზიკურ შრომას, რომელიც მწვრთნელმა და მოთმაშეებმა გასწიეს, რათა იმ უდიადეს, ორჯერ გადათამაშებულ ბოლო სამ წამამდე მისულიყვნენ, ალექსანდრე ბელოვმა რომ გამარჯვების ბურთი ჩააგდო.
ფილმს ქვია „დვიჟენიე ვვერხ“, რაც, პოეზიასაც თუ გავურევთ, ქართულად მოითარგმნება როგორც მაღლა და მაღლა და მისი შინაარსი მსუბუქად ეყრდნობა საბჭოთ კალათბურთს ვარსკვლავის, სერგეი ბელოვის მოგნონებათა წიგნს და თვითონ სპორტულ მოვლენასაც.
რა თქმა უნდა, კინო, კინოა და იქ ბევრი რამ გამოგონილიცაა, დამატებულიც, გამოკლებულიც და შეცვლილიც, რამაც, თურმე, ადრიდანვე გამოიწივია, ნაკრების მწვრთნელ კონდრაშინისა და ალექსანდრე ბელოვის ქვრივების უკმაყოფილება, რახან ფილმში გადაკეთებულიც ყოფილა და გამაგონილიც მათი პირადი ცხოვრების ამბები. ამიტომ, კონდრაშინის გვარი საერთოდაც შეცვლილია. რა თქმა უნდა, როცა ამბავი, თუნდაც მხატვრულად ასხვაფერებს ადამიანის ცხოვრებას, ტკივილიცა და უკმაყოფილებაც დიდია ხოლმე, თანაც, ამ შემთხვევაში საქმე ეხება კონდრაშინის ავადმყოფი შვილის და სერგეი ბელოვის იშვიათი სარკომით დაავადების ამბებს.
ფილმში, ისევე როგორც ისტორიაში, ორი ქართველი პერსონაჟია, ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია. ისინი, იმ ფინალში სასტარტო ხუთეულში იყვნენ, რადგან კონდრაშინს განსაკუთრებით ეიმედებოდა პირველის გამორჩეული სისწაფე, ნახტომი, ჟინი და მეორის ბრძოლისუნარიანობა და უტეხობა და იმ დამატებითი სამი წამის დამწყებ-შემოქმედიც ხომ სწორედ საკანდელიძე იყო, რადგან სწორედ მან მიიღო ჯარიმა, ჩაჭრის შემდეგ საბჭოთა ფარში შესულ კოლინზზე და ამ უკანასკნელმა კი ორივე საჯარიმო ჩააგდო, პირველად გაიყვანა ამერიკელები წინ იმ თამაშში, საბჭოთა ნაკრებს კი გადასარჩენად სამი წამი დაუტოვა. საერთოდ, იმ ოლიმპიური ფინალის ყველა წამი და გაელვება ცნობილია, და ამის ხელახლა მოყოლას აზრი არც აქვს.
თვითონ ფილმი სრულად იმეორებს საბჭოთა დროის ისტორიულ თუ არაისტორიულ ამბებზე რუსეთში გადაღებულ ფილმებში ლამის მუდმივად გატარებულ აზრს, რომ კარგ კაცს, იმხელა სამშობლო იმის მიუხედავად უყვარს და ის იმის მიუხედავად სჩადის გმირობას, უშლიან თუ არა ხელს მას საზიზღარი საბჭოთა მოხელეები. ასეთ ფილმებში საქმე ასეა ხოლმე, რომ კაგებე ცუდია, ოღონდ მისი უფროსები ან კარგად ჩანან, ან საერთოდ არ ჩანან, სამაგიეროდ კი ჩანან საზიზღარი საშუალო მოხელეები, დამსმენები, მოთვალთვალეები. უცუდესი ხალხი. საბჭოთა ჩინოვნიკური აპარატის საშუალო და ოდნავ მაღალი რგოლიც ცუდი და საზიზღარია, ქლესა, გამყიდველი და ოხერი. თუმცა, ამ ხალხის მაღალი უფროსობა კი გამგები, მიმხვედრი, თვითონაც შებორკილი, მაგრამ დამაფასებელი ხალხია ხოლმე. ამიტომ, ბიჭები ყოველთვის სჩაიდან გმირობას.
მებაჟეები მათ გადასაყიდად წამოღებულ საქსოვ ძაფებს და საჩუქრებს ამოუყრიან ჩანთებიდან, გამონაკლისად კეთილგანწყობილი ერთი უბრალო მებაჟე მალულად ავტოგრაფსაც ევედრება, ხოლო მთავარმებაჟე ჩურუჩულით, უგულოდ ულოცავს მწვრთნელს გამარჯვებას. სპორტის უმაღლესი მოხელე პავლოვი, ვის დროსაც საბჭოთა კავშირი ყველაფერს იგებდა, ფეხბურთის გარდა, გამგებ, გულიან, მაგრამ ჯაჯღანა ბიძადაა გამოყვანილი, თუმცა ის იმ ფინალის დროს ორმოცს ცოტათი გადაცილებული კაცი იყო და ასე შემდეგ. მოკლედ, რაც თითქმის ყოველთვისაა, აქაც ისაა.
ფილმის ყველაზე წარმტაცი, მხიარული და კეთილი ეპიზოდი, საქართველოში ხდება. მიხეილ ქორქია ნაკრებიდან წასვლის შესახებ ოლიმპიადის წინ განცხადებას წერს, რადგან დის ქორწილი აქვს და მწვრთნელს ეუბნება, ჩვენთან ერთდღიანი ქორწილები არაა და ამიტომ მეტი ხნით უნდა გამიშვათ შეკრებიდანო. თუ არა და სულ მივდივარო, ოლიმპიადა ოთხ წელიწადში ერთხელაა, ნათესავები კი სულო.
მწვრთნელი, რომელიც აფასებს კალათბურთელებს, მთელ ნაკრებს წაიყვანს ქორწილში და ხალისიანი და ბედნიერი ეპიზოდიც სწორედ იქაა. კონდრაშინი ყანწს სვამს, ყველა ხალისობს, ნაკრების წევრებიც გაილაღებენ: ბურთაობენ, იცინიან, ქორწილი კი, თურმე ყაზბეგშია. რატომაა ქუთაისელი კაცის დის ქორწილი ყაზბეგში და რატომაა საქართველო მარტო მთები, ეს ცნობილი ამბავია რუსულ ფილმებში. აქ სახალისო კიდევ ის არის, რომ ქორქიას ყაზბეგელი თეთრწვერა ბიძა თიხის ბოთლში (ახლანდელი ტურისტული ამბავია, თელავში ერთმა კარგმა კაცმა მომყიდა და შიგ არაფერი ჩაასხაო, გამაფრთხილა) შენახულ ჭაჭას ატანს ქორქიას მიუნხენში, რათა მან ეს ჭაჭა, იქ გადასცეს მის ძმას, ისრაელის ნაკრების ქართველ მწვრთნელს, სავარაუდოდ, ქართველ ებრაელს, თუმცა, ის პატიოსანი კაცი, მოხევის ძმა როგორაა, ვეღარ გამოითვლება.
ასე, რომ მიუხნენში, კეთილი მწვრთნელი ქორქიას და საკანდელიძეს ისრაელის გუნდის კორპუსში უშვებს, რათა ჭაჭა დანიშნულებისამებრ გადასცენ, იეს, იეს და მსგავსი მიმინოობები გაიმეორონ, ამ დროს კი პალესტინელი ტერორისტები კორპუსში მძევლებს აიყვანენ. მიუნხენის ოლიმპიადის ამ ტრაგიკულ ეპიზოდს ჩვენები ასე თამაშ-თამაშ უერთდებიან და თავსაც, მგონი, იოლად დაიძვრენენ.
ეს ამბები ნამდვილი რომც იყოს, მხატვრულად უვარგისია.
საერთოდ, ქართველები ამ ფილმში გამოყვანილი არიან ტრადიციული საბჭოთა დროის წესებით, რომლებიც სტალინის წლებიდან მომდინარეობს. მხიარული, მოუსვენარი, ორივე ბობოქარი, მაგრამ ერთი უფრო წესრიგის მოყვარული, კარგი შემსრულებელი, თავდადებული, მაგრამ დრამაში ჩართვის უნარების არმქონე. ამათ ფონზე, ლიტველი მოდესტას პაულაუსკასი, ნაკრების კაპიტანი, ლამის დატყვევებული ტყის ძმაა. გამუდმებით ლანძღავს და ექაჩება რუსებს და ზედ ფინალის წინ გერმანიაში დარჩენასაც გადაყვეტს, მაგრამ გზიდან მობრუნდება.
საერთოდ, ასეა ხოლმე, რომ როცა რაღაც ნამდვილ სპორტულ ამბავზე იღებენ ფილმს, ცდილობენ რომ მისხალ-მისხალ აღადგინონ სურათი. ამის მიზეზი ის თუა, რომ სპორტული მოვლენა საინტერესო და განუმეორებელი იყო. ალბათ, არის ხოლმე სხვანაირადაც, როდესაც შემოქმედებითი წარმოსახვით დასაჩუქრებული კაცი, ამბავს თავის თავზე მოირგებს და ისეთი მხატვრული ძალით მოგვიყვება, რომ რა მოიგონა და რა დატოვა ნამდვილი, მნიშვნელობა აღარ აქვს. ეს ფილმი არც ერთია, არც მეორე.
ის ფინალი კიდევ დღესაც საყურებელია.