19 წლის იყო, რუსეთის ნაკრებში დებიუტი რომ ჰქონდა და იქიდან მოყოლებული, სეზონი ისე არ დაუსრულებია, რაიმე ტიტული არ მოეგო. 26 წლის ეკატერინა გამოვას პირად და სანაკრებო ჯილდოებს თვლა არ აქვს, შარშანწინ კი ჯერჯერობით უმთავრესი ჯილდო ირგუნა – 2004 წლის ევროპის საუკეთესო ფრენბურთელ ქალად აღიარეს.
ეს ყველაფერი კი „ნიკოლაი მრისხანის“ – ცნობილ მწვრთნელ კარპოლის ყიამყრალი დატუქსვებით და საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი, ახლა საფრანგეთის მოქალაქე ვიქტორია რავასთან მუდმივ კონკურენციაში შეძლო.
მამაკაცთა ჟურნალ „სტაფის“ მიერ მსოფლიოს ხუთ სექსუალურ სპორტსმენ ქალს შორის დასახელებულ კატია გამოვას მოსკოვში დავუკავშირდით და საამისოდ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დახმარება დაგვჭირდა. მოსკოვის „დინამოს“ არაოფიციალური მმართველი ფეესბეს გენერალი ვლადიმერ ზინიჩევია. სწორედ მისი ნებართვით დ უშუალო ჩარევით მოხერხდა ეს ინტერვიუც.
ორი წელია პირმშვენიერი და ჩამოქნილი გამოვა მოსკოვის „დინამოში“ „ურალოჩკადან“ გადავიდა და მას შემდეგ ზინიჩევი გვერდიდან არ მოშორებია. ამასთან ვლადიმერ ზინიჩევი რუსეთის ფრენბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრიცაა. აქამდე ვიცოდით, რომ კატია გამოვას ბავშვობა ცხინვალში ჰქონდა გატარებული და მასთან ინტერვიუც ამ კითხვით დავიწყეთ, თუმც…
– არა, ეს სიმართლე არ არის. ჩელიაბინსკში დავიბადე და გავიზარდე. დედაჩემია ვლადიკავკაზელი. ცხინვალში ნათესავები გვყავდა და ბავშვობაში ვარ ერთი-ორჯერ ნამყოფი. სულ ეს არის, რაც ცხინვალთან მაკავშირებს – გვითხრა გამოვამ, რომელიც ზინიჩევის მობილური ტელეფონით გვესაუბრა.
– ისე, საქართველოსთან მაინც გაკავშირებთ ერთი რამ: ვიქტორია რავასთან თქვენს მეტოქეობას ვგულისხმობთ.
– ვიკა რავა რომ საქართველოში ყოფილა გაზრდილი, სამიოდ წლის წინ გავიგე ოთხთა ფინალების დროს. მანამდე ფრანგი მეგონა. ჩემი და ვიკას მეტოქეობაზე კი ფილმის გადაღება შეიძლება. ძალიან ძლიერი ფრენბურთელია, ვთვლი, რომ ფრენბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. „კანს“ რომ რავა არ ჰყოლოდა, ზედიზედ ორჯერ ვერ მოიგებდა ოთხთა ფინალს. ვიკა ღირსეულად გახდა ამ ტურნირის უძვირფასესი მოთამაშე. არადა, მაშინ მართლაც კარგ ფორმაში ვიყავი და, რა დასამალია, ევროპის საუკეთესო ფრენბურთელობაზე მაშინაც მქონდა პრეტენზია, მაგრამ ვიკამ ფანტასტიკურად ითამაშა 2001-2002 წლების სეზონები და… ისე, ჩვენ მოედანზე ვიყავით მეტოქეები, თორემ დაჯილდოებისას დაახლოვებაც მოვასწარით. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგი ნაცნობები ვართ.
– შარშანწინდელი სეზონი ალბათ გამორჩეული იყო თქვენთვის, რადგან იმავ ვიქტორია რავას აჯობეთ და ევროპის საუკეთესო ფრენბურთელ ქალად დაგასახელეს.
– ის სეზონი მართლაც საუცხოო ფორმაში მყოფმა ჩავამთავრე. ათენის ოლიმპიადაზე საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს და ტურნირის ბომბარდირიც გავხდი. იმავე წელს ევროპის საუკეთესო მოთამაშედ მაღიარეს, მაგრამ იმედგაცრუება უფრო მეტი იყო. დიდი სიამოვნებით გავცვლიდი პირად ტიტულებს ათენის ოლიმპიადის ოქროზე. ფინალი რომ წავაგეთ, ცხარე ცრემლებით ვტიროდი. ყოველთვის ცუდ გუნებაზე ვდგები, როცა ის ფინალი მახსენდება.
– მიუხედავად ამისა, „ევროპის საუკეთესო ფრენბურთელი“ ალბათ ყველაზე დიდი ტიტულია, რაც აქამდე მოგიპოვებიათ.
– ჯერჯერობით ასეა. ათენის ოლიმპიადა რომ მოგვეგო, ალბათ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეც გავხდებოდი. ისე არ გამიგოთ, თითქოს ტიტულებს მივტირი, მართლა ყველაფერს დავთმობდი, ოღონდ ის ფინალი მოგვეგო…
– სანაკრებო ტიტულებიდან რომელს გამოარჩევთ?
– ორჯერ მომიგია მსოფლიო გრან პრი, ოლიმპიური ვერცხლი, ევროპის ჩემპიონობა, რომელი ერთი ჩამოვთვალო… გამორჩეული ალბათ, 1999 წელს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იყო, ჩემი პირველი სერიოზული გამარჯვება. პირველი სიხარული ხომ სხვანაირად გვახსოვს ადამიანებს…
– უცნაურია, ასეთი ტიტულოვანი ფრენბურთელი უცხოურ კლუბებში რომ არ წახვედით სათამაშოდ.
– რუსეთში ყველანაირი პირობები გვაქვს – ფინანსურიც და სავარჯიშოც. ჩვენი კლუბები ევროელიტაში არიან და როცა სამშობლოში ყველანაირად უზრუნველყოფილი ვარ, რატომ უნდა წავიდე საზღვარგარეთ?! ისე, არ გამოვრიცხავ, ლეგიონერი გავხდე, ოღონდ ჯერ ადრეა. მერე, ორ-სამ წელიწადში, მრავალფეროვნებისთვის, შეიძლება უცხოურ კლუბებშიც წავიდე.
– თქვენი და ვიქტორია რავას წყვილი ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა…
– დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ვიკას გვერდით. შეიძლება ასეც მოხდეს. არავინ იცის, რა იქნება ხვალ. მართალი ხართ, მართლაც ძლიერი დუეტი ვიქნებოდით.
– და თან ძალიან ლამაზიც, სპორტულ მხარეს არ ვგულისხმობ.
– გმადლობთ კომპლიმენტისთვის, ვიკა მართლაც ძალიან ლამაზი სპორტსმენია, ჩემი მასთან შედარება გადამეტებულია, თუმც კომპლიმენტს სიამოვნებით ვიღებ.
– მართალია რომ „ურალოჩკაში“ კონფლიქტი გქონდათ მთავარ მწვრთნელ ნიკოლაი კარპოლთან და „დინამოში“ ამიტომ გადახვედით?
– არა, ჭორია! პირიქით, კარპოლი მამასავითაა და როცა თვითონ წავიდა „დინამოში“, მეც წამომიყვანა.
– კარპოლი „დინამოს“ მწვრთნელია?
– არა, ქალთა გუნდის პრეზიდენტია. მწვრთნელობას ჩამოშორდა, ჯანმრთელობა აღარ უწყობს ხელს. იცით, ალბათ, რა ემოციურიც არის, ხანდახან ბილწსიტყვაობს კიდეც, მაგრამ მოედანს მიღმა ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნებაა. ისე, ყველა ვერ უძლებდა და ბევრიც გაექცა, მაგრამ მე მათ შორის ნაღდად არ ვარ. მასთან ხშირად მივდივარ რჩევისთვის. თვითონაც ვერ ისვენებს და ვარჯიშებზე თავის სტიქიაშია, გული მაინც მოედნისკენ მიუწევს.
– უამრავი ფანი და თაყვანისმცემელი გეყოლებათ. პოპულარობა ხელს არ გიშლით პირად ცხოვრებაში?
– რომ გითხრათ, პოპულარობა მომაბეზრებელია-მეთქი, მოგატყუებთ. მომწონს ხალხი რომ მცნობს და ავტოგრაფს ან ფოტოს გადაღებას მთხოვენ. ფანებმა ჩვენი ვებგვერდიც გააკეთეს და ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ჩემზე თბილ სიტყვებს ვკითხულობ. პირად ცხოვრებაში კი ყველაფერი კარგად მაქვს, მაპატიეთ, ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მიყვარს პირად საქმეებზე საუბარი. ისე კი, დაოჯახებას ჯერ არ ვაპირებ.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
– ინტერნეტში ვარ შემძვრალი, მონიტორის ფორმას ვიღებ ხოლმე. კინოშიც დავდივარ და სასიამოვნო საღამოებზეც. დისკოთეკები და ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს. თუ აუცილებლობა არაა, მშვიდ სიტუაციაში მირჩევნია საღამოს გატარება. ძირითადად იტალიურ და ფრანგულ რესტორნებში დავდივარ, იშვიათად იაპონურს ვსტუმრობ. ეს მაშინ ხდება, როცა „სუში“ მენატრება.
14.02.2006