უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მელბურნი ავსტრალიის 106-ე ღია პირველობას უმასპინძლებს და საჩოგბურთო თემშიც თაობათა ფიცხელი დაპირისპირების მოლოდინში სიამოვნებისაგან მაუსებს იფშვნეტენ. მთავარი კითხვაც ასე დაისმის – შეძლებენ, ბოლოს და ბოლოს, ახალთაობის წარმომადგენელნი „ძველ გვარდიასთან“ შეცილებასა და დიდი მუზარადის ტურნირებზე მისი მრავალწლიანი ჰეგემონიის დამხობას, თუ მოვლენები კვლავ ძველი სცენარით განვითარდება და 28 იანვარს ლეგენდარული ავსტრალიელი მეჩოგნის ნორმან ბრუკსის სახელობის თასს ისევ რომელიმე „მამათაგანი“ ჩაიბარებს?!

როჯერ ფედერერი

„მამათაგან“ საუკეთესო ფორმაშია და ტურნირის მთავარ ფავორიტადაც მიიჩნევა პირველობის შარშანდელი და ჯამში ხუთგზის (2004, 2006, 2007, 2010, 2017) გამარჯვებული როჯერ ფედერერი. 36 წლის შვეიცარიელმა სეზონი დამაჯერებლად დაიწყო და თანამემამულე ბელინდა ბენჩიჩთან ერთად პერთში ჰოპმანის თასზეც იმარჯვა, სადაც, სხვათა შორის, მსოფლიო რეიტინგის მეოთხეადგილოსან გერმანელ საშა ზვერევსა და მერვეადგილოსან ამერიკელ ჯეკ სოკსაც სძლია. მართალია, როჯერი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი არ არის – ეს პატივი, ცხადია, ამქრის ესპანელ უსტაბაშ რაფაელ ნადალს ხვდა წილად! – მაგრამ არც იმის დავიწყება ეგების, რომ ნადალისა და მისი ბოლო ხუთი შეხვედრა – შარშანდელი პირველობის ფინალის ჩათვლით – დიადი ალპელის გამარჯვებით დასრულდა.

რაფაელ ნადალი

ტურნირს როჯერი სლოვენიელ ალიაჟ ბედენესთან მატჩით იწყებს. მეოთხე წრეში მას, სავარაუდოდ, ან ამერიკელ სემ ქუერისთან (N13) მოუწევს რკენა, ან 2016 წლის ნახევარფინალისტ კანადელ მილოშ რაონიჩთან (N24), მეოთხედფინალში, დიდი ალბათობით, ან კარგ ფორმაში მყოფი ბელგიელი დავიდ გოფენი (N7) შეხვდება, რომელმაც გასული წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში აჯობა, ან 2009 წლის აშშ-ის ღია პირველობის ფინალში მისი დამშამათებელი არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო (N12), ხოლო ნახევარფინალში ის, შესაძლოა, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს (N14) ან საშა ზვერევს (N4) დაუპირისპირდეს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

რომ არა მუხლის ტრავმა, რის გამოც მან შარშანდელი წლის დამაგვირგვინებელი რვაკაცა ტურნირი გამოტოვა, წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველობის ფავორიტად ეგებ ნადალი მიჩნეულიყო. მაგრამ 31 წლის ესპანელმა იანვრის დასაწყისში აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირსა და ბრისბენის შეჯიბრებაზე გამოსვლაც ვერ შეძლო, ხოლო 11 იანვარს კუიონგის საჩვენებელ ტურნირზე ფრანგ რიშარ გასკესთან დამარცხდა 4:6, 5:7 და, ამდენად, მის მზაობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს.

ტურნირის 2009 წლის გამარჯვებული და სამგზის (2012, 2014, 2017) ფინალისტი პირველ წრეში 37 წლის დომენიკელ ვიქტორ ესტრელია ბურგოსთან ითამაშებს, ხოლო პირველი სერიოზული გამოცდის ჩაბარება, წესით, მეოთხედფინალში უნდა მოუხდეს, სადაც, სავარაუდოდ, 2014 წლის აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონ ხორვატ მარინ ჩილიჩს (N6) ან თანამემამულე პაბლო კარენო ბუსტას (N10) შეხვდება. ფინალში გასასვლელად კი რაფას – შარშანდლის არ იყოს! – შესაძლოა, ისევ ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან მოუწიოს პაექრობა.

გრიგორი დიმიტროვი

ძველთაობელთა „დიდი ოთხეულიდან“ მელბურნში – ფედერერისა და ნადალის გარდა – ნოვაკ ჯოკოვიჩიც იასპარეზებს და გასულ კვირამდე ყველაზე დიდ გამოცანად სწორედ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა რჩებოდა. 30 წლის სერბს, ვინაც ავსტრალიის ღია პირველობის ექვსგზის (2008, 2011, 2012, 2013, 2015, 2016) გამარჯვებული გახლავთ, ჩოგანი საჯაროდ შარშანდელი უიმბლდონის შემდეგ აღარ გაექნია. ის მარჯვენა იდაყვს მკურნალობდა და ამავე მიზეზით სეზონის სტარტზე აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირსაც დააკლდა და ყატარის ღია ჩემპიონატსაც, სადაც წინა ორ წელს პირველობა არავის დაუთმო. თუმცა 10 იანვარს ის მოულოდნელად კუიონგის საჩვენებელ ტურნირზე გამოჩნდა და, იმის მიუხედავად, რომ იდაყვზე ელასტიური სახვევი ეკეთა, მსოფლიო რეიტინგის მეხუთეადგილოსან ავსტრიელ დომინიკ თიმს მაინც დამაჯერებლად –  6:1, 6:4 – გაუსწორდა.

ნიკ კირგიოსი

თიმთან (N5) შეხვედრა ჯოკოვიჩს (N14) შეიძლება მელბურნშიც, მეოთხედფინალურ სტადიაზე, მოუხდეს, ოღონდ მანამდე თავად მან, დიდი ალბათობით, ზვერევის (N4) წინააღმდეგობა უნდა გადალახოს, ხოლო თიმმა, სავარაუდოდ – 2014 წლის ჩემპიონისა და ორგზის (2015, 2017) ნახევარფინალისტის, 32 წლის შვეიცარიელ სტანისლავ ვავრინკასი, რომელსაც შარშანდელი ზაფხულის შემდეგ მუხლის ტრავმის გამო არ უთამაშია. ნოვაკის  პირველი მეტოქე კი უტიტულო ამერიკელი დონალდ იანგი იქნება.

რაც შეეხება „დიდი ოთხეულის“ მეოთხე წევრს, ავსტრალიის ღია პირველობის ხუთგზის (2010, 2011, 2013, 2015, 2016) ფინალისტ ენდი მარის, მან, სამწუხაროდ, ბარძაყის ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო და გემბანს მიღმა აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ 30 წლის ბრიტანელი კორტზე შარშანდელი უიმბლდონის შემდეგ აღარ გამოჩენილა.

ალექსანდრ ზვერევი

„ძველი გვარდიის“ შესაძლო კონკურენტებზე საუბრისას საქმეში ჩახედული ხალხი უწინარესად დიმიტროვსა (N3) და ზვერევს (N4) გამოარჩევს ხოლმე. 26 წლის ბულგარელი ახლა თითქოს ყოველმხრივ მომწიფებული ჩანს საიმისოდ, რათა კარიერაში მორიგი ზეაღმავალი ნაბიჯი გადადგას და დიდი მუზარადის ტურნირებზე პირველი ტიტული მოიპოვოს. ეგებ გახსოვდეთ, შარშან მან მელბურნში ნახევარფინალს მიატანა და ნადალთან დაძაბულ ხუთსეტიან შეხლაში 3:6 7:5 6:7 (5:7) 7:6 (7:4) 4:6 დათმო, ხოლო წელი კარიერის უდიდესი გამარჯვებით – წლის შემაჯამებელი ტურნირის მოგებით – და რეიტინგის პირადსარეკორდო მე-3 საფეხურზე დაასრულა.

20 წლის ზვერევის ვარსკვლავი კი გასულ სეზონში აკიაფდა, რომლის განმავლობაშიც მან ჯამში ხუთი ტიტული მოიხვეჭა და რეიტინგის მეოთხე საფეხურამდე აღზევდა. თუმცა ამ ტალანტის ყველა წახნაგი თანაბრად დამუშავებული ჯერაც არ არის და მას  ბევრი უკლია საიმისოდ, რათა უფრო გამოცდილ მეტოქეებს ტოლსწორად ეპაექროს დიდი მუზარადის ტურნირთა გადამწყვეტ ეტაპებზე, რომლებისთვისაც – უნდა აღინიშნოს! – მას ჯერ არასოდეს მიუღწევია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

მასპინძლებს ასევე ძლიერ სურთ, რომ ეიმედებოდეთ 22 წლის ნიკ კირგიოსისა (N17), რომლის ნიჭისა და ფიზიკური მონაცემების მეჩოგნესაც დასტურ შეჰფერის უფრო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა. თუმცა ეგაა, რომ ნიკი ჯერაც მაჭარივით დუღს და გვერდით არც კარგი დამღვინებელი უჩანს, მისი ბობოქარი სტიქია საჭირო კალაპოტში რომ მოაქციოს. მართალია, სეზონი მან კარგად – ბრისბენის ტურნირის მოგებით – დაიწყო, რომლის ნახევარფინალშიც სწორედ დიმიტროვს სძლია 3:6, 6:1, 6:4, მაგრამ ეს მხოლოდ ეპიზოდური გამონათება იყო, თუ განთიადი, უახლოეს დღეებშივე გაირკვევა. ისე, იმავე გრიშას თქმისა არ იყოს, „ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ მას შეუძლია, რაღაც მომენტში ბრწყინვალედ ითამაშოს, მერე კი ყველაზე ადვილი დარტყმა გააფუჭოს“.

არადა, ავსტრალიელებს თავიანთი ღია პირველობა მე-20 საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ აღარ მოუგიათ – ბოლო იქაური კაცი, ვინც ამის გაკეთება შეძლო, მარკ ედმონდსონი (1976) გახლდათ, ხოლო ქალი – ქრის ონილი (1978). მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველადგილოსანმა, უიმბლდონისა (2002) და აშშ-ის ღია პირველობის (2001) გამარჯვებულმა ლეიტონ ჰიუიტმა 2005 წელს იქ ფინალს უწია, მაგრამ რუს მარატ საფინთან დამარცხდა. მელბურნში კირგიოსისა და დიმიტროვის გზები  შეიძლება უფრო ადრე – მეოთხე წრეში –  გადაიკვეთოს, ოღონდ მანამდე ნიკს, ალბათ, 2008 წლის ფინალისტთან, 32 წლის ფრანგ ჯო-ვილფრიდ ცონგასთან მოუწევს გამკლავება, ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, მეორე წრეში კიდევ ერთ ნიჭიერ ახალთაობელზე, 18 წლის კანადელ დენის შაპოვალოვზე 2017 წლის აშშ-ის ღია პირველობის მეორე წრეში განცდილი მარცხისათვის თუ ირევანშა. ზვერევს კი, სანამ მეოთხე წრეში ჯოკოვიჩზე გავიდოდეს, მესამეში, შესაძლოა, თავის უფროს ძმასთან, 30 წლის მიშასთან მოუხდეს შეხლა.

ანჟელიკ კერბერი

ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ამ მომენტისათვის მსოფლიო რეიტინგის 61-ე ადგილი უკავია, პირველ წრეში 41 ადგილით თავისზე დაბლა მდგომ ავსტრიელ გერალდ მელცერს შეხვდება. ეს მათი მეორე დაპირისპირებაა – პირველი მატჩი, რომელიც 2014 წელს სამარყანდულ თიხნარზე გაიმართა, მელცერის გამარჯვებით დასრულდა 6:2 6:4. თუკი ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზე გასვლას შეძლებს, მისი მეტოქე, სავარაუდოდ, მე-16 ნომრად განთესილი ფრანგ ლუკა პუიე (N16) იქნება.

ახლა ორიოდ სიტყვა ქალთა ტურნირზეც, რომელიც შარშანდელი და ჯამში შვიდგზის (2003, 2005, 2007, 2009, 2010, 2015, 2017) ჩემპიონის სერენა უილიამსის გარეშე ჩაივლის. 36 წლის ძლევამოსილმა ამერიკელმა შარშან სექტემბერში ბავშვი გააჩინა და, მართალია, წლის ბოლოს აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირზე  იასპარეზა, თავისი ფორმით ბოლომდე კმაყოფილი ვერ დარჩა და წლის პირველი დიდი ტურნირის გამოტოვება არჩია.

მის არყოფნაში კარიერის პირველი დიდი ტიტულის მოხვეჭის შანსი ეძლევათ: რეიტინგის ამჟამინდელ ლიდერს, 26 წლის რუმინელ სიმონა ჰალეპს, რომელსაც აქამდე ორჯერ (2014, 2017) უთამაშია როლან გაროსის ფინალში და თითოჯერ უიმბლდონისა (2014) და აშშ-ის ღია პირველობის (2015) ნახევარფინალშიც გასულა; 27 წლის დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის (N2), ვინაც აშშ-ის ღია პირველობის ორგზის (2009, 2014) ფინალისტი და სამგზის (2010-11, 2016) ნახევარფინალისტი და ავსტრალიის ღია პირველობის 2011 წლის ნახევარფინალისტია; 23 წლის უკრაინელ ელინა სვიტოლინას (N4), რომელიც დიდი მუზარადის ტურნირებზე აქამდე მეოთხედფინალს არ გასცილებია და 25 წლის ჩეხ კაროლინა პლისკოვას (N6), ვინაც 2016 წლის აშშ-ის პირველობის ფინალისტია, ხოლო შარშან მელბურნსა და ნიუ-იორკში მეოთხედფინალებამდე მიაღწია.

სიმონა ჰალეპი

სერენას უფროსი და ვინუსი, რომლის ზარდახშაშიც უიმბლდონის კოინდარზე მორეწილი ხუთი (2000, 2001, 2005, 2007, 2008) და აშშ-ის ღია პირველობაზე ნაშოვნი ორი (2000, 2001) ტიტულია დაუნჯებული, ასევე ეცდება ხეირის ნახვას, ეგ – მით უფრო, რომ შარშან უიმბლდონზე ფინალამდე იარა, ნიუ-იორკში კი  ნახევარფინალში წაიფორხილა.

მართალია, 2016 წლის როლან გაროსის გამარჯვებული და შარშანდელი უიმბლდონის ფინალში ვინუსის მძლეველი გარბინე მუგურუსა ტურნირზე მე-3 ნომრად არის განთესილი, მთლად საზეო ფორმაში თითქოს არ უნდა იყოს.

24 წლის ესპანელმა იანვრის დასაწყისში ჯერ ბრისბენის ტურნირის მეორე წრეში შეწყვიტა მატჩი ფეხის კრუნჩხვის მიზეზით, მოგვიანებით კი სიდნეის ტურნირის მეოთხედფინალში ბარძაყის ტრავმის გამო კორტზე საერთოდაც ვერ გავიდა.

მარია შარაპოვა

ცხადია, საყოველთაო ყურადღების ცენტრში იქნებიან ასევე შარშანდელი აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი 24 წლის ამერიკელი სლოან სტივენსი (N13) და ის ორად ორი გოგოც წლევანდელი ტურნირის მონაწილეთა შორის, ავსტრალიის ღია პირველობაზე რომ უმარჯვიათ – 29 წლის გერმანელი ანჯელიკ კერბერი (N22) და 30 წლის რუსი მარია შარაპოვა, ვინაც ახლა მსოფლიო რეიტინგის 48-ე საფეხურზე დგას.

შეგახსენებთ, რომ კერბერმა მელბურნში დაფნი აკჰერსტის სახელობის თასი 2016 წელს შემართა, ხოლო შარაპოვამ – 2008-ში.

წილი
წინა სტატიაინტერვიუ ფეესბეს გენერლის ტელეფონით
შემდეგი სტატიაბასილაშვილმა მელცერი გაიარა
დიონისესთან ხელგადახვეული ლევან კელაურაძე თუ არ გინახავთ, დიდ მოვლენებს თქვენს გვერდით შეუმჩნევლად ჩაუვლია. შუმერებთან და კარდუხებთან გაბაასებული ლევანი ბნელი გარეუბნებიდან გამოსული ოთხოსნებისთვის ნამდვილი განმანათლებელი და უბრალოდ კარგი მეგობარია.