ერთთვიანი შესვენების შემდეგ დღეს ბუნდესლიგა მეორე წრეს იწყებს. მართალია ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად გარკვეულია (ლიდერი „ბაიერნი” მდევარ „შალკეს” 11 ქულით უსწრებს), მაგრამ მაინც არის საინტერესო კითხვები, რომელთაც გერმანიის ჩემპიონატმა პასუხი უნდა გასცეს. გთავაზობთ ხუთ მათგანს, რომლებიც „დოიჩე ველემ” შეარჩია.
როგორ „დორტმუნდს” ვნახავთ მეორე წრეში?
გერმანიის ჩემპიონატის პირველი ნახევრის მთავარი თემა „დორტმუნდის” თავკაცის პეტერ ბოშის სწრაფი აღმასვლა და დაცემა გახლდათ, მაგრამ მისმა შემცვლელმა პეტერ შტიოგერმა გუნდს ორი თამაშიდან ორივე მოაგებინა და ბუნდესლიგის ერთ-ერთი გიგანტი თითქოს დაასტაბილურა.
და მაინც, არის პრობლემები. კერძოდ, ზამთრის სატრანსფერო ბაზრობის გახსნას პიერ-ემერიკ ობამეიანგის გარშემო დიდი ჭორაობა მოჰყვა. ამბობდნენ, რომ მისი შეძენით ორი ჩინური კლუბი იყო დაინტერესებული. ითქვა, რომ გუნდის წამყვანი ფეხბურთელები უკმაყოფილოები არიან იმით, რომ ობამეიანგის მამა და ძმა ბოლოხანს გუნდის სასტუმროში ათენებენ ღამეებს. ეს თურმე მას მერე ხდება, რაც ნოემბერში კლუბმა 28 წლის თავდამსხმელი დისციპლინის დარღვევის გამო თავად დასაჯა ერთთამაშიანი დისკვალიფიკაციით.
მეორე პრობლემური საკითხი დორტმუნდელთა დაცვაა. შეძლებს შტიოგერი უკანა ხაზში ნაპრალების შევსებას? ავსტრიელი მწვრთნელი ორგანიზატორული ნიჭით გახლავთ ცნობილი. „კიოლნში”, საიდანაც ის „დორტმუნდში” გადავიდა, მისი ხელმძღვანელობით საქმე ცუდად არ მიდიოდა, მაგრამ ტრავმებმა აურია გეგმები.
სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს ასე ვთქვათ: ობამეიანგით თუ მის გარეშე დორტმუნდელებს თავდასხმაში ცუდად არ აქვთ საქმე, ასე რომ მთავარი დაცვის გამყარებაა.
ვინ მოწყდება პელეტონს?
შარშან „ბაიერნმა” „ლაიპციგს” ზედ ზამთრის არდადეგების წინ მოუგო და ბუნდესლიგაში ახალაღზევებული გუნდი ცხრილის მწვერვალიდან მაშინღა ჩამოაგდო. უსახური „ჰოფენჰაიმი” კი ჯერაც დაუმარცხებელი გახლდათ. 2018 წელს ასეთი დრამა აღარ არის. როგორც გითხარით, „ბაიერნი” 11 ქულით ლიდერობს, დანარჩენ გუნდებს კი თამაშების 50 პროცენტზე მეტი არ აქვთ მოგებული.
მეორე ადგილზე მყოფი „შალკე” მერვეზე მყოფ „აინტრახტს” მხოლოდ 4 ქულით სჯობია, ასე რომ ევროთასებზე გამსვლელთა ვინაობის გარკვევამდე ჯერ შორსაა. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად მოხვედრას 64 ქულა დასჭირდა. წლეულს მესამეზე გასასვლელად 56 ქულა წესით სრულიად საკმარისი უნდა იყოს.
„ლაიპციგი” ახლა მეხუთეზეა. შეძლებს ეს გუნდი შარშანდელი ნაპერწკლის გაღვივებას? ანდა, მოახერხებს „შალკე” ძალ-ღონე მოიკრიბოს და პელეტონი ჩამოიტოვოს? იქნებ, სხვა გუნდმა შეძლოს გაქცევა? ასე მოხდება თუ ისე, ინტრიგა არის.
მოახდენს ნაგელსმანი შთაბეჭდილებას „ბაიერნზე”?
გახსოვთ, რა ხდებოდა სანამ იუპ ჰაინკესს პენსიიდან „ბაიერნის” მთავარ მწვრთნელად დააბრუნებდნენ? იყო კანდიდატურების დიდი განხილვა და ერთ-ერთ ფავორიტად „ჰოფენჰაიმის” თავკაცი, 30 წლის იულიან ნაგელსმანი მოიაზრებოდა. ნაგელსმანმა 2015-16 წლებში „ჰოფენჰაიმი” გავარდნას გადაარჩინა, შემდეგ კი სანაქებო წაუგებელი სერია ჩაატარა და გუნდი მთლად მე-4 ადგილზე გაიყვანა.
აი, მერე კი დაიწყო წარუმატებლობები: ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „ჰოფენჰაიმი” „ლივერპულთან” დამარცხდა და ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა; ნაგელსმანმა ვერც ევროლიგაზე გამოაჩენინა გუნდს თავი და ბუნდესლიგაშიც მოუკოჭლა.
ვნახოთ, რა მოხდება 2018-ში. თან, ახლა, 27 იანვარს „ჰოფენჰაიმი” სწორედ „ალიანს არენაზე” ჩადის სათამაშოდ. ერთი სიტყვით, შემდეგი 17 ტურის განმავლობაში გამოჩნდება როგორ განვითარდება იულიან ნაგელსმანის კარიერა.
„ჰამბურგიც” გავარდება ბოლოს და ბოლოს?
ის დრო, როდესაც „ჰამბურგი” მთელ ევროპას აზანზარებდა დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ახლა გერმანიის ექვსგზის ჩემპიონს, ჩემპიონთა თასის (დღევანდელი ლიგის) 1983 წლისა და თასების მფლობელთა თასის 1977 წლის გამარჯვებულს ახლა სატრაბახოდ ის აქვს, ბუნდესლიგიდან არასდროს გავვარდნილვარო. გუნდმა ბოლო 4 თამაშში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა და მე-17 ადგილზეა. „ჰამბურგმა” ეს სეზონი თავიდან კი კარგად დაიწყო, მაგრამ მესამე ტურის მერე 45 ქულის ნაცვლად მხოლოდ 9 მოიპოვა. ვაითუ მალე სატრაბახოდ ბუნდესლიგელობაც აღარ დარჩეს.
გახდება „კიოლნი” ყველა დროის უარესი გუნდი?
როდის მოიგო „კიოლნმა” ამ სეზონში თავისი პირველი თამაში ხომ გახსოვთ? ზედ საშობაო არდადეგების წინ, მას მერე, რაც ორი მწვრთნელი და ორი გენერალური მენეჯერი გამოიცვალა. შესაძლოა, ამ გამარჯვებამ გუნდი ცოტა გაახალისა, მაგრამ უსაფრთხო ზონას მთელი 9 ქულით ჩამორჩება. ამრიგად, ქვედა ლიგა, სადაც „კიოლნი” 2014 წლის მერე არ ყოფილა, ძალიან ახლოს ჩანს.
17 ტურის მერე „კიოლნს” 6 ქულა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გასცდა „ტასმანია ბერლინის” 1965-66 წლების საშინელ საშობაო შედეგს — 4 ქულას (იმან იხსნა, რომ ახლა მოგება სამ ქულად ფასდება), მაგრამ მთელი სეზონის ანტირეკორდისგან თავის დასახსნელად კიდევ 4 ქულა სჭირდება.