დღეს ხელბურთში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატი იწყება. ვამბობთ “ევროპას”, ვგულისხმობთ “მსოფლიოს”, რადგან 1898 წელს დანიელი მოფარიკავის, მსროლელისა და ტანმოვარჯიშე ჰოლგერ ნილსენის მიერ ამ ჩინებული საბურთაო თამაშის გამოგონების შემდეგ ხელბურთმა დიდი და ნაყოფიერი გზა განვლო, მაგრამ ბებერ კონტინენტს დიდად ვერ გასცდა. იხილეთ თუნდაც შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის დასკვნითი ცხრილი, სადაც არაევროპული ნაკრებების შედეგები ჯადოსნურ სახეს მხოლოდ მაშინ მიიღებს, თუკი ცხრილს ამოვაყირავებთ. 24 მონაწილიდან საუკეთესო არაევროპული შედეგი ყატარმა(!) წარმოადგინა მე-8 ადგილზე გასვლით. დანარჩენებზე სათქმელიც არაფერია.

ამდენად, ხორვატიის ქალაქებში გასამართი ევრო-2018 მსოფლიო მასშტაბითაც უეჭველად წლის მთავარი სახელბურთო მოვლენა იქნება და “სარბიელის” მკითხველი ოთხ ჯგუფში ოთხ-ოთხად განაწილებული ნაკრებების ვინაობას ინტერესით გაეცნობა.

ჯგუფი Aხორვატიაშვედეთისერბეთიისლანდიამასპინძელი: სპლიტი
ჯგუფი Bსაფრანგეთიბელარუსინორვეგიაავსტრიამასპინძელი: პორეცი
ჯგუფი Cგერმანიამაკედონიამონტენეგროსლოვენიამასპინძელი: ზაგრები
ჯგუფი Dესპანეთიდანიაჩეხეთიუნგრეთიმასპინძელი: ვარაძინი

ცხრილის გადახედვისას ზოგ მკითხველთაგანს თავდაპირველად იქნებ ნოსტალგია მოაწვეს: მთელი იუგოსლავია აქ არის და ხორვატიის, სერბეთის, მაკედონიის, მონტენეგროს, სლოვენიის ნაკრებთა ხილვისას მართებული იქნება გააზრება იმისა, რომ ტრადიციას, თუნდაც სპორტულს, თუნდაც კომუნისტურს, გაფრთხილება და განვითარება სჭირდება. სპორტული იუგოსლავია ყოველთვის მაგალითი იყო სოციალისტური სივრცის ქვეყნებისთვის და მაგალითად რჩება დღესაც.

სხვაფრივ კი მსოფლიო ხელბურთის გრანდები და მათი ჯანი: საფრანგეთის ნაკრებში გარკვეული დოზით თაობათა ცვლა ხორციელდება, მაგრამ “ექსპერტებად” წოდებული მოთამაშეების ძირითადი ბირთვი ისევ მწყობრშია და მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით იბრძოლებს კონტინენტზე გაპირველებისთვის. კაპიტანი სედრიკ სორაინდო და 2017 წლის მოთამაშედ აღიარებული ნიკოლა ყარაბატიჩი ფორმაში არიან და სერიოზულობა არ აკლიათ.

ორი წლის წინ ბებერ კონტინენტზე გაჩემპიონებული გერმანიის ნაკრებში ახალი სახე მხოლოდ მწვრთნელია, რომელიც წინამორბედზე ნაკლებ ამბიციური არ ჩანს. კრისტიან პროკოფმა ნაკრები საგრძნობი ცვლილებების გარეშე ჩაიყვანა ზაგრებს და ამით ხაზი გაუსვა, რომ ევრო 2016-ის მოგებისა და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ბრინჯაოს შემდეგ სრულად ჩაგდებული 2017 წელი (მსოფლიო ჩემპიონატზე ყატართან წაგებულ მერვედფინალს სამარცხვინოს გარდა ვერაფერს უწოდებს კაცი) არა “მანშაფტის”, არამედ მენეჯმენტის სინდისზეა.

მძიმე გამოდგა შარშანდელი სეზონი ესპანეთისთვისაც. 2005 და 2013 წლების მსოფლიო ჩემპიონებმა და ევროპის არაერთგზის პრიზიორებმა 2017 წელს მეოთხედფინალური მატჩი დრამატულ ვითარებაში დაუთმეს ხორვატებს და მეხუთე ადგილსღა დასჯერდნენ. ბომბარდირი ვალერო რივერა და კომპანია შერყეული რეპუტაციის აღსადგენად კბილებს ილესავენ და დასავლეთის იბერთა ფავორიტებიდან ამოგდება ვერ ივარგებს.

ხელბურთის სამშობლოს ნაკრებიც ბალკანეთს მოტივირებული ეწვევა. დანიამ ბოლო ოლიმპიადა მოიგო, მაგრამ უდღეურად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე (მე-10 ადგილი). აქაც რეპუტაციაზე ზრუნვა იქნება სკანდინავიელთა მთავარი მოტივატორი.

16 გუნდში აშკარა მაჩანჩალა არცერთია. აზარტით სავსე თამაშები გველის.

სერბო-ხორვატი ნიკოლა ყარაბატიჩი საფრანგეთისთვის საბრძოლველად მზად არის