„კარაბაოს” ანუ ლიგის თასზე „ჩელსიმ” და „არსენალმა” 0:0 რომ ითამაშეს ცხადია იცით, მაგრამ ის თუ გაიგეთ, ამ მატჩში მონაწილეობის მისაღებად „სტემფორდ ბრიჯისკენ” მიმავალ ნგოლო კანტეს ავარია რომ შეემთხვა და თავისი ნახმარებში ნაყიდი „მინი კუპერი” რომ დაამტვრია? და ამის მიუხედავად, გამვლელებთან სელფიებს რომ იღებდა, არ მოგწონთ? ეტყობა, თავაზიანი კაცია. ხომ წარმოგიდგენიათ, რა გუნებაზე იქნებოდა, მაგრამ ფოტოზე უარი არავის უთხრა.
ერთ-ერთმა თვითმხილველმა ჩვენი ვარაუდი დაადასტურა კიდეც: „ის ძლიერ გაღიზიანებული იყო, მაგრამ ფანებს სურათების გადაღებაზე ბედნიერი სახით თანხმდებოდა”.
26 წლის კანტეს „მინი კუპერი” სატვირთო მანქანას შეეჯახა.
ზემოთ რომ ვთქვით კანტეს მანქანა ნახმარებში ჰქონდა ნაყიდიო, ალბათ გაგიკვირდათ. მართლაც, კაცს კვირაში 110 000 გირვანქა სტერლინგს უხდიდნენ (124 241 ევრო ანუ 380 926 ლარი), ის კი კარგი ავტომობილის შესაძენად სალონში კი არ გარბოდეს, არამედ 20 ათასად ვიღაცის გამონაცვალ „მინი კუპერს” ყიდულობდეს ცოტა უცნაურია, მაგრამ ეტყობა მოკრძალებულ მილიონერობასაც აქვს თავისი ხიბლი.
ფრანგმა ნახევარმცველმა, რომელიც „ჩელსიში” „ლესტერ სიტიდან” გადავიდა და ლონდონელი ლურჯების ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა, ადრეც ჰქონდა ნათქვამი, რომ ავტომობილები არ აინტერესებს. მოგვიანებით, როდესაც ინციდენტის შესახებ ჰკითხეს, მან იგივე გაიმეორა:
„მანქანები არასდროს მყვარებია. ბავშვობაშიც კი არ მიოცნებია საკუთარი მანქანის გაქროლებაზე ან რამე ასეთზე, მაგრამ ჩემი „მინი” ინგლისური, მარცხენაგეზიანი (მარჯვენა საჭით ქუჩის მარცხენა ზოლში გადაადგილება) მოძრაობის ასათვისებლად ძალიან გამომადგა. მე ის ჯერ კიდევ ლესტერში ვიყიდე და დღემდე მყავს”.
კანტეს ავარიის ადგილზე საქმის მოგვარებამ ერთი საათი დააკარგინა. ამის გამო ის ჩამორჩა ავტობუსს, რომელიც მის გუნდს „სტემფორდ ბრიჯზე” ელოდებოდა, რათა ყველანი ერთად შორიახლო სასტუმროში მიეყვანა, სადაც მწვრთნელს ფეხბურთელებისთვის მატჩისწინა დავალებები უნდა მიეცა. საბოლოოდ, კანტემ თავისი ნაავარიები მანქანა დაქოქა და პირდაპირ სასტუმროს მიადგა, სადაც თანაგუნდელებმა ვიდეო და ფოტოები გადაუღეს.