„სიტის“ კაპიტანმა ვენსან კომპანიმ წინა წლის ბოლოს მანჩესტერის ბიზნეს-სკოლა დაამთავრა და ბიზნეს ადმინისტრირებაში მაგისტრის ხარისხი მიიღო. კურსზე ისწავლებოდა ბიზნესი და მენეჯმენტი, ხოლო დასრულდა ორი პრაქტიკული პროექტით. ბოლოს, რა თქმა უნდა, იყო დიპლომის დაცვა. კომპანის ჰქონდა ნაშრომი თემაზე – როგორ შეუძლიათ პრემიერლიგის კლუბებს ბილეთებზე ფასდაკლებით გამოიყენონ უპირატესობა საშინაო მატჩებში და გაიუმჯობესონ შედეგები. კომისიამ სადიპლომო ნაშრომი ასიდან 72 ქულით შეაფასა.
31 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა გამოთვლებით დაასაბუთა, რომ ბილეთების გაიაფებით კლუბები ფინანსურადაც მოიგებენ და მოედანზეც. „გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ საშინაო მატჩებში გუნდი იღებს უპირატესობას, რომელიც პირდაპირ პროპორციულია იმ ატმოსფეროსი, რაც კლუბის შეფებს შეუძლიათ სტადიონზე მეტი გულშემატკივრის მოყვანით – თქვა კომპანიმ BBC-თან ინტერვიუში – ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ასეთი მიდგომა სამომავლო პერსპექტივაში დიდ მოგებას მოიტანს.“
ვენსან კომპანის იტაცებს საქმოსნობა, მაგრამ ცოდნა და გამოცდილება აკლია. 24 წლისამ წამოიწყო ბიზნესი, სამი წლის წინ კი ბარი გახსნა, მაგრამ 2 000 000 გირვანქა იზარალა. „ყოველთვის კარგად მესმოდა, რომ განათლება აუცილებელია და დედაც სულ ამას მეუბნებოდა. ფეხბურთელისთვის საკუთარი ფინანსების მართვაც ხომ ბიზნესია. მინდა, მესმოდეს რას მიხსნის ჩემი ბუღალტერი. სწავლის დროს საშუალება მქონდა საფეხბურთო ინდუსტრიაში ჩამეხედა და გამეგო, როგორ კეთდება ფული“.
ბელგიელმა სრულყოფილად იცის ფრანგული, ჰოლანდიური, გერმანული და ინგლისური, უყვარს პალო კოელიო და არუყვარს ტრამპი.
კომპანის მამა პიერ კონგოელი ემიგრანტია – რეჟიმს გაექცა ბელგიაში და ტაქსისტად მუშაობდა, რომ უმაღლესი განათლება მიეღო. ფეხბურთელობაც უნდოდა, მაგრამ ბურთის დევნით მაშინ ფული არ იშოვებოდა და განათლება არჩია. დედა ჯოსელინი დასაქმების სამსახურში მრჩევლად მუშაობდა და 20 წლის იყო ვენსანი, რომ დედა გარდაეცვალა.
ბრიტანეთის სამეფოს პოლიტიკური ამბები ვენსანს დიდად არ აინტერესებს, სამაგიეროდ საფრანგეთის და ბელგიის პოლიტიკაში ისე კარგად ერკვევა, რომ შეუძლია დაწვრილებით გაარჩიოს.
2009 წელს ბრიტანულ „ინდეპენდიენტესთან“ ინტერვიუში კომპანიმ ბარაკ ობამაზე თქვა: „ძალიან გამიხარდა ბარაკ ობამას არჩევა. მისი პრეზიდენტობით აშშ შეძლებს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგებას და მე მომწონს ობამას მიგრაციული პოლიტიკა“.
2012-ში ბელგიელმა – უკვე „სიტის“ კაპიტანმა – იმავე გაზეთის ჟურნალისტს საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით უთხრა: „ოლანდს არ უყვარს მდიდრები, სარკოზის ემიგრანტები, ლე პენი კი ეკონომიკური პრობლემების მომგვარებელი არაა და ეს ნამდვილად მაღელვებს“.
2017 წელს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებაზე კომპანის რეაქცია ასეთი იყო: „ეს რაღა ჯანდაბაა! მოდით, მთელ მსოფლიოში იდიოტებს მივცეთ ძალაუფლება და ვნახოთ, რა მოხდება. ახალი თაობის რეალითი შოუა, თუ რა არის ეს“?!