ზინედინ ზიდანმა „რეალის” ფეხბურთელები შეკრიბა და ნახევარსაათიანი თათბირი ჩაუტარა. მწვრთნელს მოთამაშეების რეაქცია აინტერესებდა. მას უნდოდა ენახა ვინ რას ფიქრობს ბოლოდროინდელ ცუდ შედეგებზე, გასულ სეზონში ხუთი ტიტულის მომგებ გუნდს ინფექციასავით რომ შეეყარა. ამასთან, ფრანგს სურდა ყველასგან პირადად გაეგო, უჭერს თუ არა მას მხარს.
როგორც „მარკა” იტყობინება, ფეხბურთელებს ზიდანის მიერ წამოჭრილ საკითხებზე დადებითი რეაქცია ჰქონდათ. გამოვიდა, რომ თათბირზე მხოლოდ მწვრთნელმა კი არ ილაპარაკა, არამედ სიტყვა მოთამაშეებმაც ითხოვეს. როგორც გაირკვა ისინი ბევრ რამეში საკუთარ თავს ადანაშაულებენ და სწამთ, რომ გუნდის თამაშის ხარისხი გაუმჯობესდება. სეზონის დამთავრებამდე ჯერ დიდი დროა და მართალია ლა ლიგაში „რეალი” ლიდერს 16 ქულით ჩამორჩება, ესპანეთის სამეფო თასზე და ჩემპიონთა ლიგაში ბრძოლა გრძელდება. ფეხბურთელებმა თქვეს, რომ მათგან მეტი შრომა და თავდადებაა საჭირო.
ზინედინ ზიდანი „რეალის” მწვრთნელად ორი წლის წინ დანიშნეს. ამ ხნის განმავლობაში მას ასეთი ხანგრძლივი თათბირი არ ჩაუტარებია. ჟურნალისტებთან შეხვედრისას კი ფრანგმა თქვა, რომ ის თავისი ბიჭებს ენდობა და ახალი მოთამაშეების ყიდვა არ სჭირდება. ერთადერთი, რაც ზიდანს სურს, ფეხბურთელების თავდადება და აყოლაა.