პარაგვაელმა დიზაინერმა ლილი კანტერომ ლეო მესის ორიგინალურად მოხატული ბუცები ბარსელონაში საჩუქრად ფოსტით გაუგზავნა. სამი თვე დასჭირდა ამანათს ატლანტიკის ოკეანის გადასალახად და „ბარსელონას“ ოფისში მისამართზე მისაღწევად. ამ დღეებში საჩუქარი პატრონთან მისულა და მესის რომ მოსწონებია, „ტვიტერზე“ გამოფენილი სურათიდანაც ჩანს.
25 წლის ლილი უკვე ხუთი წელია ამ ხელობას მისდევს და ფეხბურთელებისგან შეკვეთებს იღებს, ოღონდ მესისგან შეკვეთა არ მიუღია. თვითონ მოინდომა საკუთარი ნახელავი ფეშქაშად მიერთვა არგენტინელისთვის. „მესისთვის განსაკუთრებული რამ უნდა შემექმნა. ბევრი წავიკითხე მასზე, მისი ოჯახის შესახებ და ამის მიხედვით მოვხატე“- თქვა დიზაინერმა.
ერთი ბუცი ნახევრად „ბარსას“ ფერებშია, მეორე – არგენტინის ნაკრების ფერებში, ხოლო ბუცების მეორე ნახევარი მესის ცხოვრებიდან და კარიერიდან ამოკრეფილი სურათებითაა მოხატული.