არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ალფიო ბასილემ Oral Deportiva-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ფრაგმენტებსაც ქვემოთ გთავაზობთ.

ალფიო ბასილე არგენტინული ფეხბურთის გამორჩეული ფიგურაა. ის გახლავთ ერთადერთი სპეციალისტი, რომელსაც გაუწვრთნია როგორც დიეგო მარადონა ასევე ლეო მესი. ბასილეს ხელმძღვანელობით „ალბისელესტემ” ოთხი ტიტული მოიგო: გახდა კონფედერაციათა და არტემიო ფრანკის თასების მფლობელი, ორჯერ ზედიზედ მოიპოვა „კოპა ამერიკას” ჩემპიონის წოდება. მან მოაგებინა ჯილდოები არგენტინულ კლუბებს „ბოკა ხუნიორსსა” და „რასინგს”.

74 წლის გადამდგარი მწვრთნელი ამბობს, რომ დღევანდელ გუნდებს შორის ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტი” მოსწონს.

„რატომ გადავდექი? იმიტომ, რომ ყველაფერმა დამღალა: კონცენტრაციამ, ყოველდღიურ პრობლემებთან ბრძოლამ… დღევანდელ ეპოქაში ახალგაზრდა ფეხბურთელების გულებამდე და გონებამდე მიღწევა ძნელია”, — ამბობს ის.

რას ელის ალფიო ბასილე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისგან?

პასუხი ასეთია: თუ მესი კარგად ითამაშებს, არგენტინის ნაკრებს ყველას დამარცხება შეუძლია, თუ არა და ის ერთ-ერთი რიგითი გუნდი იქნება. ზუსტად ისე, როგორც „ბარსელონა”.

მეტოქეები: ისლანდიას არ ვიცნობ, მაგრამ მგონი მისი არ უნდა გვეშინოდეს; ნიგერია შეტევაში ბრწყინვალე გუნდი უნდა იყოს. ასე ლაპარაკის უფლებას პრემიერლიგაში მოთამაშე ნიგერიელები მაძლევენ; ხორვატია კარგად თამაშობს. ხორვატები მამაცი ხალხია.

სამპაოლი: ხორხე სამპაოლი ერთადერთი არგენტინელი მწვრთნელია, რომელთან შეხვედრის პატივიც არ მქონია.

1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი: ეს იყო ჩემი კარიერის ყველაზე დიდი იმედგაცრუება. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონები ვხდებოდით. მერე კი შურისძიების საშუალება აღარ მომეცა.

ჩემპიონატამდე სამი თვით ადრე მარადონა 104 კილო იყო, მაგრამ 74 კილომდე ჩამოვიყვანეთ. დიეგო დაფრინავდა. შემდეგ კი იყო ეფედრინის ამბავი. რას არ ამბობდნენ მაშინ დიეგოს დისკვალიფიკაციის შესახებ, მაგრამ ეს ეფედრინის საქმე იყო. მე ფიფას ანგარიში წავიკითხე. ეფედრინი… ის ხომ ადამიანს უკეთეს ფეხბურთელად ვერ აქცევს.

აველანჟმა დიეგოს თამაში რომ ნახა თქვა, ესენი მსოფლიოს ჩემპიონები გახდებიანო. არადა, მისი ფიფას პრეზიდენტობის ეპოქაში ბრაზილიას ბოლო შანსი ჰქონდა. 1994 წელს იტალიასთან ფინალში ჩვენ უნდა გვეთამაშა”…