„ბარსელონასთან” დაახლოებულმა წყარომ ესპანურ გამოცემა „სპორტს” უთხრა, რომ ლეო მესის ახალ კონტრაქტში პოლიტიკასთან დაკავშირებული პუნქტი არ არის.

ეს თემა იმიტომ წამოიწია, რომ „ელ მუნდომ” გაავრცელა ინფორმაცია თითქოს კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის შემთხვევაში არგენტინელი „ბარსელონაში” თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს თუ კლუბი ევროპის ერთ-ერთ ტოპ ლიგას მიეკედლება. ჩამოთვლილიც კი იყო ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და იმავე ესპანეთის ლიგები. დაგვეთანხმებით, მესი პროვინციულ ჩემპიონატში მართლა წარმოუდგენელია, „ბარსელონას” გარდა სხვა კლუბში კი ეტყობა თვითონ ვერ წარმოუდგენია თავი.

როგორც მოგახსენეთ, „სპორტმა” საქმეში ჩახედული მავანი ბარსელონელისგან შეიტყო, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშისთვის გამონაკლისი არ არის გათვალისწინებული და თუ „ბარსა” ფედერაციას გამოიცვლის, ეს ეპოქალური ცვლილება არგენტინელს ისევე დაატყდება თავს, როგორც გუნდის ნებისმიერ სხვა მოთამაშეს.

ინფორმაციის წყარომ თქვა, რომ მესიმ თავად ისურვა ერთგულების გამომჟღავნება და კონტრაქტი ისე გააფორმა, რომ პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში კლუბი თავისუფალი აგენტივით ვერ მიატოვოს, თუნდაც ამის საშუალება ფიფას წესებმა მისცეს.