სომოსა შესაძლოა ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილია-ეს ცნობილი გამონათქვამი ამერიკის ერთ-ერთ წარმატებულ პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს ეკუთვნის და მისი ადრესატი ნიკარაგუას სისხლისმსმელი პრეზიდენტი ანასტასიო სომოსა გახლდათ…

ფილიპე კოუტინიოს ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებთან  არ აქვს რაიმე შეხება და რა თქმა უნდა სომოსასავითაც არ ხვრეტს ხალხს, მაგრამ, შარშანდელი სატრანსფერო ფანჯრის დახურვისას, მასთან დაკავშირებით სწორედ რუზველტის ეს ფრაზა გამახსენდა, რადგან, „ლივერპულის” აურაცხელ გულშემატკივართა უმრავლესობას, სწორედ იგივე დამოკიდებულება გაუჩნდა კოუტინიოსადმი, როგორიც ამერიკელებს სომოსასადმი ჰქონდათ – კოუტინიო, ნაბიჭვარია, მაგრამ ჩვენი ნაბიჭვარი – დაასკვნეს სქაუზერებმა იმ სატრანსფერო ციებ-ცხელების დასრულებისას. წინა ზაფხული კი მართლაც ძალიან ცხელი იყო „ლივერპულისთვის” და ფეხბურთელისთვისაც. მთელი სატრანსფერო პერიოდის განვალობაში, ლამის საათობრივად იწერებოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები. ხან ყოველ სამ საათში გადაჰყავდა ესპანურ მედიას ბრაზილიელი „ბარსელონაში”, ხანაც სხვადასხვა სატრანსფერო თანხას ასახელებდნენ. ბოლის კოუტინიოს დემარშზეც ითქვა, ინგლისურ-ესპანურმა პრესამ საერთო ენა გამონახა და გაცხადდა, რომ კოუტინიომ ულტიმატუმი წაუყენა „ლივერპულს” და უთამაშებლობით დაიმუქრა…შესაძლოა ეს საგა ზაფხულშივე დასრულებულიყო, მაგრამ „ლივერპულთან” გაფორმებულ კონტრაქტში არ ეწერა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, რითაც, ალბათ, უთუოდ ისარგებლებდა „ბარსელონა”. ჰოდა, ეს კოზირი მწვრთნელმა იურგენ კლოპმა წარმატებით აქცია ჯოკრად და დაიქუხა – კოუტინიო არ იყიდება!

თავად ფეხბურთელს, რომელიც თავის დროზე 8.5 მილიონ გირვანქად იყიდა „ლივერპულმა” და ზე-წარმატებულ ფეხბურთელად აქცია, უფრო და უფრო ეტყობოდა უხასიათობა, თუმცა ბედს შეეგუა და დარჩა. შემდეგ კლოპის მამაშვილურმა დამოკიდებულებამაც გამოიღო შედეგი და ისიც შედეგიანად ათამაშდა… მაგრამ, გაიხსნა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა და ახლა უფრო მძლავრად დაუბერა ესპანურ-კატალონიურმა ქარმა. კარუსელი კვლავ დატრიალდა… მედიის მტკიცებით, კოუტინიო დაჟინებით ითხოვს „ბარსელონაში” გაშვებას. ესპანურმა პრესამაც, ჩვეულ სტილში უკვე რამდენჯერმე „გადაიყვანა” ბრაზილიელი კატალონიურ კლუბში. ჭორებს ისიც აღვივებს, რომ ფილმა „ლივერპულის” ბოლო ორი მატჩი გამოტოვა და კლოპის ნათქვამს, კოუტინიოს მცირე ტრავმა აქვს და 14 იანვარს „სიტისთან” საომრად მზად იქნებაო, ბევრი საპირწონე არგუმენტად არც აღიქვამს.

ამასობაში კი ესპანურმა არმადამ მორიგი მედია-შეტევა განახორციელა და „ლივერპულსა” და „ბარსას” შორის წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებაზე დაწერა. ინგლისელები, თურმე, კოუტინიოს სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს მიიღებენ, რასაც ბონუსების სახით 40 მილიონიც დაემატება. კლოპის პოზიცია კი კვლავაც შეუვალია: „მე არ ვიყავი „ლივერპულის” მწვრთნელი, როცა გუნდმა სტერლინგი გაყიდა, მაშინაც არ ვიყავი აქ, როცა სუარესი წავიდა, მაგრამ, დღეს მე „ლივერპულის” მწვრთნელი ვარ და კოუტინიო არ იყიდება” – თქვა ჯიუტმა გერმანელმა.

მიუხედავად ამისა, უკვე ინგლისელი ტაბლოიდებიც ამბობენ რომ, კლოპის სიჯიუტე პროცესს ვეღარ შეცვლის და თავის დამშვიდების მიზნით, ყოველი შემთხვევისთვის, კოუტინიოსთან ერთად და მის გარეშე ნაჩვენებ სტატისტიკას აქვეყნებენ, რის თანახმადაც „ლივერპულს” ამ ფეხბურთელთან ერთად საშუალოდ 1.8 გოლი გააქვს და 2.2 ქულას იხვეჭს, მის გარეშე კი გოლების საშუალო მაჩვენებელი 2.2 გახლავთ და ქულასაც უფრო მეტს – 2.3 აგროვებს…

მოკლედ, საგა გრძელდება. ბრიტანული პრესა ფილიპე კოუტინიოს სავარაუდო შემცვლელზე ბჭობს. ჩამონათვალი მართლაც შთამბეჭდავია – დრაქსლერი, მაჰრეზი, ლემარი, ალექსის სანჩესი… ითქვა ისიც, რომ შესაძლოა „ლივერპულმა” „ბარსელონასგან” სუარესის დაბრუნება მოითხოვოს.

p.s. ჯეიმს პირსმა, ლივერპულთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მელვუდში („ლივერპულის” საწვრთნელი ბაზა) დაადასტურეს კოუტინიოს გაყიდვა. იგი 140 მილიონ ევროდ შეუერთდება „ბარსელონას” და ახალი კლუბი მას კვირას, მაქსიმუმ ორშაბათს წარადგენს…