ჟოზე მოურინიუ რომ არ ყოფილიყო მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოებას ვინ ასეირებდა? პორტუგალიელმა ახალი ბრძოლა წამოიწყო, ამჯერად ანტონიო კონტესთან.

ჟოზე მოურინიუ ფორმაშია

კონფლიქტი, რასაკვირველია „განსაკუთრებულმა” გააჩაღა, მაგრამ გუშინდელი რაუნდი იტალიელის ბრალია, რომელიც გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მწვრთნელია, საოცრად ექსცენტრული კაცი ბრძანდება. მან მოურინიუს პირველი ნაკბენი არ დაივიწყა და „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცზე თქვა, ასაკობრივი დემენცია სჭირსო.

თხრობა მოურინიუს ბოლო სიტყვებით დავიწყოთ. მან „ჩელსის” მწვრთნელს 2011 წლის ამბავი გაუხსენა, როდესაც კონტე „სიენას” ედგა სათავეში და ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით რაღაც ინფორმაცია დამალა. მაშინ იტალიელს ათმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, ოღონდ ოთხი თვე რომ გავიდა გაამართლეს და სასჯელი მოუხსნეს. შემდეგ ის „იუვენტუსის” მწვრთნელი გახდა, მაგრამ იმას, რაც „სიენაში” გადახდა, დღემდე განიცდის და სავარაუდოდ, მტკივნეული ამბის ასე წამოძახებას მოურინიუს არ შეარჩენს.

მოუმ კი ასე ბრძანა: „ერთადერთი, რისი თქმაც მინდა ის არის, რომ მოედნის კიდესთან მეც დამიშვია შეცდომები. მომავალში ალბათ გაცილებით ნაკლებად შევცდები, მაგრამ აუცილებლად შევცდები. ხოლო, ერთადერთი, რაშიც არასდროს გავრეულვარ და არ გავერევი, მატჩების ჩაწყობაა. ეს საქმე ჩემთვის არასდროს არავის დაუბრალებია და ვერც დამაბრალებს”.

ჟურნალისტები „განსაკუთრებულს” ჩაეძიენ, კონტეს „სიენას” ამბებს ხომ არ გულისხმობო. მოურინიუმ დაახლოებით ასე უპასუხა: „მას ჰქონდა თამაშების ჩაწყობასთან დაკავშირებული პრობლემები? მე პირადად არ მქონია”.

ანტონიო კონტე მოურინიუსთან საომრად მზადაა

მანჩესტერელთა თავკაცის ზემოთ მოტანილ ციტატაში ალბათ მოედნის კიდესთან დაშვებული შეცდომების ამბავი დარჩა ცოტა ბუნდოვანი. ესეც განვმარტოთ. როგორც გითხარით, იმ დღევანდელი რაუნდი კონტემ დაიწყო, როდესაც მოურინიუზე თქვა ასაკობრივი დემენცია სჭირსო. მოედნის კიდესთან ექსცენტრული ქცევა იგულისხმებოდა.

„მოურინიუს ჩემზე ლაპარაკს უჯობს თავისი ქცევა გაიხსენოს. მოედნის კიდესთან გიჟურ ქცევაზე რომ ლაპარაკობდა თითქოს საკუთარ ამბებს იგონებდა. ისე, როდესაც რაღაცებს ვერ იხსენებ, ასაკობრივი დემენციის ნიშანია და სჯობს ექიმთან წახვიდე” — თქვა კონტემ, რომლის სიტყვებიც „ჩელსის” მმართველობას უხეშად ეჩვენა და მწვრთნელს პირი მობანა — ასაკობრივი დემენციის ნაცვლად ამნეზიის თქმა უნდოდა, მაგრამ ინგლისური კარგად არ იცის და შეეშალაო.

კონტემ კლუბის მიერ შეტანილი შესწორება უარყო და სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. მან პირდაპირ მოურინიუს მიმართა: „როდესაც გავიწყდება წარსულში რა ჰქენი და როგორ იქცეოდი, უნდა შეშფოთდე. ესე იგი ბერდები. ასეთ დროს ექიმთან უნდა მიხვიდე. საკუთარ სიტყვებს უნდა დაუფიქრდე, თორემ ისე გამოდის, თითქოს ჩემთან ბრძოლა გინდა. კი ბატონო, იცოდე, მზად ვარ! ინგლისურში მართლა მაქვს პრობლემა და ამას გამოვასწორებ, სხვა მხრივ კი საკუთარი თავისთვის, ჩემი ფეხბურთელებისა და კლუბისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. პრობლემა არ არის”.