აღელვებულ არსენ ვენგერს „არსენალის“ მწვრთნელის თანამდებობაზე 1207 მატჩი აქვს ჩატარებული და აი, იძულებულია პირველი შეხვედრა გამოტოვოს. ის დასაჯეს. მიზეზი: უპატივცემულობა. 68 წლის ამაგდარი საერთოდ სტადიონზეც ვერ წავა.
ვენგერმა გადაწყვიტა, რომ ჯობს კვირას ფეხბურთის ასოციაციის თასზე ნოტინგემში არ გაჰყვეს გუნდს, ვიდრე ოთხშაბათს „კარაბაოს“ თასზე “ჩელსის“ არ დაუხვდეს “ემირეიტზე“.
უფრო ზუსტად რისთვის დასაჯეს ფრანგი? მან „არსენალისა“ და „ვესტ ბრომვიჩის“ (1:1) შეხვედრის მსაჯის მაიკ დინის პატიოსნება დააყენა ეჭვქვეშ.
ვენგერის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც მან დაიჩემა, ჩემი გუნდის წინააღმდეგ დაშვებული შეცდომები შემთხვევითობა არ არისო. გაბრაზების ბოლო მიზეზი მას „ჩელსისთან“ (2:2) შეხვედრაში მიეცა, როდესაც ედენ აზარის წაქცევა არბიტრმა წესების დარღვევად მიიჩნია და „მეთოფეთა“ კარში პენალტი დანიშნა. ვენგერმა თქვა:
„35 წელიწადია რაც ფეხბურთში ვარ და ვიცი მატჩის შემდეგ როგორ უნდა ვილაპარაკო. მზად ვარ ჩემს ყველა სიტყვაზე პასუხი ვაგო“.
„არსენალის“ იურისტებმა ფრანგი სპეციალისტი გააფრთხილეს, რომ ფეხბურთის ასოციაციასთან სიტყვებით ფარიკაობა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამ ორგანიზაციის დამარცხება შეუძლებელია. ცნობისათვის: ხსენებულ საქმეს ჯერ კიდევ განიხილავენ, საბოლოო წერტილი მაინც არ არის დასმული, მაგრამ ფაქტია, რომ ვენგერს ურჩევნია აზრსმოკლებულ აპელაციებს თავი დაანებოს და თავისი სასჯელი ამ კვირას „ნოტინგემ ფორესტთან“ მოიხადოს.
არსენ ვენგერისთვის დისკვალიფიკაცია უცხო არ არის. 2012 წელს ის უეფამ ააბრძანა მოედნის კიდიდან ტრიბუნაზე სამი მატჩით, ხოლო ერთი წლის წინ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ასევე დასაჯა, ოღონდ ოთხი შეხვედრით. ამჯერად ვერდიქტი უფრო მკაცრია. მწვრთნელი შინ უნდა დარჩეს.