მოჰამედ სალაჰი! — აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ ეგვიპტელი პირველად დაასახელა კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელად. გამოკითხვაში “ლივერპულის“ ვარსკვლავმა თანაგუნდელ საიდო მანესა და “დორტმუნდის” პიერ-ერიკ ობამეიანგს აჯობა.

მანე, სალაჰი და ობამეიანგი

ამრიგად, სალაჰი ისეთი დიდი მოთამაშეების მარაქაში გაერია, როგორებიც იყვნენ დიდიე დროგბა, სამუელ ეტო’ო და იაია ტურე. ეგვიპტელი დეკემბერში BBC-ს ვერსიითაც გახდა “შავ კონტინეტზე” წლის საუკეთესო.

25 წლის თავდამსხმელი “ლივერპულში”   გასულ ზაფხულს “რომადან” გადავიდა. ტრანსფერის ფასი “მცოცავია”: ჯერჯერობით 42 მილიონ ევროს უდრის, მაგრამ შესაძლოა ინგლისელებს 8 მილიონის დამატება მოუხდეთ.

“ლივერპულში” სალაჰს ფრთები შეესხა: პრემიერლიგაში, 19 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 6 შეხვედრაში ხუთჯერ შეაგდო მოწინააღმდეგეთა კარში.

ფორვარდმა დიდი როლი ითამაშა ეგვიპტის ნაკრებშიც — კონგოსთან მოგებულ მნიშვნელოვან შეხვედრაში ორივე გოლის ავტორი ის გახლდათ.

დაჯილდოების ცერემონიალი განაში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს “ლივერპულს” ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე მერსისპირული დერბი ელის “ევერტონის” წინააღმდეგ, კლუბმა სალაჰიცა და მანეც გაათავისუფლა, მაგრამ… თამაშიდან კი არა, ვარჯიშიდან. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ორივე ფეხბურთელი საგანგებოდ მათთვის დაქირავებული თვითმფრინავით დაბრუნდნენ ინგლისში. პრინციპში, სალაჰი დაშავებულია და მაინც ვერ ითამაშებს, მაგრამ მანე წესით, საღამოს “ენფილდ როუდზე” უნდა ვიხილოთ.