პოლ გასკოინი

ახალი წლის დღეები თითქოს ჩათავდა. გვარიან ნამთვრალევზე გაიხსენებ მთელ გასულ დღეებს, როდესაც ჭიქა წყალი მიაყოლე და ფსკერი გამოუჩინე. იხსენებ თავგასიებული და ფიქრობ, რომ გამუდმებით სმა მეტად მძიმე რეჟიმი წარსულის და ტოლუმბაშთა ხვედრია.

რა რაღა თქვან ფეხბურთელებმა, ვისთვისაც მავან მწვრთნელებს არათუ დალევაზე, პაპიროზის მოწევაზეც კი ჯარიმები დაუწესებიათ? მათ ხომ არ შეუძლიათ, გამოთვრნენ და მერე გაბრუჟული თავით მოედანზე გავიდნენ? მწვრთნელი კი არა, მესამე იარუსზე მჯდომი ელამიც შეატყობს, ხარატს, დურგალს, მღარავს, მეკოპეს და პროფესორსაც კი შეუძლია მთვრალს იმუშაოს და ასეც შვრება ხშირად, ფეხბურთელს კი ეს არ ძალუძს.

და მაინც, ფეხბურთელთა მოდგმას სმის ტრფიალი ესმის. გამიგონია ძველი ქართველი ფეხბურთელის ნათქვამი, თამაშზე პირდაპირ რესტორნიდან მივსულვართო; ესეც უთქვათ, ერთ სახელოვან კაპიტანს ნამთვრალევზე სირბილით დაღლილს ჩრდილოეთის კარის მარცხენა ძელთან მოსვლია პირწძალიო; გვსმენია აგრეთვე, ვინმე მობურთალს კრემაციის ურნით შეუსვამს ღვინოო; ზოგსაც მსოფლიოს დიდ ქალაქის სასტუმროს ნომრებში უტეხია ღამე იქაური ნუგბარი სასმელის ხვრეპითო.

ეს ყველაფერი და ასი ამდენი იყო.

და მაინც მსმელ ფეხბურთელთა სამშობლოდ ფეხბურთის სამშობლო უნდა მივიჩნიოთ. მაშ, რუსეთი? – იკითხეთ თქვენ. რუსები, დიახაც სვამენ, მაგრამ ალბიონურ ლუდის ხვრეპას და ლოთობას სხვა ეშხი აქვს.

ჩემი თვალით ვნახე (ტელევიზორში), ტრიბუნაზე მჯდომმა და ლუდის მყლურწავმა პოლ გასკონმა როგორ, ბოდიში და ჩაუბოყინა მიკროფონში ინტერვიუზე მისულ ჩვენს ძმას – აქაოდა, აი ჩემი პასუხიო. აბა, ამას რა შეედრება? მთელს ალბიონზე მგონი სერ სტერლი მეტიუზი იყო, რომელსაც სასმელი არც კი გაესინჯა, დანარჩენზე ქვემოთ.

ბრაიან რობსონი და ალექს ფერგიუსონი

ერთხელ ირლანდიელთა მადლიერმა მწვრთნელმა ჯეკი ჩარლტონმა შოტლანდიის ნაკრებს ძღვნად ყუთი ვისკი მიართვა, აქაოდა, შესარჩევ ჯგუფში მეტოქე ჩამოგვაცილეთო. ის ვისკი რომ მუზეუმში არ დაიდებოდა, ცხადია.

არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატზე იმავ სკოტებმა მხოლოდ ჯგუფური ტურნირის ბოლოსღა გამოიფხიზლეს – მაშინ მათ „ელის არმიას“ (ელი სასმელია იქაური) ეძახდნენ.

ალენ ფერგიუსონმა რომ სკოტების ახალი ნაკრები შეყარა, დაეკითხნენ, შენი ბიჭები თუ სვამენო, ამან კი მიუგო: „ვიპოვე 22 სკოტი, რომელიც არ ეწევა, მაგრამ სად ვიპოვო 22, რომელიც არ სვამსო“ – გაამოთ!

„მიდლსბოროს“ ახლანდელი მწვრთნელი, მანკუნიანელთა ლეგენდარული კაპიტანი ბრაიან რობსონი, ვინც შვიდ წელიწადს კორსეტითა და გამაყუჩებელი ნემსებით გადიოდა მინდორზე, ლუდის ისეთი მსმელი ყოფილა, რომ დღეში შვიდ-ცხრა კათხას ჩაცლიდა ხოლმე, ან რაღა „ოფსილა“ ჰქონდა.

ჯორჯ ბესტი

წარსულის დიდმა ფორვარდმა ჯიმი გრიფსმა კი ლამის ხუთი წიგნი დაწერა თავის ცხოვრებაში სასმელის ადგილის შესახებ. დიდი ლოთი გახლდათ, ჭეშმარიტად.

ერთხელ გორდონ სტრაჩანს და არჩი ჯემილს იმდენი ვისკი დაულევიათ, ბოთლები რომ დაეწყოთ, კელეგბანი გეგონებოდათ.

არის ასეთი კაციც, ბრაიან კლაფი. 70-იანი წლების ბოლოს მან ნოტინგემი რობინ ჰუდის სამშობლოდან ჩემპიონთა თასის სავანედ აქცია.

ორი წლის წინ ინგლისის ნაკრების მწვრთნელს რომ ირჩევდნენ,  მისი სახელიც წამოტივტივდა. არაო, თქვეს მამებმა, კლაფი უხეშად ირჯება და ლუდის სმით სკდება, რა მაგალითი უნდა მისცეს ერსო. ესეც, კარგი.

და რა ვქნათ, რომ არ გვიხსენებია ფეხბურთისა და ლოთობის პატარა უფლისწული ჯორჯ ბესტი?

და კიდევ ათასი „ელის არმიის“ წევრი?!

 

10.01.1996

წილი
წინა სტატიაარც გოლი გააუქმეს და მწვრთნელიც გააძევეს
შემდეგი სტატიავინ არის მარქს ლენინი?
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.