• ესე იგი, ჩაახუტეს ზიდანს?
  • უკეთესს ვის ჩაახუტებდნენ?
  • მე მაინც იმის მხარეს ვარ, ბიჭის.
  • ბიჭისთვის ჯერ ადრეა. ბიჭის დრო მოვა.
  • რაღა ადრეა, ორჯერ ხომ იყო.
  • მოიცა, შენ რომელ ბიჭზე ამბობ?
  • ბიჭი ერთია, რონალდო.
  • ჰმ…
  • რა, ჰმ?
  • რონალდო რაღა ბიჭია? ბიზონია, ბიჭი კი არა.
  • ბიზონი კარსტენ იანკერია, რონალდო როგორაა ბიზონი?
  • ყოველ შემთხვევაში ბიჭიც არ არის.
  • აბა ვინ არის ბიჭი?
  • შენ კარგად იცი ვინც.
  • ვინ? ვინ?
  • ვინ და ბიჭი, ჩესტერში რომ დაიბადა და ლივერპულში რომ თამაშობს.
  • ეეე…
  • რა “ე”?
  • ემაგას ხომ გააფუჭებენ.
  • საიდან მოიტანე?
  • დაათრობენ. ისინი ყველას ათრობენ.
  • დაათრობენ, რა არსენაა?
  • არსენა რა შუაშია?
  • არსენაც ეგრე გააფუჭეს. დაათვრეს და ხელფეხი შეუკრეს.
  • ყველას ათრობენ.
  • ესე იგი, ოუენი ფარსადან ბოდბისხეველის შვილების ნათლიაა?
  • რონალდო რომ უკეთესია, უარობ?
  • დღეს?
  • არა საერთოდ.
  • საერთოდ ესე იგი, გუშინ?
  • შენთან ლაპარაკს აზრი არა აქვს.
  • მე რომ რონალდო ვყოფილიყავი და წელს გამემარჯვებინა, სიცრხვილით სახლიდან არ გამოვიდოდი.
  • და რივალდო.
  • რივალდო რომ ვყოფილიყავი, გამოვიდოდი სახლიდან.
  • აბა, ზიდანი რაღა შუაშია?
  • შუაში კი არა, თავშია. რივალდო ხომ თითქმის ზიდანია,ზიდანი კი თითქმის რივალდო?
  • ვითომ?
  • ვითომ კი არა, ეგრეა.
  • მერე აქედან რა გამოდის?
  • ის გამოდის, რომ ზიდანმა რომ გაიმარჯვა, ერთგვარად რივალდოც გამარჯვებულია.
  • ბარემ რივალდოს გაემარჯვა.
  • არ შეგვჭამეს ამ ბრაზილიელებმა? თითქმის გაგამარჯვებინე, რივალდო გვერდით ამოვიყენე, მეტი რა გინდა?
  • ჟუნინიოს ფეხი არ მოსტეხოდა…
  • ეგრე შმეიხელი რომ ერთი წლით ახალგაზრდა იყოს…
  • რა?
  • რა და “მანჩესტერ იუნაიტედი” ლიგას მოიგებდა.
  • ამით იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ შუკერი დაუმსახურებლად აღაზევეს?
  • შუკერი ვინ არის?
  • ვითომ არ იცის.
  • ვიცოდი ერთ დროს.
  • ახლა…
  • ახლა, კაცს რომ მორიენტესი ამოაგდებს სასტავიდან, მე აღარ ვცნობ.
  • თვითონ მორიენტესიც ამოაგდეს. სავიო…
  • მორიენტესზე დახურდავდი, არა?
  • და გაზა?
  • რა, გაზა?
  • ათი წელიწადია, გაზაზე ხარ დახურდავებული.
  • გაზა არ ხურდავდება.
  • რატომ?
  • იმიტომ, რომ ნიჭი არ ხურდავდება.
  • ეგრე რა.
  • თქვენი წამალია ზიდანი.
  • წამალი?
  • თავით, თავით, ფეხი არც გაუქნევია.

26.12.1998

წილი
წინა სტატიაზოგი ასე უბერავს
შემდეგი სტატიაგაიოზ დარსაძე სახლში გაუშვეს
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.