არგენტინის ნაკრები “რუსეთი 2018”-ზე პირველ შეხვედრას 16 ივნისს ჩაატარებს. “ოტკრიტიე არენაზე” ანუ იმავე “სპარტაკის” სტადიონზე “ალბისელესტე” ისლანდიას დაუპირისპირდება.
არგენტინელთა მწვრთნელმა, 57 წლის ხორხე სამპაოლიმ თავისი წილი ჩემპიონატი უკვე დაიწყო. ის ევროპაში გაემგზავრა, რათა ნაკრების წევრებს ერთხელაც შეავლოს ტრიბუნიდან თვალი და თან ლიონელ მესის, ლუკას ბიგლიას, პაულო დიბალას, მაურო იკარდის და სხვებს შეხვდეს. ის აგრეთვე ნახავს მადრიდის სპორტკომპლექს “სიუდად დეპორტივას”, სადაც არგენტინის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ შეიკრიბება.
სამპაოლის თან ახლავს ორი ასისტენტი, სებასტიან ბეკაჩესე და ხორხე დესიო. ისინი დაესწრებიან მატჩებს ბერსელონაში, მადრიდში, სევილიაში, ლონდონში, ლივერპულში, მანჩესტერში, ტურინში, მილანში, რომსა და პარიზში.
ბარსელონაში სამპაოლი და მისი ასისტენტები შეხვდებიან მესის და თუ იმ დროისთვის უკვე ჩინეთში არ იქნება წასული, ხავიერ მასკერანოსაც. ესპანეთში 6 იანვარს ისინი დაესწრებიან “სევილიას” და “ბეტისის” შეხვედრას, ხოლო მეორე დღეს “ბარსას” და “ლევანტეს” თამაშს. მადრიდში არგენტინის ნაკრების ხელმძღვანელები შეხვდებიან 22 წლის თავდამსხმელ ანხელ კორეას, რომელიც “ატლეტიკოში” გამოდის. მართალია, სამპაოლის ხელში კორეას “ალბისელესტეში” არ უთამაშია, მაგრამ დღითიდღე უმატებს და რუსეთში გამგზავრების კანდიდატია.
რასაკვირველია, სამპაოლი “ატლეტიკოს” თავკაც დიეგო სიმეონესაც გაესაუბრება. მადრიდელთა თავკაცი ნაკრების შეფს თავის მოსაზრებებს გაუზიარებს და რაკიღა მწვრთნელებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ცხადია, ინგლისში გადაფრენის შემდეგ აუცილებლად გაიმართება შეხვედრები პეპ გვარდიოლასთან, მაურისიო პოჩეტინიოსთან და ჟოზე მოურინიუსთან. ინგლისში სამპაოლი დაესწრება “ტოტენჰემ” — “ევერტონს”, “ლივერპულ” — “მანჩესტერ სიტის”, “მანჩესტერ იუნაიტედ” — “სტოკს”, “ვესტ ჰემ” — “ბორნმუთს” და “მანჩესტერ სიტი” — “ნიუკასლს”. ინგლისში ბევრი არგენტინელი თამაშობს: სერხიო აგუერო, ნიკოლას ოტამენდი, ერიკ ლამელა, სერხიო რომერო, მარკოს როხო, მანუელ ლანსინი. “ევერტონის” რამირო ფუნეს მორის მწვრთნელი საქმეში ალბათ ვერ ნახავს, მაგრამ ის გამოჯანმრთელების გზაზე დგას და გასაუბრებას წინ არაფერი უდგას.
იტალიაში სამპაოლის მიზანი დიბალას, იკარდის და ბიგლიას ნახვაა, თუმცა ეს უკანასკნელი ბოლომდე ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. სერია A-ში თამაშობს აგრეთვე ცნობილი ცენტრ-თავდამსხმელი გონსალო იგუაინი, რომელიც გამორიცხული არ არის, რომ ნაკრებში დააბრუნონ. სამპაოლი დიდი ხანი არ არის რაც ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, მაგრამ ეგრეთწოდებული 9 ნომრის ამპლუაში უკვე სამი კაცი მოსინჯა: იკარდი, აგუერო და “ბოკა ხუნიორსის” 27 წლის ფორვარდი დარიო ბენედეტო, რაც იმას ნიშნავს, რომ ძიების პროცესი გრძელდება. იტალიაში “ალბისელესტეს” ხელმძღვანელები დაესწრებიან “იუვენტუს” — “ჯენოას” და “მილან” — “ლაციოს”.
ბოლო ქვეყანა კი, სადაც სამპაოლი და მისი ასისტენტები ჩავლენ, იქნება საფრანგეთი. აქ ისინი “პარი სენ ჟერმენისა” და “მონპელიეს” შეხვედრას დაესწრებიან. სანახავია ანხელ დი მარია, გიოვანი ლო სელსო და ხავიერ პასტორე.