ეგებ ახლა არც ფიქრობთ სპორტზე, არამედ გოჭზე, საცივსა და ღვინოზე.

შამპანურიც მომარაგებული გექნებათ და ამ დღეებში ალბათ ჭიქების, ბოკალების, კათხების და ყანწ-ფიალების აწევ-დაწევაში უფრო ვარჯიშობთ, ვიდრე სხვა რამეში. ეს იქნება ჩვენი სპორტი  ამ კვირაში…

წელიწადი კი მიილია და რა იყო იმ წელიწადში ყველაზე, ყველაზე, ყველაზე დასამახსოვრებელი?

რა თქმა უნდა, შავიც ბევრი იყო და თეთრიც. აბა ისე როგორ გამოვა? ცხოვრება ხომ სწორედ ასეთი რამეების ნაზავს წარმოადგენს?

სანტა კლაუსმა რამდენიც არ უნდა იქროლოს თავის მარხილით, რამდენ საკვამლე მილშიც არ უნდა ჩაძვრეს და რამდენი საჩუქარიც არ უნდა ჩაგვიდოს წინდაში, სპორტის მოყვარულებს მაინც სხვა საჩუქრები გვირჩევნია.

გასულ წელს გვქონდა ასეთი საჩუქარი: ეს ლაშა ტალახაძის მსოფლიო ჩემპიონობა და ზედ დაყოლებული რეკორდები იყო. ეს არის საჩუქარი და ღმერთმა ქნას რომ ასეთი მომავალშიც ბევრი გვქონდეს.

ხატება გოლიათისა, კაცისა, რომელიც მოვიდა და გაიმარჯვა – თქვენი არ ვიცი და ჩვენთვის ეს არის გალეული წლის ყველაზე შთამბეჭდავი სურათი. სურათი ბოლოსდაბოლოს გამარჯვებისა და მტკიცება იმისა, რომ გულის კარნახი არცთუ უბრალო რამ არის სპორტში.

ეს ამბავი, ამბავი ტალახაძის გამარჯვებისა შარშანდელი ამბავი გახდა, მაგრამ როგორც არ უნდა გაგრძელდეს ლაშას საფიცარნაგო თუ საზოგადო საძალოსნო საქმე, ამბავი უკვდავია…

ახალი წელი მოვიდა და ჩვენ კვლავ შარშანდელ ამბებს ვიხსენებთ.

ახალი წელი კი ახალი იმედია და კაცი ყოველთვის იმედის იმედადაა. ეგებ რაიმე შეიცვალოს ამ საქმეში?

ორი კვირაც არ იყო გასული თბილისის „დინამოს“ იმ დიდი გამარჯვებიდან, უბნის ბიჭები ბირჟაზე ვისხედით და ახალი თასი გვინდოდა და თან საფეხბურთო ჭორებსაც ვუცვლიდით ერთმანეთს.

და აი, ერთმა ჩვენმა ძმაბიჭმა ხმადაბლა თქვა: „ ეგ ისეთი ამბავია, რომ შვილიშვილებს მოვუყვებით. ასეთი რამე ას წელიწადში ერთხელ ხდება“. მას ესმოდა ფეხბურთი, საუცხოოდაც თამაშობდა. ასეთები მწვრთნელები ხდებიან, მაგრამ ის ბიზნესმენი გახდა.

ეს სიტყვები კი სამუდამოდ დაგვამახსოვრდა. ჩუმად თქვა, რომ საყოველთაო აჟიოტაჟი არ წაეხდინა და ახლა ახალ წელსა და იმედზე რომ ვფიქრობთ, სულ მისი ნათქვამი გვახსენდება. მძიმე ნათქვამია და დღევანდელ ვითარებაში არ არსებობს არგუმენტი, ამას რომ გააქარწყლებს.

მაგრამ, განა ოცნებას კაცი მოუკლავს?

განა ამ საახალწლოდ იმედი ფერმკრთალდება?

ნუ გაებუტებით გასულ წელს, მითუმეტეს, რომ არ იცით როგორი იქნება მომავალი.

თითოც ჩამოვასხათ! ან გოზინაყი ავახიოთ თეფშს ან ძმაბიჭებთან ერთად ერთი სიმღერა დავცხოთ?

რა დროს ეგეთებია? მსოფლიოს ყველაზე დიდი შეჯიბრი მალე დაიწყება.

წაიოცნებე, იმედს რქაწითელი დააყოლე და სოფელიც აშენდება.

ჩვენ კი, მაინც არა გვქონია ცუდი განვლილი წელიწადი.

ახალ წელს კი, ცხადია, გილოცავთ!

ბევრი გამარჯვება! ოცნებას კაცი არ მოუკლავს. ცოტა სხვა რამეც შევაშველოთ ჭიქის გარდა და ყველაფერი იქნება OK.