ჟოზე მოურინიუმ “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდას პოლ სქოულზს შეუტია. შურიანი უწოდა. ეს ახალ წელს, ლივერპულში, “გუდისონ პარკზე” “წითელი ეშმაკების” “ევერტონთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ მოხდა. საქმე ის არის, რომ სქოულზმა, სხვადასხვა დროს, რამდენჯერმე გააკრიტიკა “განსაკუთრებული”, მათ რიცხვში პოლ პოგბაში 89 მილიონი გირვანქის გადახდისთვის. თანხა, რომელიც “იუნაიტედმა” ფრანგ ნახევარმცველში გადაიხადა, სარეკორდოა.

იყო დრო, პოლ სქოულზი ამბობდა, მოურინიუ ის მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობითაც სიამოვნებით ვითამაშებდიო

“ევერტონთან” ორი ლამაზი გოლით მოგების შემდეგ ფრთაგაშლილმა პორტუგალიელმა თქვა: “ის რომ პოგბა სქოულზზე მეტ ფულს შოულობს მისი ბრალი არ არის. ფეხბურთი შეიცვალა. ის, რასაც სქოულზი ტელევიზიით აკეთებს, კომენტარი არ არის, ეს გახლავთ კრიტიკაა, კრიტიკა და კომენტარი კი სხვადასხვა რამაა. სქოულზი ისტორიაში შევა როგორც ფენომენალური მოთამაშე და არა როგორც კარგი მიმომხილველი. ხოლო თუ ის ოდესმე მწვრთნელობას გადაწყვეტს, ვუსურვებ ჩემი წარმატებების 25 პროცენტს მაინც მიაღწიოს. 25 ჯილდოს 25 პროცენტი ექვსია. ვფიქრობ, დიდებული შედეგი იქნება”.

შაბათს, “საუთჰემპტონთან” შინ ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ სქოულზმა თქვა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები დაღლილებს ჰგავდნენ. მოურინიუმ არც ეს ნათქვამი დაივიწყა:

“მეეჭვება, რომ ის ფეხბურთი, რაც “ევერტონთან” ვნახეთ დაღლილი ბიჭების ნათამაშევს ჰგავდა”, — თქვა მოურინიუმ.

პორტუგალიელის ირონიის კიდევ ერთი ობიექტი გახლდათ როკ-ვარსკვლავი, “ოაზისის” ლიდერი ნოელ გალაჰერი, რომელიც “მანჩესტერ სიტის” თავგადაკლული ფანია და დერბის შემდეგ, რომელიც “სიტიმ” 2:1 მოიგო, მოურინიუზე თქვა ფეხბურთის სამყაროში ყველაზე საძულველი კაციაო.

“დღეს მართლა კარგად ვითამაშეთ და იმედია როკენროლის მეფეები ახლა მაინც აღიარებენ ამას”, — ჩაიღიმა განსაკუთრებულმა.

ნოელ გალაჰერი