მადრიდულმა გაზეთმა “მარკამ” ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა: “2017 წლის 100 საუკეთესო” და აშკარად შემცბარი დარჩა — გაიმარჯვა “ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ.

ეტყობა, ჩვენი მკითხველის უმეტესობისთვის ინდივიდუალური თამაში გუნდურ წარმატებაზე მაღლა დგასო, დაწერა “მარკამ”. ფაქტია, 2017 წელს “რეალმა”, სადაც მეორე ადგილზე გასული კრიშტიანუ რონალდუ გამოდის, ხუთი დიდი ჯილდო მოიგო, მესის “ბარსელონამ” კი ტიტულები ვერ მოხვეტა, მაგრამ გულშემატკივარს გულმა მაინც არგენტინელისკენ გაუწია.

“მარკა” შეგვახსენებს, რომ მისი მკითხველისგან განსხვავებით, 2017 წელს ფიფამ და “ფრანს ფუტბოლმა” წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელეს. ამ ორ გამოკითხვაში მწვრთნელები, ფეხბურთელები და ჟურნალისტებიც მონაწილეობენ. კიდევ, გაზეთი დასძენს, რომ მესის 2018 წელს მთავარი საზრუნავი რუსეთში ელის — მსოფლიოს ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოლოს, რადგან ეს ჯილდო მის “დიდების დარბაზში” არ არის.

იქვე, “მარკა” აღიარებს, რომ მესისთან დაკავშირებით საკითხი ასე დგას: არის თუ არა ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.

„ამ სუპერვარსკვლავის ნიჭს ზედა ზღვარი არ აქვს” — წერს გაზეთი.